კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლები დღეიდან გაფიცვას გეგმავენ

კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლები 13 თებერვლიდან, კომპანიის შენობასთან, სრულმასშტაბიან გაფიცვას გეგმავენ.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროფკავშირ „ლაბორის“ თავმჯდომარემ, გიორგი დიასამიძემ განუცხადა.

როგორც დიასამიძემ განმარტა, დასაქმებულები ხელფასების მატებას და უსაფრთხო შრომის პირობებს ითხოვენ

ამასთან, როგორც გიორგი დიასამიძემ განმატა, დასაქმებულები ეჭვობენ, რომ კომპანიის მოქმედი მენეჯმენტი „საირმე მინერალ ვოთერსს“ შეგნებულად აკოტრებს, რის გამოც, ქარხანა ხშირ შემთხვევაში არ მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ მას მუშაობის პოტენციალი აქვს.

დასაქმებულების ვარაუდით, ამგვარი მეთოდებით კომპანიის ხელმძღვანელებს ნიკო ბერიძეს და იანინა მაშკოვას „საირმე მინერალ ვოთერსის“ ხელში ჩაგდება სურთ.

გიორგი დიასამიძის თქმით, კომპანიაში დასაქმებულებს ინფორმაცია აქვთ, რომ ხელმძღვანელობა სამსახურიდან თანამშრომლების გათავისუფლებას და მათ ნაცვლად რუსეთის მოქალაქეების დასაქმებას აპირებს.

„ხელმძღვანელობის მხრიდან ქარხნის შეგნებულად გაკოტრების მიზანი შეიძლება იყოს ის, რომ ქარხანა დამფუძნებლებისგან უფრო იაფად ჩაიგდონ ხელში. როგორც დასაქმებულები ამბობენ, ქარხანაში არსებული მდგომარეობის შესახებ დამფუძნებლებს ინფორმაცია არ აქვს და შესაბამისად, ძალიან მძიმე პირობებში უწევს მუშაობა, როგორც ქარხანას ისე დასაქმებულებს. ქარხანაში გათბობა არ აქვთ და იყინებიან, საშინელი ანტისანიტარია და საფრთხის შემცველი შრომითი გარემო. სპეციალური სატვირთო ლიფტი წყდება, ელექტრო ენერგიის გაყვანილობა გაუმართავია და ასეთი პირობების გამო, იქ დასაქმებულებს თითქმის ყოველდღე დენი არტყამს“, - აცხადებს გიორგი დიასამიძე.

მისივე თქმით, ამგვარი პირობების გამო გასული წლის 27 დეკემბერს, ქარხანაში შრომის ინსპექციაც შევიდა, თუმცა, დარღვევები ვერ აღმოაჩინა.

ამასთან, დიასამიძის განმარტებით, დასაქმებულებსა და კომპანიის მენეჯმენტს შორის მოლაპარაკებებიც გაიმართა, რასთან დაკავშირებითაც მედიატორი ჯანდაცვის სამინისტროდან გამოიყო, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა, მიზეზი კი ის არის, რომ ამ პროცესს დამსაქმებელი სერიოზულად არ აღიქვამს.

„მედიაციის პროცესი 17 იანვარს დაიწყო, სწორედ მედიაციის პროცესში მოხდა ის, რომ მენეჯმენტმა დარეკა ბაღდათის პოლიციაში, მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები, ერთ-ერთ კონკრეტულ პიროვნებას უთხრეს, რომ მასზე ინფორმაციაა შემოსული, თითქოს ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო, რის შემდეგ წაიყვანეს, თუმცა არავითარი ნარკოტიკი არ აღმოჩენილა, რადგან ასეთ ფაქტს არ ჰქონდა ადგილი. დასაქმებულებს ამგვარი მეთოდით აშინებენ“, - აცხადებს გიორგი დიასამიძე.

"ლაბორის" ორგანიზებით, კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსში“ სრულმასშტაბიანი უვადო გაფიცვა 13 თებერვალს, 09:00 საათზე დაიწყება.

მათივე ცნობით, დასაქმებულები ითხოვენ: ხელფასების 30%-იან ზრდას, „საქსტატის“ მონაცემების შესაბამისად ხელფასების ყოველწლიურ ინდექსაციას, საპენსიო გადასახადის დამსაქმებლის მიერ დაფარვას, ღირსეულ და უსაფრთხო შრომით პირობებს, აპროტესტებენ ქარხანაში არსებულ ანტისანიტარიას და ითხოვენ მის მოწესრიგებას, დამსაქმებლის მხრიდან შანტაჟისა და მუქარის აკრძალვას, კოლექტიურ შეთანხმებას, კომპანიის დამფუძნებლებთან შეხვედრას.

„ლაბორი“ განვითარებულ მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას კომპანიის ამჟამინდელ მენეჯმენტს აკისრებს.

ირაკლი მელაშვილი - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაიმე იდეოლოგიური კომპრომისის ადგილი ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევანია ან აქეთ - ევროპისკენ, ან იქით - რუსეთისკენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო
გაზმომარაგების უმსხვილესმა კომპანია, „თბილისი ენერჯიმ“ BDO Digital-თან პარტნიორობით კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი, ISO/IEC 27001:2022 დანერგა
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა
ახალი „ლენდ კრუიზერ პრადო“ - ლეგენდის თანამედროვე გაგრძელება
20 ივლისიდან სილქნეტი ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეებს გაზრდის