პროკურატურამ ბადრი ესებუას კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებულ ძებნილ ბადრი ესებუას კიდევ ერთი ბრალი - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის ფაქტზე წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულს დაკავებისას „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. პასპორტი და რუსული რუბლი აღმოაჩნდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, „საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრის და იქ მყოფი პირების მძევლად აყვანის სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილი პირი, წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

ბრალდებულს დაკავებისას „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. პასპორტი და რუსული რუბლი აღმოაჩნდა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბრალდებული, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის"ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანა. ბანკის ფილიალში მყოფი თავდამსხმელის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მოხდა სამართალდამცველების მობილიზება. პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, მოხდა მძევლების გათავისუფლება. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ბრალდებულს 2020 წლის 27 ნოემბერს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება სსკ-ის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი), სსკ-ის 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით), სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება) და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

რაც შეეხება „საქართველოს ბანკზე" თავდასხმის სისხლის სამართლის საქმეს, სასამართლოში არსებითი განხილვა მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - ხელისუფლება საზოგადოებასთან ბოლომდე გულწრფელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 22.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო