ცესკო-ს თავმჯდომარე - ქვეყნის მასშტაბით ტექნოლოგიების საშუალებით არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ფაქტობრივად ყველას ექნება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი განმარტავს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რა ტიპის უბნებზე ჩატარდება არჩევნები ელექტრონულად.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, მომავალი საპარლამენტო არჩევნები უბნების 90 პროცენტზე სწორედ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ისაუბრა.

„ ეს არის იმ საარჩევნო რეფორმის გაგრძელება, რომელიც ბოლო პერიოდში, დეკემბრის თვეში საკანონმდებლო ცვლილების სახით იქნა მიღებული და ვენეციის კომისიის მიერ პოზიტიურად არის შეფასებული, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობა ამომრჩეველთა არანაკლებ 70%-სთვის უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. კანონმდებელმა სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ცესკო-ს მისცა უფლებამოსილება იმის თაობაზე, რომ 70%-მდე შევსების შესაძლებლობა ჰქონოდა. ჩვენ დავიწყეთ ინტენსიური სამუშაოები, რაშიც ჩართული იყო ფაქტობრივად, საარჩევნო კომისიის ყველა წევრი, ცესკო-ს აპარატი იმისთვის, რომ ყველა საარჩევნო უბანზე განგვეხორციელებინა შეფასება, ანალიზი იმისთვის, რომ არათუ სიის სახით შეგვექმნა გარკვეული ჩამონათვალი გარკვეული უბნების, რომელიც 70%-იან დაფარვას უზრუნველყოფდა, არამედ ყოფილიყო მკაფიო კრიტერიუმები, რომ არ ყოფილიყო კითხვის ნიშნები ამ საკითხთან დაკავშირებით. მასშტაბურმა სამუშაოებმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ მთელი რიგი დამატებითი კრიტერიუმები შეგვექმნა და ჩამოგვეყალიბებინა იმისთვის, რომ აღნიშნული უბნების განსაზღვრის შესაძლებლობა გვქონოდა. ასევე, ყველა საარჩევნო უბანზე ყოფილიყო ტექნოლოგია გამოყენებული.

ყველა თვითმმართველი ქალაქი - 5 თვითმმართველ ქალაქზე არის საუბარი, ყველა ადმინისტრაციული ცენტრი, არის ის კრიტერიუმი, რომელიც კანონმა თქვა იმპერატიულად, რომ უპირობოდ უნდა ჩატარდეს ტექნოლოგიური ინტერვენცია, დაახლოებით ამომრჩეველთა 56%-ზე იყო საუბარი. ამის მიღმა, კანონმა თქვა, რომ ძნელად მისადგომ ადგილებში, გამონაკლის უბნებში, საზღვარგარეთის უბნებში, ეს ტექნოლოგიები არ გამოყენებულიყო, მაგრამ ასევე განსაზღვრა იმის შესაძლებლობა, რომ უბნების გაერთიანების შედეგად, ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა გვქონოდა. ამასთანავე, განსაზღვრა ამომრჩეველთათვის მაქსიმალური რაოდენობა, რომელსაც არ უნდა აღემატებოდეს უბნების გამსხვილების შედეგად ამომრჩეველთა რაოდენობა. ჩვენ ავიღეთ ბოლო არჩევნებში ვიდეოფიქსაციის შედეგად გამოყენებული კრიტერიუმი. დავიწყეთ ოლქის განთავსების ადგილიდან რადიუსის განსაზღვრა რამდენიმე კილომეტრით. ამ კილომეტრის ზრდა ვერ უზრუნველყოფდა 70%-მდე შევსებას, ამ კილომეტრის 20 კილომეტრამდე განსაზღვრით ჩვენ ფაქტობრივად მოგვეცა შესაძლებლობა, რომ არათუ 70%-იან საკანონმდებლო დანაწესისთვის გამოხმაურება გაგვეკეთებინა, არამედ 90%-მდე მივედით, რაც ფაქტობრივად, ნიშნავს იმას, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველას ექნება არჩევნებში ტექნოლოგიების მეშვეობით მონაწილეობის შესაძლებლობა“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

მისი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეს გადაწყვეტილება არის უპრეცედენტო.

ამასთან, როგორც გიორგი კალანდარიშვილმა განმარტა, არჩევნების „ტრადიციული მეთოდით ჩატარება არ ნიშნავს იმას, რომ იქ რაიმე შავდება“.

„დარჩენილი 10-11% არცერთ შემთხვევაში არ უნდა გახდეს სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მხრიდან სამანიპულაციო საკითხი. ის, რომ არჩევნები ტრადიციული მეთოდით ტარდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ რაიმე შავდება. მეტსაც გეტყვით, ტრადიციულ მეთოდს აქვს ასევე თავის ბერკეტები, თავისი გარანტიები იმისთვის, რომ შედეგები და ზოგადად, კენჭისყრის მიმდინარეობა დაცული იყოს. ტექნოლოგიურ ინტერვენციას აქვს თავისი დადებითი მხარე, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ტრადიციულისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად აზღვევს ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ შეცდომებს, მნიშვნელოვნად ამარტივებს შეცდომებს. შესაბამისად, ამიტომაც არის პრიორიტეტული ასეთი მასშტაბური ინტერვენცია და არა ის, რომ არატრადიციულს თითქოს რაიმე პრობლემები აქვს ან სათანადო სტანდარტებით არჩევნების ჩატარებას ვერ უზრუნველყოფს“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას საზოგადოებას ენდობა მიუხედავად იმისა, რომ არის რეპუტაციის შელახვის არაერთი მცდელობა.

„საარჩევნო ადმინისტრაციის ნდობასთან მიმართებით განხორციელებულ კვლევებს თუ შეხედავთ, ნახავთ, რომ გამოკითხულ ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი საარჩევნო ადმინისტრაციას ენდობა. ასეთი მაღალი პოლარიზაციისა და დისკრეციული კამპანიის მიუხედავად. ადმინისტრაციის რეპუტაციის შელახვის არაერთი მცდელობაა. აბსოლუტურად მესმის პოლიტიკური დღის წესრიგი, პოლიტიკური სუბიექტების მიზნები, ეს გასაგებია, მაგრამ ერთი მხრივ, ეს ობიექტურ გარემოებებს უნდა ეფუძნებოდეს. კრიტიკა მისაღებია, მაგრამ მაშინ, როცა ჯანსაღ კრიტიკაზეა საუბარი, არგუმენტირებულზე და ფაქტებზე დაფუძნებულზე“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა