ჩემთვის „პალიტრა მედიაში“ ვიზიტი ძალიან საინტერესო იყო და ასევე საინტერესოა იმ სხვადასხვა აქტივობის გაცნობა, რაც ამ ერთი ქოლგის ქვეშ ხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადიმ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა.
„მე, პირადად, ვარ „ინტერპრესნიუსის“ მკითხველი. მისი ინგლისურენოვანი აპლიკაციის აქტიური მომხმარებელი ვარ. ძალიან სასარგებლოა და მეხმარება იმის გაგებაში, თუ რა ხდება. ასე რომ, „პალიტრა მედიაში“ ვიზიტი და მისი მუშაობის გაცნობა ძალიან მომხიბლავი და საინტერესო იყო“, - აღნიშნა ელჩმა.
მან თავისუფალი მედიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტიკა არის მეოთხე ხელისუფლება.
„ვფიქრობ, თავისუფალი მედია ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ „კონტროლისა და ბალანსის“ პრინციპზე და ხელისუფლების სამ შტოზე: აღმასრულებელზე, საკანონმდებლოსა და სასამართლოზე, მაგრამ ჩვენ ასევე ვუმატებთ მეოთხე ხელისუფლებას, არსებობს მეოთხე ხელისუფლება, რომელიც არის ჟურნალისტიკა.
მე ვარ ქვეყნიდან, სადაც მედია არის ძალიან, ძალიან დამოუკიდებელი. ვფიქრობ, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მოხდეს საკითხების ღიად განხილვა, უკეთესი გამჭვირვალობისთვის. თავისუფალი მედია არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ელჩმა.