„საქართველოს ბანკი“ „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის“ შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„საქართველოს ბანკი“ „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის“ შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა“ გაეროს განვითარების პროგრამასთან და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით ხორციელდება.

„ნინას არტ რუმის“ დამფუძნებელი, ნინო შაკიაშვილი „საქართველოს ბანკის“ „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის“ ერთ-ერთი ბენეფიციარია. როგორც ის განმარტავს, ხელნაკეთ ნივთებსა და დეკორაციაზე მუშაობა 2012 წლიდან დაიწყო.

„ხელნაკეთ ნივთებსა და დეკორაციაზე მუშაობა 2012 წლიდან დავიწყე, თუმცა ხელოვნების სიყვარული და ნიჭი ბავშვობიდან მქონდა. თავიდან, როცა ეს საქმე დავიწყე, ბიზნესზე არც მიფიქრია, ნივთებს მხოლოდ მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის ვამზადებდი, პარალელურად ფოტოებს სოციალურ ქსელში ვაქვეყნებდი. ვხედავდი, ყოველი ახალი ნამუშევრის გაზიარებას დღითიდღე კიდევ უფრო მეტი მოწონება და გამოხმაურება ჰქონდა.

2014 წლის დასაწყისში ერთ-ერთ ჟურნალში ჩემი ნამუშევრების შესახებ პირველი სტატია დაიწერა, რამაც შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად დიდი სტიმული მომცა. აქედან დაიწყო აქტიური შეკვეთები, გაყიდვები, სხვა ინტერვიუები და გადავწყვიტე ამ საქმისთვის მეტი სერიოზულობით და პასუხისმგებლობით მომეკიდა ხელი. სწორედ ასე დაიბადა „ნინას არტ რუმი“, - აღნიშნავს „ნინას არტ რუმის“ დამფუძნებელი, ნინო შაკიაშვილი, რომელიც „საქართველოს ბანკის“ „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის ერთ-ერთი ბენეფიციარია.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა“ „საქართველოს ბანკის“ პროექტია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით ხორციელდება. ინიციატივა, თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების გაერთიანებით, 200 ქალი მეწარმის ციფრული უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

მათივე ცნობით, ნინომ, სწორედ აღნიშნული პროგრამა გაიარა, „რამაც სხვა პროექტებში მონაწილეობასთან ერთად, ბიძგი მისცა საკუთარი სახელოსნო და ონლაინ მაღაზია კიდევ უფრო მეტად გაეფართოებინა“.

ამასთან, განმარტავენ, რომ ის რუსთავიდანაა და უკვე თერთმეტი წელია, რაც პოლიმერულ თიხაზე მუშაობს.

„მომხმარებელს პოლიმერული თიხის ხელნაკეთ სამკაულებსა და აქსესუარებს ვთავაზობ, რომლებსაც ძირითადად ყვავილებისგან ვამზადებ. ნამუშევრები გამოირჩევა თავისი ბუნებრივი ვიზუალით, რომლებიც იმდენად თხელი და სიფრიფანაა - ერთი შეხედვით ძნელია დაიჯერო, რომ თიხისგან არის დამზადებული. თუმცა ამის მიუხედავად, საკმაოდ გამძლე, ხარისხიანი და მდგრადია. ვცდილობ ყოველი ახალი ნამუშევარი ბუნებრივთან მეტად მიახლოებული იყოს. თითოეული დეტალი ხელით მუშავდება, ფორმებისა და ყალიბების გარეშე. სწორედ ეს ხდის მას გამორჩეულს და უნიკალურს“, - აღნიშნავს ნინო შაკიაშვილი.

„საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოთხოვნიდან გამომდინარე, მეწარმეს პოლიმერულ თიხასთან ერთად დამატებით სხვა შერეული მასალის გამოყენებაც უწევს. მაგალითად, ისეთის, როგორიცაა: თვითშრობადი თიხა, ხე, მეტალი და სხვა მრავალი. ამასთან, განმარტავენ, რომ ნინო შაკიაშვილს სასწავლო კურსიც აქვს, სადაც სხვადასხვა ასაკის კატეგორიის ადამიანები იყრიან თავს.

„ექსკლუზიურ ნამუშევრებს თავად ვამზადებ, თუმცა, მყავს ნიჭიერი ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელსაც ვასწავლი. ისინი დიდი შეკვეთის შემთხვევაში მის დროულად და ხარისხიანად შესრულებაში მეხმარებიან“, - აღნიშნავს მეწარმე.

ამასთან, განმარტავენ, რომ ნინო შაკიაშვილს სამომავლოდ, ქალაქ რუსთავში მაღაზიის გახსნას და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს. შემდეგ კი, ქსელის სახით სურს ქვემო ქართლის რეგიონი სრულად მოიცვას. როგორც თავად გვეუბნება, ამისთვის „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამაში“ მონაწილეობით მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გამოიყენებს.

„რამდენიმე თვის წინ „საქართველოს ბანკის“ „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამაში“ მონაწილეობა მივიღე, სადაც საინტერესო ტრენინგი გავიარე. მომცეს სასარგებლო და საჭირო რჩევები, რომლებსაც სამომავლო გეგმების განხორციელებისთვის აუცილებლად გამოვიყენებ“, - ამბობს „ნინას არტ რუმის“ დამფუძნებელი, ნინო შაკიაშვილი.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა“, 2 თვის განმავლობაში, მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა კურსების, ტრენინგებისა და ქოუჩინგ სესიების სახით შეიძინონ ზოგადი და პროფესიული ცოდნა, მოიძიონ გრძელვადიანი პარტნიორები და მიიღონ 360°-იანი მხარდაჭერა იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა