საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი მოზარდების აღზრდის პროცესში რელიგიისა და კულტურული ასპექტების გამოყენების შესაძლებლობებს იკვლევს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თეოლოგიის მიმართულების დოქტორანტი თინათინ დეკანოიძე სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი მოზარდი ბენეფიციარების აღზრდა-განვითარების პროცესში, მათი, როგორც პიროვნების ფორმირებაში, რელიგიისა და კულტურული ასპექტების გამოყენების შესაძლებლობებს იკვლევს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოქტორანტის კვლევის - „რელიგიისა და კულტურის როლი მოზარდის აღზრდა-განვითარების პროცესში“, ხელმძღვანელი მეუფე ანანია ჯაფარიძეა.

როგორც დოქტორანტი თინათინ დეკანოიძე აცხადებს, კვლევა დაფუძნებულია პირად პრაქტიკაზე, დაკვირვებაზე, რა დროსაც მან შეისწავლა ცალკეული შემთხვევები. კვლევამ აჩვენა, რომ 26 ბენეფიციარიდან 21 წარმატებული აღმოჩნდა.

„2008 წელს, გაუქმებამდე, ვმუშაობდი ბავშვთა სახლ „სათნოებაში“, სადაც სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბენეფიციარები ცხოვრობდნენ. მუშაობის პროცესში გამოიკვეთა, რომ ჩვენს მიერ ბენეფიციარებისთვის შექმნილმა გარემომ მათზე იმოქმედა დადებითად. რაში მდგომარეობდა ცვლილებები? შევკარით გუნდი, რომლის წევრთა შერჩევა მოხდა პიროვნული ღირებულებების მიხედვით. ჩვენი მიზანი იყო, ბავშვებს მაგალითი აეღოთ ამ ადამიანებისაგან. ბენეფიციართა უმრავლესობას ჰქონდა ასოციალური ქცევა, არაჯანსაღ გარემოში იზრდებოდნენ და იყვნენ აგრესიულები. ჩვენ შევძელით გარემოს შეცვლა. დროთა განმავლობაში ყოველგვარი ძალდატანების გარეშე პირადი მაგალითითა და სიყვარულის ენით, ჰუმანური საუბრებით 26-დან 21 ბავშვი ჩამოყალიბდა ზნეობრივად ჯანსაღ ადამიანად, რომელთა უმრავლესობამ შექმნა ოჯახი, დაეუფლნენ პროფესიას და დღეისათვის არიან რეალიზებულნი. მინდა ერთი ბენეფიციარის ნათქვამი მოვიყვანო მაგალითად, რომელმაც გვითხრა რომ „სათნოებაში“ მოსვლის დღე იყო მისი დაბადების დღე, რომ ის აქ თავიდან დაიბადა“, - აცხადებს თინათინ დეკანოიძე.

როგორც დოქტორანტი ამბობს, ბენეფიციართა უმრავლესობა 15 წლამდე ასაკის, სხვადასხვა აღმსარებლობის მოზარდები იყვნენ.

„დაკვირვებამ ცხადყო, რომ რელიგია მნიშვნელოვან პოზიტიურ როლს თამაშობს სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფ ბავშვთა ცხოვრებაში. ის უზრუნველყოფს სოციალურ-ფსიქოლოგიურ დახმარებას. ჩემი აზრით, ამ მხრივ, მიზანშეწონილია ბენეფიციართა აღზრდის პროცესში გამოყენებულ იქნას რელიგიურ-კულტურული ასპექტები, რათა განმტკიცდნენ სულიერად და მორალურად, ჰქონდეთ პიროვნული მზაობა დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყებად. ამავდროულად, არ უნდა დაირღვეს არასრულწლოვანის არჩევანის თავისუფლება. სასარგებლო იქნება ახალგაზრდების ცოდნის გაზრდა შესაბამისი რელიგიური კულტურის საფუძვლების, ასევე მათი ტრადიციების და ეთნიკური ისტორიის შესწავლით, ვინაიდან სოციოლოგიური კვლევების მიხედვით 23.3%-მა ბენეფიციარმა არ იცის საკუთარი ერის ისტორია, ტრადიცია და რელიგიის ძირითადი დებულებები. თუ ჩვენ მივაღწევთ მიზანს და ბენეფიციარებისთვის ეს პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება, რომლის ფარგლებშიც ბავშვები მიიღებენ სათანადო განათლებასა და აღზრდას, ამ შემთხვევაში 20 წელიწადში მივიღებთ თაობას, რომელიც რადიკალურად შეცვლის რეალობას, ჯანსაღი ღირებულებებით და ქვეყნის ინტერესების დაცვით წარმართავს საქმიანობას. სწორედ ეს საკითხებია თემის - „რელიგიისა და კულტურის როლი მოზარდის აღზრდა-განვითარების პროცესში“ მთავარი მიზანი“, - აცხადებს თინათინ დეკანოიძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ივანე ჯაგოდნიშვილის განცხადებით დოქტორანტ თინათინ დეკანოიძის კვლევის თემა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა.

„მნიშვნელოვანია, რომ დოქტორანტის კვლევა რეალობაზეა დაფუძნებული. თინათინ დეკანოიძე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფ მოზარდებთან და ძალიან კარგი შედეგიც მიიღო. იმ დროს, როცა დოქტორანტმა ბენეფიციარებზე დაკვირვება დაიწყო, მოზარდებთან ვერ მუშაობდნენ ფსიქოლოგები, ამ ინსტიტუტის თითქმის არარსებობის გამო და აღმზრდელის პროფესიაც არ არსებობდა, თინათინმა თითქმის შეუძლებელი შეძლო. ამ ფონზე, დღეს, როცა ფსიქოლოგიც ჩართულია მოზარდებთან მუშაობაში და აღმზრდელებიც, იმ შედეგის, რაც თინათინმა მიიღო, გათვალისწინება ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში საზოგადოების რიგებს შეავსებს რეალიზებული, კარგად აღზრდილი ადამიანები, რომელთაც, სამწუხაროდ, ბავშვობა მშობლების გვერდით ვერ გაატარეს. ვფიქრობ, სწორედ ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანიც. წარმატებებს ვუსურვებ დოქტორანტს“, - აცხადებს პროფესორი ივანე ჯაგოდნიშვილი.

გიორგი ანთაძე - თუ ასე გაგრძელდა, დასავლეთთან ურთიერთობების აღდგენას და სათანადო რელსებზე დაბრუნებას დიდი დრო შეიძლება დასჭირდეს, ან კიდევ სულაც წარმოუდგენლად გართულდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.07.2024
რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
უპრეცედენტო პირობები Renault Captur-ის ახალი ავტომობილის შეძენისას
თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს
ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია