საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მართვის დოქტორმა ქეთევან ცაცანაშვილმა, უკვე ორი თვეა, რაც პროექტის - „სამეცნიერო სპარინგი“, განხორციელება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტი გულისხმობს საზოგადოების ფართო აუდიტორიისათვის, სოციალური ქსელის მეშვეობით, მეცნიერებისა და ინოვაციების რეფორმების, ასევე, სამეცნიერო კვლევითი პროექტების დანერგვაზე ორიენტირებული კვლევის შედეგების, მეცნიერთა პირადი მაგალითების და გამოცდილების (backgrounder) პოპულარიზაციას.
როგორც ქეთევან ცაცანაშვილი აცხადებს, პროექტი არის მეცნიერთა და დამწყებ მკვლევართა „შეჯიბრი/ვარჯიში“, საზოგადოებისთვის შესამჩნევი გახადონ სამეცნიერო პროდუქტი, ხოლო სამეცნიერო აზროვნება - მეტად კომუნიკაბელური. პოპულარიზაციის ონლაინ ინსტრუმენტს წარმოადგენს სოციალურ ქსელ facebook-ის გვერდი, შესაბამისი სარეკლამო რგოლებით, პრეს-კიტებით, სამეცნიერო სპარინგის ნომინაციებისა და გამოკითხვების ორგანიზებით. გამოკითხვები და სტატისტიკური ანალიზი ახალი პრეს-კიტების საფუძველი ხდება და მზადდება პრესრელიზები სხვა მედია საშუალებებისა და საინფორმაციო სააგენტოებისთვის. მთავარი ამ პროცესში ის არის, რომ პროცესის პოტენციური მონაწილეები ხდებიან ახალგაზრდები, სვამენ შეკითხვებს (პოსტის კომენტარები), ინტერესდებიან კონკრეტული მეცნიერით ან კვლევითი პროექტით, კვლევითი ინტერესის მიხედვით პირად კონტაქტს ამყარებენ კონკრეტულ მეცნიერთან.
„ჩემი სადოქტორო თემა მეცნიერებისა და ინოვაციების მართვის პრობლემებს ეხებოდა, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე შევასრულე. თემაზე მუშაობის დროს შევისწავლე საქართველოს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების მიღწევები და კვლევის შედეგების დანერგვის შესაძლებლობები. ვითანამშრომლე სტუ ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტთან მონაცემთა მათემატიკური მეთოდებით გამოთვლის საკითხებზე. ეს იყო კარგი შესაძლებლობა დარგთაშორისი კვლევის განსახორციელებლად. კარგად გამოჩნდა, რომ მრავალი კვლევა არსებობს სიახლეებითა და რეკომენდაციებით, რომელიც „ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის“ კონტექსტში საქართველოს ინტელექტუალურ რესურს წარმოადგენს. ამ მიღწევების თაროზე შემოდება კი ნამდვილად ცოდოა. მე როგორც საჯარო მართვის სპეციალისტს კარგად მესმის, რომ კვლევის შედეგების დანერგვა დიდადაა დამოკიდებული მის ცნობადობაზე. ამიტომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ვცადე მიზნის მისაღწევად. კერძოდ: Facebook მეშვეობით მეცნიერებისა და ინოვაციების რეფორმების, სამეცნიერო „კვლევითი პროექტების, დანერგვაზე ორიენტირებული კვლევის შედეგების, მეცნიერთა პირადი მაგალითების და გამოცდილება, ვფიქრობ საინტერესო გახდება ფართო საზოგადოებისა და არ არის გამორიცხული კვლევის შედეგების დანერგვას შეუწყოს ხელი. ამ პროექტს მცირე გუნდი ჰყავს: კოორდინატორი, მარკეტინგისა და ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი. გვყავს უცხოელი კონსულტანტი - ჰანა ჰავიტე, რომელიც არის დოკუმენტალისტი, ფინელი რეჟისორი, ფილმოგრაფი, მონტაჟის სპეციალისტი. უცხოელი დოკუმენტალისტის დაინტერესება საქართველოსი მეცნიერებით საინტერესო პერსპექტივას გვპირდება“, - აცხადებს მარიამ ცაცანაშვილი.
პროექტის ავტორის თქმით, მისი მიზანი კვლევის მრავალფეროვნებისა და ყოველდღიურ ცხოვრებასთან მეცნიერების კავშირის წარმოჩენაა. პროექტი ქმნის გარემოს, სადაც სოციალური ქსელის აუდიტორია დაინტერესდება.
„შეცვალე სამყარო! - ამ ფრაზას ხშირად გაიგონებთ მეცნიერებასთან კონტექსტში. სამეცნიერო სპარინგი მეცნიერების პოპულარიზაციის ახალი საკომუნიკაციო ინსტრუმენტია, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება დღემდე არსებული ისეთი ინსტრუმენტებისგან, როგორიცაა: პრესრელიზი, პრესკონფერენცია, ინტერვიუ, კლიპი, ბროშურა და სხვა.
