საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ და სააგენტოს ხელმძღვანელმა, იოანე მენაბდემ მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას სტუ-ის ადმინისტრაციის, უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტების დეკანები, სტუდენტები და სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით, უნივერსიტეტისა და სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შორის პარტნიორობა, აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე გაცილებით ნაყოფიერი, მრავალმხრივი და ურთიერთსასარგებლო გახდება.

„ვიმედოვნებთ, რომ მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან ჩვენი უნივერსიტეტის მრავალწლიანი თანამშრომლობა მეტად ნაყოფიერ, მრავალმხრივსა და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობაში გადაიზრდება. თანამშრომლობა გულისხმობს ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივ, როგორც სამეცნიერო-კვლევით, ასევე ანალიტიკურ სამუშაოებს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმარებისა და წინასაპროექტო კვლევებში, პროფესიონალ სპეციალისტთა დასკვნების მომზადებას და რაც მთავარია, ურბანულ და ქალაქთგეგმარების პროცესებში უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის მობილიზებასა და სტუდენტების აქტიურ მონაწილეობას სამუშაოების ყველა ეტაპზე. გარდა ამისა, სააგენტოს ჩართულობით, ვიზრუნებთ ახალი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შემუშავებისა და განვითარების მიმართულებით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმთავრესი მიზანია, ყოველმხრივ იზრუნოს სტუდენტების განვითარებაზე, ხელი შეუწყოს მათ პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კონკურენტუნარიან სპეციალისტებად ფორმირებაში“, - აღნიშნა სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

როგორც სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, იოანე მენაბდემ აღნიშნა, ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტის ხელმოწერა მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ურბანული განვითარების სფეროში სამეცნიერო-კვლევითი ფუნქციის უზრუნველყოფას მთლიანად შეძლებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რადგან სწორედ საუნივერსიტეტო ბაზაზე ფუნქციონირებს სივრცით ანალიტიკაზე მომუშავე ძლიერი კვლევითი ცენტრები. იოანე მენაბდის თქმით, სააგენტოსთვის, როგორც სახელმწიფო უწყებისთვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ახალი თაობის პროფესიონალი კადრების მომზადების კუთხითაც უმნიშვნელოვანესია.

სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნინო იმნაძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების მთავარი მიზანი ურბანისტიკის, ქალაქგეგმარებისა და სივრცითი გეგმარების თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებულ პროფესიონალთა აღზრდაა.

„დღეს აქტუალური თემაა ურბანისტიკა და სივრცითი განვითარება. უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ სივრცითი განვითარების განხრით, პროექტებში სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. ნიშანდობლივია ისიც, რომ ქალაქგეგმარების ყველაზე ძლიერი სპეციალისტები სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გვენცაძე ჩვენი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია; თბილისის სივრცითი განვითარების განახლებული გენგეგმის ავტორები - მერაბ ბოლქვაძე და მამუკა სალუქვაძე, ასევე, ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორები არიან; კომპანია „ურბანიკას“ დამფუძნებელი ირაკლი მურღულიაც ჩვენი ასოცირებული პროფესორია. სწორედ ეს პროფესიონალები არიან უშუალოდ ჩართულნი სივრცითი მოწყობის გენგეგმის შემუშავებაში. უნდა აღინიშნოს, რომ უკვე 4 წელია ჩვენს სტუდენტებს რეალური ურბანული და ქალაქგეგმარებითი პროექტების შექმნაზე ვამუშავებთ და მათ, მომზადების მხრივ, კარგი სკოლა აქვთ გავლილი. ვიმედოვნებთ, რომ მემორანდუმის ამოქმედება მხარეებს შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო მჭიდროსა და ნაყოფიერს გახდის“, - აღნიშნა დეკანმა, პროფესორმა ნინო იმნაძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მოეწყობა ერთობლივი ღონისძიებები, სამეცნიერო ტრენინგ-კურსები, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნითაც; სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ამოქმედდება უნივერსიტეტის სტუდენტთა სასწავლო და საწარმოო პრაქტიკისა და სტაჟირების პროგრამები, რაც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიან კურსდამთავრებულთა მომზადებასა და სამომავლოდ, მათ წარმატებულ რეალიზებას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა