„საქართველოს რკინიგზის“ დელეგაციამ, გენერალური დირექტორის ხელმძღვანელობით, ყაზახეთის ქალაქ ალმატიში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი) მმართველი საერთო კრების მორიგ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტის ასოციაციის წევრებმა 2022 წლის შედეგები შეაჯამეს და წინა წელს გადაზიდვების დროს გამოვლენილ გამოწვევებზე ისაუბრეს.
„მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2023 წელს გაზრდილი ტვირთების ოპერატიულად გადაზიდვის მიზნით, მეტი ყურადღება მონაწილე მხარეების კოორდინაციის გაუმჯობესებასა და კორიდორის სრულად გაციფროვნებას დაეთმობა. შეხვედრის ფარგლებში დამტკიცდა 2023 წლის სამოქმედო გეგმა, ასევე ჩინეთი-ევროპისა (შავი ზღვის პორტები) და ჩინეთი-თურქეთის მარშრუტებზე გადაზიდვის ვადები და ტარიფები. მხარეებმა ასოციაციაში BMF Port Burgas (ბულგარეთი) - Rail Cargo Group (ავსტრია) - АО «LTG Cargo» (ლიეტუვა) გაწევრიანებაზე მზაობა გამოთქვეს”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.