სამეცნიერო სპარინგი პირველად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამოვიყენეთ, როგორც სტუდენტებსა და პროფესორებს შორის ურთიერთობის ახალი მეთოდი. შემდეგ ვცადეთ ამ მეთოდის გამოყენების არეალი გაგვეზარდა. არჩევანი სოციალური ქსელზე შევაჩერეთ, რადგან: მომხმარებელთა მაღალი მაჩვენებელი, ქსელიოს მართვის შესაძლებლობა დღე-ღამის ნებისმიერ დროს. ამ მეთოდის ინოვაციურობა გულისხმობს, რომ ცნობილ მეცნიერთან კონტაქტში შედის ახალგაზრდა მკვლევარი და მისი სპარინგ-პარტნიორი ხდება; მეცნიერები "ავარჯიშებენ" დამწყებ მკვლევრებს კვლევით მეთოდებსა და კვლევის ხერხებში, დიდ სამეცნიერო არენაზე გამოსვლის წინ. და ეს ყველაფერი საზოგადოების თვალწინ მიმდინარეობს მათთვის გასაგებ ენაზე“, - აცხადებს ქეთევან ცაცანაშვილი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროექტში ჩართულია როგორც ჰუმანიტარული, ასევე საბუნებისმეტყველო მიმართულების სტუდენტები საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლებიდან. პროექტი ორი თვეა რაც აქტიურ ფაზაში გადავიდა და უკვე 50-ზე მეტი პრეს-კიტი დაიდო სოციალურ ქსელში სპეციალურ პროფილზე - სამეცნიერო სპარინგი, სადაც გამოქვეყნებულია დანერგვაზე ორიენტირებულ კვლევის შედეგები, მეცნიერთა პირადი მაგალითები და გამოცდილება - ტექნოლოგია, ინჟინერია მათემატიკა და ჰუმანიტარული მიმართულებით.
„თქვენ აქ შეხვდებით ადამიანებს რომელთაც წარმატებას მიაღწიეს სხვადასხვა მიმართულებით: გაზური ქრომოტოგრაფია, ანტიბიოტიკების ახალი თაობები, აგროინდუსტრიული ნარჩენებიდან სასარგებლო- ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მიღება, დარიშხანის თიონაერთების მიღება და გარდაქმნები; ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების თანაარსებობა, კავშირი მიკრო და მაკრო ორგანიზმებს შორის; ბიოდიზელის მიღების ტექნოლოგიის პარამეტრების ოპტიმიზაცია და მისი კომერციალიზაცია, რომლის საფუძველზეც, 2018 წლის ივლისში ამიერკავკასიაში პირველი საწარმო შეიქმნა; ნანომედიცინა, ბიოსენსორები, ქსოვილის ინჟინერია, დიაგნოსტიკური მოწყობილობები და ა.შ; ოზონის გენერატორი - ვირუსების დეზინფექციისთვის; წყაბადის მიღება შავი ზღვის წყლიდან - როგორც საწვავად გამოყენების ტექნოლოგია; ძველი საბურავების გადამუშავება და მათგან სასარგებლო, სასაქონლო პროდუქტის მიღება; კვლევები ბიომრავალფეროვნების სფეროში; მაღალმოსავლიანი აგროკომპლექსის შემუშავება საქართველოს სინამდვილისთვის; ელექტრომაგნიტური სტიმულაცია, როგორც ქრონიკული სტრესის თერაპიული მეთოდი; მთარგმნელობითი საქმიანობა; ეთნოგრაფია; შრომითი მიგრანტების ინტეგრაცია; კავკასიის მყინვარწვერზე განხორციელებულ კვლევები; პატარა ქვეყნის ადგილი დიდ საჭადრაკო დაფაზე; მათემატიკური მოდელირება და სხვა. ისინი საუბრობენ სამეცნიერო კავშირებსა და საერთაშორისო კვლევით პროექტებში მიღწევებზე: ცერნის (CERN); ევროკავშირის მე-7 ჩარჩო პროგრამის; აშშ-ს, იაპონიის, გერმანიის, პოლონეთის; ესტონეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში მოღვაწე მეცნიერებთან განხორციელებულ ერთობლივ კვლევებზე; სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების (CRDF-Global ფონდის, ბიოლის ფონდის, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და სხვა ფონდების დაფინანსებით განხორციელებულ კვლევებზე; საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში ქართველ მეცნიერთა მიღწევებზე; კერძო უცხოური ფირმებთან პარტნიორობით „მწვანე ტექნოლოგიების“ მისაღებად განხორციელებულ კვლევის შედეგებზე; საერთაშორისო სტიპენდიებსა და ჯილდოებზე, საპატიო მედლებსა და პატენტებზე, გამოგონებათა საწარმოებში დანერგვაზე“, - აცხადებს ქეთევან ცაცანაშვილი.