სანდრო სულაბერიძის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს

მხატვრის და არტისტის, სანდრო სულაბერიძის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს.

კერძოდ საუბარია, ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 4 თებერვალს მომხდარ ფაქტზე, როდესაც გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სანდრო სულაბერიძის საქმეს ეხმაურება ეროვნული მუეუმის წარმომადგენელი, საგამოფენო განყოფილების უფროსი ალექსანდრა გაბუნია, რომელიც აღნიშნავს, კანონისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიტანა გამოფენიდან ექსპონატი.

მისი თქმით, პოლიციას სწორედ თავად აცნობა, თუმცა მისი დაკავება არ მოუთხოვია, ამასთან გაბუნია მიიჩნევს, რომ მხატვარს ადმინისტრაციულ ჯარიმას დაუწესებენ.

მისივე თქმით, სამომავლოდ, „პერფორმანსები“ ჯობს ისე დაგეგმოთ, რომ "არ შეხვიდეთ კანონთან კონფლიქტში და თუ მაინც შეხვალთ, სასჯელისთვისაც იყოთ მზად".

„საქართველოს ეროვნული გალერეა გახლავთ სახელმწიფო დაწესებულება, საიდანაც სურვილისებრ ნამუშევრის ჩამოხსნა და გატანა მარტივად არ ხდება. გალერეა ემორჩილება გარკვეულ წესებს და არის პასუხისმგებელი არა მხოლოდ დავით კაკაბაძის, ქეთევან მაღალაშვილის, სიდამონ-ერისთავისა და სხვათა ნამუშევრებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ მომიჯნავე დარბაზში ექსპონირებულ ფიროსმანზე, არამედ ყველა იმ ნამუშევარზე, რომელიც, თუნდაც დროებით, მის სივრცეში იფინება.

ასევეა კერძო გალერეის შემთხვევაში. ხელოვანებს და მითუმეტეს გალერისტებს არ უნდა ჭირდებოდეთ იმისი ახსნა, რომ საგამოფენო სივრცეში გამოფენილ ნამუშევარზე სწორედ სივრცის მენეჯმენტია პასუხისმგებელი, იმისგან დამოუკიდებლად, სივრცე კერძოა თუ სახელმწიფო.

არ შევდივარ პოლემიკაში იმის თაობაზე, რა სახელოვნებო მედიუმს ეკუთვნის სანდრო სულაბერიძის ქმედება, არ ვუკეთებ ინტერპრეტაციას მის მიერ კედელზე დატოვებულ წარწერის ხარისხს ან მართებულობას. არც იმაზე ვმსჯელობ, რამდენად ფასეულია მისი ნამუშევარი, რომელიც ჩამოხსნა და გალერეიდან გაიტანა.

კანონისთვის, რომელიც სხვა შემთხვევაში ყველას გინდათ მუშაობდეს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანა გალერეიდან ექსპონატი, პატრონმა თუ მისმა თაყვანისმცემელმა. ფაქტია გამოფენის მსვლელობისას დაიკარგა ნამუშევარი! ამის შესახებ მე (სწორედ მე, რადგან ამას ითხოვს კანონი!) განვაცხადე პოლიციაში და ზედამხედველებთან ერთად დავიკითხე კიდეც. მომიტევეთ, ზოგიერთებისგან განსხვავებით, სახელმწიფოს და საზოგადების წინაშე ჩემს მიერ აღებული ვალდებულებების და პასუხისმგებლობების გამო, ქუჩური „გაგებებით“ ვერ ვიხელმძღვანელებ, რადგან ხვალ ვინმემ ფორსმანი რომ გაიტანოს, პირველი მე მომთხოვთ პასუხს და მართალიც იქნებით.

სანდრო სულაბერიძის „პერფორმანსის“ გამო, გამომიცხადეს საყვედური. უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, რომელსაც სხვა პოზიციაზე გადაყვანა შესთავაზეს, საკუთრი გადაწყვეტილებით წავიდა სამსახურიდან, რადგან ბოლომდე გააცნობიერა საკუთარი შეცდომა. ასეა თუ ისე, ამ „უცოდველი“ აქტის გამო, ერთი ადამიანი უკვე რეალურად დაზარალდა, რომ აღარაფერი ვთქვათ გალერეის დათრგუნულ თანამშრომლებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც აწი უნდა გამოიფინონ გალერეის სივრცეში, რომლის საგამოფენო პოლიტიკა არის დამოუკიდებელი და სადაც უკვე სრულად არის შევსებული 2023-2024 წლების საგამოფენო გრაფიკი.

მინდა ისიც გითხრათ, რომ ჩემს განცხადებაში მომხდარი ფაქტის შესახებ, მე არ ვითხოვ სანდრო სულაბერიძის დაჭერას, რადგან განაცხადების დაწერის მომენტში, ჩვენთვის უკვე ცნობილი იყო, ვინ გაიტანა ნამუშევარი. აქვე მინდა გაგიზიაროთ ჩემი აზრი, იმის შესახებ, რომ მას არავინ დაიჭერს, თუმცა ადმინისტრაციულ ჯარიმას აუცილებლად დაუწესებენ, რაც აბსოლუტურად გამართლებული იქნება ისევ და ისევ კანონიდან გამომდინარე. ისიც მინდა გაცნობოთ, რომ ეს ჯარიმაც უკვე გადახდილია გამოფენის სპონსორის მიერ. უბრალოდ საზოგადოებამ უნდა აცალოს კანონს, გაიაროს ყველა აუცილებელი ეტაპი და ისე დასრულდეს.

ასე, რომ, სამომავლოდ, „პერფორმანსები“ ჯობს ისე დაგეგმოთ, რომ არ შეხვიდეთ კანონთან კონფლიქტში და თუ მანც შეხვალთ, სასჯელისთვისაც იყოთ მზად. არავის ავნოთ და მხატვრის ნამუშევარზე პასუხისმგებელ ადამიანებს არ შეუქმნათ მძიმე პრობლემები იმისთვის, რომ თქვენი გზავნილი და ქმედება მართლაც იყოს მნიშვნელობის მატარებელი ხელოვნება და არა ინფანტილური მავნებლობა“,-წერს გაბუნია.

ინფორმაციისთვის, ეროვნულ გალერეაში 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა: „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა