ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მიიჩნევს, რომ საქართველოში მოქმედებენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ თბილისისა და ვაშინგტონის მრავალწლიან პარტნიორობას ძირი გამოუთხარონ.
როგორც ელჩმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, მსგავსი ჯგუფები სიცრუის განზრახ მრავალგზის განმეორებით, კგბ/ფსბ-ს კლასიკურ სტრატეგიას იზიარებენ და კრემლის დეზინფორმაციის სახელმძღვანელოს მიჰყვებიან.
რას ფიქრობს ელჩი ქებაზე, რომელიც ოფიციალურმა თბილისმა პუტინის რუსეთისგან დაიმსახურა, როგორ აფასებს ნაბიჯებს, რომლებიც 12 რეკომენდაციის შესასრულებლად იდგმება და როგორ უყურებს მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს, ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ვრცლად ინტერვიუში...
- პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხართ ჩართული ყველა იმ საკითხში, რომელიც საქართველოსთვის პოლიტიკურად და სოციალურად მნიშვნელოვანია და ეხმარებით ქვეყანას მისი სტრატეგიული მისწრაფებების მიღწევაში ევროკავშირისა და ნატო-სკენ მიმავალ გზაზე.
არ შემიძლია ჩვენი ინტერვიუ არ დავიწყო გადაწყვეტილებით, რომელიც ორი დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების შესახებ დაყენებულ შუამდგომლობაზე მიიღო. მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ შეცვალა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება, თანაც არა სტაბილურობისკენ, არამედ პირიქით. მსურს გკითხოთ, პოლიტიკური კონიუნქტურისა და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, რამდენად სწორი იყო გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით იქნა მიღებული?
- დიდი მადლობა ამ მნიშვნელოვანი კითხვისთვის. ცალსახად,ეს არის ძალიან სერიოზული სიტუაცია. ჩვენ ყველა ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. მე არ მინახავს ჯერ მოსამართლის გადაწყვეტილება, არ წამიკითხავს ის, მაგრამ როგორც მითხრეს, ხალხს გაუკვირდა, რომ გადაწყვეტილება ასე სწრაფად დადგა. ვფიქრობ, ისინი ელოდნენ მეტ განხილვას გადაწყვეტილების გამოტანამდე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, უკეთესია მოვიცადოთ და წავიკითხოთ მოსამართლის გადაწყვეტილება იქამდე, სანამ ამასთან დაკავშირებით კომენტარებს გავაკეთებდეთ.
- „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქესთან პოლიტიკური ანგარიშსწორება, უზრუნველყოს მისი უფლებების დაცვა და უკრაინას გადასცეს“- აღნიშნული განცხადება უკრაინის საგარეო უწყებამ გააკეთა. მსგავსი მოწოდებები ჩვენ მოვისმინეთ უშუალოდ უკრაინის პრეზიდენტისგანაც. პოლონეთი მზად არის უზრუნველყოს სააკაშვილის ტრანსპორტირება და მკურნალობა. ევროპარლამენტარებმა დებატებიც კი გამართეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ამ მოწოდებების ფონზე?
- ბუნებრივია, რომ უკრაინის ხელისუფლება ისაუბრებს თავისი მოქალაქის სახელით. აქედან გამომდინარე, არ მგონია, გასაკვირი იყოს, რომ მტკიცე განცხადებები მოვისმინეთ. ბევრი ქვეყნის პარლამენტის წევრია მსოფლიოს მასშტაბით, ვინც ამ საკითხს ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს და შეწუხებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობითა და კეთილდღეობით. ჩემი ქვეყნის ხელისუფლება ასევე შეშფოთებულია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენ ვნახეთ განცხადებები და შეფასებები სახალხო დამცველის ოფისის ან სხვების მხრიდან, რომლებიც აღნიშნავენ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ და როგორც მე ვიცი, საქართველოს ხელისუფლებამაც იცის, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა იმის უზრუნველყოფა, რომ მიხეილ სააკაშვილი იღებდეს იმ სახის მზრუნველობას, რომელიც მას სჭირდება. ჩვენ ვაგრძელებთ თხოვნას ხელისუფლებისთვის, რომ გადადგან საჭირო ნაბიჯები მისი უფლებების დასაცავად, ასევე ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვისთვის.
- სააკაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე შეაფასა მისთვის სასიკვდილო განაჩენის მისჯად. არ მსურს დრამატული სცენარების განვითარება, მაგრამ ვალდებული ვარ გკითხოთ - იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველაფერი ფატალურად დასრულდება, როგორი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების რეაქცია?
- კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ ჩვენ ამ ვითარებას ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს. ეს გადაწყვეტილება, დარწმუნებული ვარ,დიდი იმედგაცრუება იყო მიხეილ სააკაშვილისთვის და მისი ოჯახისთვის, რომელიც ძალიან განიცდის ამას. ჩვენ გავაგრძელებთ ხელისუფლების მიმართ დაბეჯითებით თხოვნას, რომ მან გადადგას აუცილებელი ნაბიჯები, რათა თავიდან იყოს არიდებული ვითარების იმაზე მეტად გამწვავება, ვიდრე უკვე არის და უზრუნველყოს სააკაშვილისთვის იმ სახის მკურნალობა, რომელიც მას სჭირდება.
- სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოსახლეობას გაბრაზებისკენ მოუწოდებს. ძალიან მალევე „ნაციონალურ მოძრაობაში“ პერმანენტული აქციები დააანონსეს არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონების მასშტაბით, რამდენიმე მათგანი უკვე ჩატარდა კიდეც. ამას დაემატა ის, რომ ოპოზიციის ნაწილი კვლავ ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო ცხოვრებას. რამდენად სწორად მიგაჩნიათ ოპოზიციის ეს ნაბიჯი? ხომ არ ფიქრობთ, რომ საზოგადოება დაიღალა ერთ წრეზე სიარულით, რომელიც აქციებსა და ბოიკოტს გულისხმობს?
- მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობას აქვს მშვიდობიანი პროტესტისა და საკუთარი აზრის მშვიდობიანი გზით გამოხატვის თავისუფლება და უფლება. მნიშვნელოვანია, რომ /პროტესტი, აზრის გამოხატვა/ იყოს მშვიდობიანი და ეს არის ქვეყანა, სადაც ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი გზაა, მაგრამ სხვა გზებიც არსებობს ამის გასაკეთებლად, მათ შორის პარლამენტში მუშაობა, ადგილობრივ ხელისუფლებაში მუშაობა.ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაა, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გამოიყენონ პარლამენტი, რომელსაც ისინი ქმნიან ბოლო 30 წლის განმავლობაში, განსხვავებული მოსაზრებების შეჯერებისა და საქართველოს მოსახლეობისთვის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. ეს არის ის, რასაც საქართველოს მოსახლეობა ელის. ისინი ელიან პოლიტიკური ლიდერების ერთობლივი მუშაობის შედეგებს გამოწვევების დასაძლევად და საქართველოს წინსვლისთვის. ჩვენ ხშირად არ გვინახავს საქართველოს პოლიტიკური ლიდერების ერთობლივი მუშაობა და ვიტყოდი, რომ ეს იმის გამო ხდება, რომ პარლამენტის შიგნით ვითარება რთული იყო და ამას ხშირად მივყავართ იქამდე, რომ ადამიანები ფიქრობენ, ერთადერთი ფორმა, რომლითაც მათ შეუძლია საკუთარი შეხედულებების გამოხატვა, არის მშვიდობიანი პროტესტი.
- ამ ყველაფრის პარალელურად, საქართველოს აქვს მიცემული დავალება ევროკავშირის მხრიდან და ეს დავალება 12 პუნქტისგან შედგება. როგორც იცით, ევროკავშირმა გამოაქვეყნა შეფასება საქართველოს კანონმდებლობის EU-თან თავსებადობის შესახებ და მმართველი პარტიის წევრებმა საკმაოდ ოპტიმისტურად აღიქვეს ევროსტრუქტურის შეფასება. მინდა თქვენ გკითხოთ როგორც ამ პროცესის ერთ-ერთ გულშემატკივარს, რა გაჩვენათ ევროკომისიის შეფასებამ? იძლევა თუ არა ეს იმგვარი ოპტიმიზმის საფუძველს, როგორიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაინახეს, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღებას იმსახურებს?
- დავიწყებ იმით, რომ დაკვეთა 12 პუნქტთან დაკავშირებით და საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რეალურად ქართველი ხალხისგან მომდინარეობს. ხალხისგან, რომელმაც ძალიან ნათლად განაცხადა, რომ მათი არჩევანი არის ევროპული მომავალი. საქართველოში ყველა ლიდერმა ინტენსიურად უნდა იმუშაოს რეფორმებზე, რომელიც მოთხოვნილია კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ყველამ უნდა იმუშაოს ამის მისაღწევად, რადგან ამას მოჰყვება ძალიან დიდი სარგებელი ოჯახებისთვის, ახალგაზრდებისთვის, მეწარმეებისთვის და ყველასთვის. ევროკავშირთან დაახლოება ნიშნავს უფრო მეტ კეთილდღეობასა და უფრო მეტ უსაფრთხოებას ,სწორედ ამიტომ საქართველოს მოსახლეობა ათწლეულების, თუ არა საუკუნეების განმავლობაში, ძალისხმევას არ იშურებდა ევროპული მომავლისთვის, ამ ევროპულ ოჯახთან ინტეგრაციისთვის, რომლის ნაწილი საქართველო ყოველთვის იყო. ვფიქრობ, რომ გარკვეული პროგრესის მიღწევა გახდა შესაძლებელი, თუმცა ევროკავშირისგანაც მოვისმინეთ, რომ კიდევ მეტი სამუშაოა ჩასატარებელი. ეს არ არის მხოლოდ ვალდებულებების ფორმალურად შესრულების პროცესი, ეს არის პროცესი ევროკავშირისთვის და ქართველი ხალხისთვის იმის საჩვენებლად, რომ ხელისუფლება და ქართველი ლიდერები პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებს, საქართველოს ძლიერ დემოკრატიას და დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ამას ელიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები - საქართველო ჩვენნაირია? აქვს საქართველოს ისეთივე თავდადება თავისუფლების, ღირებულებების, პრინციპებისა, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ.ეს არის, რაც აერთიანებს ევროკავშირის ოჯახს და აქედან გამომდინარე, ყველა, ვინც აპირებს გახდეს ამ ოჯახის ნაწილი, უნდა იზიარებდეს იმავე პასუხისმგებლობებს, ღირებულებებსა და პრინციპებს.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ უფრო მეტი სამუშაოს გატარებაა აუცილებელი. თუ შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, რა არის ის მიმართულებები, რომელთა შესრულებაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას ?
- უკეთესია ეს კითხვა დავტოვოთ ევროკავშირისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ მათ უნდა შეაფასონ, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს სჭირდება მეტი ერთიანობა, მეტი ინკლუზიური პროცესები, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, რაც წარმოაჩენს, რომ ერთიანი და არა გაყოფილი საქართველო მუშაობს კანდიდატის სტატუსისთვის. ეს იქნება ძალიან ძლიერი გზავნილი არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვისაც.
- რამდენად მოდის შესაბამისობაში საქართველოს სტრატეგიულ მისწრაფებებთან ის კრიტიკა, რომლითაც გასული წლიდან მოყოლებული საქართველოს ხელისუფლება მისი სტრატეგიული პარტნიორების მისამართით გამოირჩევა. კრიტიკისა და თავდასხმის ობიექტი თქვენ თავად ყოფილხართ, ამიტომ მინდა გთხოვთ, შეაფასოთ ის ტენდენცია, რომელიც აგერ უკვე მეორე წელია სახეზეა?
