თქვენ უფრო მეტი თავისუფლება გაქვთ, ვიდრე ნებისმიერ ევროპელ ჟურნალისტს ნებისმიერი ევროპული ქვეყნის პარლამენტში შეიძლება ჰქონდეს! - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ მედიის წარმომადგენლებს, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით ჟურნალისტებისათვის დადგენილ ქცევის წესებზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
მისივე თქმით, დეპუტატის პირადი გადასაწყვეტია, გასცემს თუ არა პასუხს ჟურნალისტის კითხვას.
“თქვენ არასდროს, არავისთან კომუნიკაცია არ გეზღუდებათ. დამერწმუნეთ, არცერთ ევროპულ პარლამენტში ასე არ არის, რომ ჟურნალისტს შენობის ნებისმიერ კუთხე-კუნჭულში სიარული შეეძლოს - იქ არის გამოყოფილი სივრცეები“, - მიმართა ჟურნალისტებს ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარი ბრძანებით პარლამენტში აკრედიტებულ ჟურნალისტებს ქცევის წესები განუსაზღვრა. აღნიშნული წესების მიხედვით, ჟურნალისტი ვალდებულია: - ხელი არ უნდა შეუშალოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას; წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის სამუშაო ოთახი; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ინტერვიუ შეწყვიტოს; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტები, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე გამოსახული ინფორმაციის აღქმა შესაძლებელი იყოს; არ დაუშვას მისი მხრიდან პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული მიმართვა ან მოქმედება; დაემორჩილოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის და მანდატურის მითითებებს; სააკრედიტაციო მასალა ატაროს გამოსაჩენ ადგილას და არ გადასცეს სხვა პირს.