- ბუნებრივია, რომ ჩვენ გვექნებოდა აზრთა სხვადასხვაობა პარტნიორობის იმ ხნის განმავლობაში, რომელიც ჩვენ გვაქვს. ვფიქრობ, ორივე ქვეყანას გვაქვს გამონათქვამი, რომ ჭეშმარიტება იბადება კამათში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა, განვიხილოთ ჩვენი განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ეს დისკუსია პატივისცემის ფარგლებს არ უნდა გასცდეს. უნდა შეგვეძლოს ერთმანეთის განსხვავებული პოზიციების გაგება.უნდა არსებობდეს პატივისცემა სიმართლისა და ფაქტებისადმი. ჩვენ ვიცით. რომ არსებობს ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ჩვენს პარტნიორობას ძირი გამოუთხარონ, შექმნან დაბნეულობა და დაყოფა მიზანმიმართულად იმის გამეორებით რაც თავადვე იციან, რომ ტყუილი და დეზინფორმაციაა. ეს კლასიკური კგბ/ფსბ სტრატეგიაა და ვფიქრობ, ქართველებმა ეს აქამდეც ბევრჯერ ნახეს. ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესი საკითხი აქ არის ის, რომ ყველაფერი, რაც აქ გავაკეთეთ არის შენება ერთად. საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბოლო 30 წელი იმუშავა უფრო ძლიერი ეკონომიკის, ძლიერი უსაფრთხოების, ძლიერი სანაპირო დაცვისა და სასაზღვრო პოლიციის, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნისა და შენებისთვის, რაც არის საფუძველი იმგვარი საზოგადოებისა და ქვეყნისა, როგორშიც საქართველოს მოსახლეობას სურს ცხოვრება. სწორედ ამისკენაა მიმართული ჩვენი ძალისხმევა და უკან ვტოვებთ მათ, ვინც ცდილობს შექმნას დაბნეულობა, გახლეჩილობა და ვინც რეალურად მიჰყვება კრემლის დეზინფორმაციების სახელმძღვანელოს.
- ზოგადად, მინდა გკითხოთ საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობაზე. როგორი იქნება თქვენი შეფასება და თუ შეგიძლიათ დააკონკრეტოთ ის ფინანსური დახმარება, რომელიც აშშ-მა მიმართა საქართველოს სხვადასხვა სექტორისკენ ამ 30-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში?
- ჩემთვის უდიდესი პატივია წარმოვადგენდე ამერიკელ ხალხს საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც არის ასე მჭიდრო და მნიშვნელოვანი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის 30 წლის განმავლობაში. მე მომეცა შესაძლებლობა გამეგრძელებინა ის, რაც ამერიკელებმა და ქართველებმა აშენეს ბოლო 30 წლის განმავლობაში და რაც თითქმის ყველა სექტორს მოიცავს. როდესაც მე აქ ჩამოვედი, COVID-ი გვიტევდა. მიუხედავად რთული სიტუაციისა, შესანიშნავი იყო,რომ შევძელით საქართველოს მთავრობასთან ასე მჭიდრო თანამშრომლობა და ჩვენი დახმარების გადამისამართება, რათა ვირუსის შესახებ ინფორმაცია მიგვეწოდებინა საქართველოს მოსახლეობისთვის, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებისთვის, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ მათ აქვს შესაბამისი ინფორმაცია ქართულ და მათ მშობლიურ ენებზე. მოხარულები ვიყავით, რომ შევძელით საქართველოსთვის 500 000 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინის მიწოდება კრიტიკულ მომენტში, ქართველი ხალხის პანდემიისგან დასაცავად. ეს ერთი-ერთი ბოლო მაგალითია იმისა, რისი გაკეთებაც შევძელით, თუმცა შეგიძლიათ გადახედოთ ნებისმიერ სექტორს და დაინახავთ, რომ შეერთებული შტატები მუშაობდა ან მუშაობს ქართველ პარტნიორებთან და საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ადამიანებისთვის ცხოვრების უკეთესი ხარისხის შესაქმნელად. იქნება ეს სკოლები, რომლებსაც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დახმარებით განახლდა ან ინსტიტუციები, სადაც მიმდინარეობს მასწავლებლების გადამზადება, USAID ისმიერ. იქნება ეს საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერება, რათა მათ საქართველოს საზღვრების უკეთ დაცვა შეძლონ, სასაზღვრო პოლიცია, სანაპირო დაცვა, თუ მეწარმეების ხელშეწყობა თავიანთი ბიზნესის გაფართოებასა ან ბიზნესის წამოწყებაში.
ახლახან შევხდი არაჩვეულებრივ ქალ მეწარმეებს ონსა და ხულოში, რომლებიც იწყებენ საკუთარ ბიზნესს, ასაქმებენ ოჯახის წევრებს და ასაქმებენ ადამიანებს თავისი თემიდან. ეს არის წვლილი საბაზისო დონეზე, მაგრამ ეს, ასევე, ემსახურება საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას. როდესაც თვალს მოვავლებთ ირგვლივ და ვხედავთ, თუ რა გააკეთა საქართველომ იმ მხარდაჭერით, რომელსაც ჩვენ ვაწვდით, ძალიან ვამაყობთ, რომ საქართველოს პარტნიორები ვართ.
- მსურს კიდევ ერთ საკითხზე გავამახვილო თქვენი ყურადღება - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკვე არაერთხელ მოიწონა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ოფიციალური თბილისი არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. რუსეთის პირველი დიპლომატი უფრო შორსაც წავიდა და აღნიშნა, რომ საქართველო მამაცურად უმკლავდება დასავლეთისგან მომავალ წნეხს. როგორ ფიქრობთ, რა არის სერგეი ლავროვის მიზანი, როცა ამ ტიპის განცხადებებს აკეთებს?
- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი დიდი სანდოობით არ სარგებლობს. ეს წლებია ასეა, თუმცა ეს კარგი მაგალითია იმის, თუ რა სურს რუსეთს. რუსეთს სურს სუსტი და მასზე დამოკიდებული პარტნიორები. თუ ირგვლივ მიმოიხედავთ, დაინახავთ ვინ არიან რუსეთის პარტნიორები, ისინი არიან სუსტები და რუსეთზე დამოკიდებულები. ის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ერთად 30 წლის განმავლობაში ქმნიდა არის ძლიერი, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც აქვს უნარი დაიცვას საკუთარი თავისუფლება და საკუთარი ეკონომიკა.
საქართველომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით ის პოზიცია დაიკავა, რომელიცმოსახერხებელია მისთვის. ჩვენ თავიდანვე გაგებითა და გულისხმიერებით მოვეკიდეთ იმას, რომ საქართველო სენსიტიურ მდგომარეობაშია, მისი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ჩვენი დისკუსია საქართველოსთან ყოველთვის შეეხებოდა იმას, თუ რა არის კომფორტული საქართველოსთვის უკრაინის დასახმარებლად. -ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც ქართველმა ხალხმა და ხელისუფლებამ ასე გულუხვად გაიღო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სამრეწველო გენერატორები, რომლებიც ხელისუფლებამ გაგზავნა, უკრაინისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. აგრეთვე, საქართველო თავიდანვე ასრულებდა საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს. გაქვთ ძალიან კარგი ეროვნული ბანკი და ძალიან პროფესიონალი ფინანსთა სამინისტრო. ისინი უზრუნველყოფენ საქართველოს შესაბამისობას საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან. ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება რომ ისინი არ იცავენ სანქციებს.
არის უზარმაზარი რაოდენობის ტვირთი, რომელიც შემოედინება და გაედინება ჩვენს საზღვრებზე. არა მგონია, ვინმემ ასპროცენტიანი დარწმუნებით თქვას, მაგრამ ვფიქრობ, რაც ჩვენ ვნახეთ ათწლეულების განმავლობაში საბაჟო სამსახურთან და სასაზღვრო პოლიციასთან მუშაობისას არის ის, რომ მათ აქვთ სათანადო ცოდნა, ტრენინგი, და აღჭურვილობა, იციან რას აკეთებენ და როგორც შეუძლიათ საუკეთესოდ აკეთებენ ამ ვითარებაში.
- ბოლო პერიოდის განმავლობაში გააქტიურდა საუბრები იმასთან დაკავშირებითაც, რომ შესაძლოა, რუსეთთან ორმხრივი ფრენები განახლდეს. ჩვენ უკვე ვიხილეთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ასეთ შემთხვევაში კომპანიებს სანქციები დაუწესდებათ. სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის განცხადებაში ისიც აღნიშნა, რომ ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის. თქვენ, როგორც აშშ-ს წარმომადგენელი საქართველოში, ხედავთ რუსეთთან ჩართულობის გაზრდის მცდელობებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ?
- ალბათ, უკეთესია ეს კითხვა ხელისუფლებისკენ იყოს მიმართული, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ახლა ის დროა, როდესაც ქვეყნები რუსეთს შორდებიან. ეს გარიყული ქვეყანაა. არავინ ესწრაფვის რუსეთთან დაახლოებას ახლა. საქართველომ წლები დახარჯა იმისათვის, რომ რუსეთზე დამოკიდებულება შეემცირებინა, იქნებოდა ეს ენერგეტიკა თუ ვაჭრობა და საკმაოდ კარგ პროგრესსაც მიაღწია ამ მხრივ. საქართველოს არ სჭირდება რუსეთი საკუთარი საქონლის გასაყიდად. ბევრი სხვა ბაზარია, სადაც საქართველო წარმატებით გავიდა. საქართველო ასევე იზიდავს ტურისტებს მთელი მსოფლიოდან. ის არ არის დამოკიდებული რუს ტურისტებზე, ასე რომ, არასწორია ვიფიქროთ, რომ საქართველო რუსეთზე არის დამოკიდებული. არ არის. და როგორც უკვე ვთქვი, ეს არის ის, რაზეც ჩვენ ერთად ვმუშაობდით საქართველოს სხვა მეგობართან ერთად, რათა დავხმარებოდით საქართველოს, შეემცირებინა დამოკიდებულება ისეთ ქვეყანაზე, როგორიც რუსეთია, რომელიც ამას მხოლოდ იმისთვის იყენებს, რომ ქვეყანა სუსტი, მასზე დამოკიდებული გახადოს და ეს გამოიყენოს ქვეყნის წინააღმდეგ, როდესაც ეს სჭირდება ან უნდა. ეს არ არის ის მდგომარეობა,რომელშიცსაქართველოს ან ნებისმიერ სხვა ქვეყანასყოფნასურდეს.
- „ახლა საქართველოში არის ხელისუფლება, რომელიც დასავლეთის უპრეცედენტო წნეხის, სანქციებთან შეერთებისა და„მეორე ფრონტის გახსნის“ მოთხოვნის საპასუხოდ ამბობს, რომ ხელმძღვანელობს ეროვნული ინტერესებით“,- ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა, რაც ადასტურებს იმას, რომ სპეკულაციებმა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით არც 2023 წელს დაკარგეს აქტუალობა და ასახვა რუსულ პროპაგანდისტულ რიტორიკაშიც პოვეს. თქვენ საჯარო განცხადებებით არაერთხელ სცადეთ საქართველოს ხელისუფლების დარწმუნება, რომ ვაშინგტონისა და ბრიუსელის მიზანი არანაირად არ არის საქართველოზე ომის ტალღის გავრცელება. მინდა გკითხოთ, დახურულ კარს მიღმაც თუ გაქვთ მცდელობა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ამაში დაარწმუნოთ ?
- საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენ არასდროს მოგვიხდენია ზეწოლა, რომ საქართველო ამ ომში ჩართულიყო. ერთადერთი მსჯელობა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით გვქონია,არის ის, თუ რა სახის დახმარების გაწევა იქნებოდა საქართველოსთვის კომფორტული. ჩვენ ვაფასებთ იმ ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყო და ჩვენ ვაფასებთ საერთაშორისო ფინანსური სანქციების შესრულებას. ჩვენ არასდროს მოგვიხდენია საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა, რომ ორმხრივი სანქციები დაეწესებინა ან რამე სხვა გაეკეთებინა.
აქ სასწორზე დევს უკრაინის უნარი დაიცვას საკუთარი იდენტობა, სუვერენიტეტი და ტერიტორია. ამერიკის შეერთებული შტატები კოორდინირებას უწევდა მხარდაჭერას, რომელიც დაეხმარებოდა უკრაინას თავისი იდენტობის, ტერიტორიისა და სუვერენიტეტის დასაცავად. ჩვენ ვთხოვეთ ჩვენს ყველა პარტნიორსა და მოკავშირეს, შეეტანათ წვლილი, რომელიც მათთვის მისაღები იქნებოდა. ეს სხვაგვარი დეზინფორმაცია გავრცელებულია, მათ მიერ, ვინც ცდილობს ქართველების დაბნევას და ვინც ცდილობს ამ ქვეყნის კიდევ უფრო მეტად გახლეჩას, მათ მიერ, ვინც ცდილობს ძირი გამოუთხაროს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ ხანგრძლივ პარტნიორობას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველოს მეგობრებმა 30 წელი დახარჯეს იმისთვის, რომ დახმარებოდნენ საქართველოს აეშენებინა ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება, რომელსაც აქვს საკუთარი იდენტობა და სუვერენიტეტი. ჩვენ გვსურს დავეხმაროთ საქართველოს დაიცვას საკუთარი იდენტობა, ისევე როგორც ვცდილობთ დავეხმაროთ უკრაინას.
- მინდა კიდევ ერთი საკითხს შევეხედოთ, რომელიც მედიას შეეხება. როგორც უკვე იცით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტში აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვის რეგულაციების დაწესების შესახებ. ის ასევე ითვალისწინებს სანქციებს მათთვის, ვინც დაარღვევს კონკრეტული ქცევის წესების. მესამე სექტორმა, ისე როგორც ოპოზიციურმა პარტიებმა პაპუაშვილს საკუთარი ბრძანების გაუქმებისკენ უკვე მოუწოდეს, რადგან, მათი შეფასებით, ჟურნალისტების ქცევის რეგულაციებში მოქცევის მიზანი მედიის საქმიანობის შეზღუდვაა. თქვენ რამდენად აფასებთ ჟურნალისტების მიმართ შემოღებულ რეგულაციებს მედიის საქმიანობაში ჩარევად?
- მე არ მინახავს, რას გვთავაზობს სპიკერი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ ის, რასაც ის გვთავაზობს, არამედ როგორ განხორციელდება. როგორც ჟურნალისტმა, მე ვიცი, რომ არსებობს ჟურნალისტების აკრედიტაციის პროცესი და ეს ზოგჯერ შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს, თუ ეს არ გამოიყენება ცენზურისთვის ან მედიაორგანიზაციების არდაშვებისთვის. ვნახოთ, რას გულისხმობს სპიკერი და განხორციელდება თუ არა ის ისე, რომ უზრუნველყოს ქვეყანაში მძლავრი მედიასაშუალებების ფუნქციონირება.
სალომე აბულაშვილი
„ინტერპრესნიუსი“