ევროკავშირის ელჩი - სტატუსის მინიჭების საკითხზე იქნება არაპოლიტიკური, დამსახურებაზე დაფუძნებული ანგარიში - გადაწყვეტილებისას ასევე, შეფასდება საქართველოს საერთო პროგრესი, მათ შორის კანონის უზენაესობა და მედიის დამოუკიდებლობა

გარანტირებული და გადაწყვეტილი ჯერ არაფერი არ არის, ამიტომ ყველა პარტიამ უნდა იმუშაოს ერთად, რათა მაქსიმალურ პროგრესს მიაღწიოს 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით - ეს არის ის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომელიც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააჟღერა. ამავე განცხადებით, ელჩი ხელისუფლების წარმომადგენელთა იმ ნაწილსაც გამოეხმაურა, რომელიც ამტკიცებს, რომ თუ ევროკავშირი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, „დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება გარანტირებული აქვს“.

როგორ აღიქვამს ელჩი მინიშნებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს და როგორ აფასებს საქართველოს მზაობას გახდეს ევროკავშირის ოჯახის წევრი, უფრო ვრცლად ინტერვიუში..

- „ჩემს თავს უკიდურესად იღბლიანად ვთვლი, რომ მე ამირჩიეს საქართველოში ევროკავშირის შემდეგი ელჩის პოზიციაზე. თბილისში ყოფნის 3 კვირის შემდეგ, მე შემიძლია ცხადად ვთქვა, რომ ეს იყო სწორი არჩევანი“, - ეს განცხადება თქვენ ინტერპრესნიუსისთვის“ რამდენიმე თვის წინ მიცემულ ინტერვიუში გააკეთეთ. მინდა გკითხოთ, როგორ აფასებთ საქართველოში მუშაობის 6 თვეს, ისევ თვლით, რომ სწორი არჩევანი გააკეთეთ ?

- მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ჩემი საქართველოში ჩამოსვლიდან თითქმის 6 თვის თავზე კვლავ ვისაუბროთ. ცალსახად, 6 თვის შემდეგ, მაქვს უკეთესი აღქმა როგორც გარემოსი, ადამიანების, ასევე ვითარების. მე კვლავ ვარ იმავე აზრზე, განვიხილავ ჩემს თავს უკიდურესად იღბლიანად. სწორი არჩევანი იყო საქართველოში ჩამოსვლა. აღფრთოვანებული ვარ იმ ქვეყანაში ყოფნით, სადაც მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. ეს ძალიან დინამიური და ცოცხალი ადგილია. ზოგჯერ ძალისხმევასაც კი საჭიროებს მოვლენების განვითარებისთვის თვალყურის მიდევნება, მაგრამ ცალსახად ეს არის ის ადგილი, სადაც უნდა ვიყო და გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ მაქვს განცდა რაღაც ძალიან დიდში მონაწილეობის. ვგრძნობ, რომ საქართველო არის ადგილი, სადაც ისტორია იწერება. ეს ნამდვილად ისტორიული მომენტია ამ ქვეყნისთვის და პრივილეგირებული ვარ ვიყო ამის ნაწილი.

- თუმცა, ისტორიის ახალი ფურცლების წერას თან ახლავს არა ერთი გამოწვევა, ამიტომ იმ გამოწვევების შესახებ მინდა გკითხოთ, რომლებიც ყველაზე მკაფიოდ გამოიკვეთა საქართველოში მუშაობის 6 თვის განმავლობაში... რას გამოყოფდით?

- დრო ნამდვილად უპრეცედენტოა. საერთაშორისო დონეზე - ევროპა დგას ამ საშინელი ომის წინაშე. რუსეთის არაპროვოცირებულმა, გაუმართლებელმა და ძალიან სასტიკმა აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ, ყველა ჩვენგანი, მთელი საერთაშორისო საზოგადოება, სრულიად ახალ ვითარებაში დაგვაყენა. ევროკავშირი პირველივე წუთიდან დგას სწორ მხარეს. ეს უპრეცედენტო მდგომარეობა რეალურად დაგვეხმარა, რომ გავმხდარიყავით კიდევ უფრო მეტად ერთიანები და რომ გვემოქმედა კიდევ უფრო მეტად გადამწყვეტად. ნამდვილად ამაყი ვარ, რომ წარმოვადგენ ევროკავშირს ამ კონკრეტულ მომენტში. რაც შეეხება თავად საქართველოს, მან გადაწყვიტა, რომ წინ წასულიყო ევროკავშირის წევრობისკენ სავალ გზაზე. ეს არ არის მარტივი პროცესი და არც მოკლე პროცესია, მაგრამ ჩემი ფუნქციაა, ეს პროცესი იმდენად მარტივი გავხადო, რამდენადაც შესაძლებელია. ბევრია დამოკიდებული თავად ქართველებზე. ამ პროცესში ვცდილობთ, ყველას ვესაუბროთ. მე შევხვდი ყველა ლიდერს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან და ჩემი გზავნილი ყოველთვის ძალიან თანმიმდევრული იყო - ყველამ ერთად უნდა იმუშაოთ, ინკლუზიური და თანამშრომლობითი სულისკვეთებით, იმისთვის, რომ მისწრაფებები რეალობად აქციოთ. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს არის გზა, რომელსაც საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ გაჰყვება მომავალი თვეებისა და წლების განმავლობაში.

- დაახლოებით ერთი კვირის წინ საზოგადოებამ იხილა ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული შეფასება ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს შესაბამისობასთან დაკავშირებით. რა გვაჩვენა შეფასების ამ ნაწილმა და რამდენად იძლევა ის იმგვარი ოპტიმიზმის საფუძველს, როგორიც სახელისუფლებო წრეებში დაინახეს?

- ევროპული ინტეგრაცია ხანგრძლივი პროცესია. საქართველოს გასულ წელს გამოეგზავნა კითხვარი, სადაც ძალიან ბევრი დეტალური კითხვა იყო. მე მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი ყველა სამინისტროს, მაგალითად, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის, განათლების, რეგიონული განვითარებისა და სხვა სამინისტროებს. ვესაუბრე ყველა მინისტრს, ვესაუბრე ყველა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს და პირადად დავინახე, რამდენად სერიოზულად არიან ეს ადამიანები განწყობილები, როდესაც საუბარი ეხება საქართველოს დაახლოებას ევროკავშირის მოთხოვნებთან. ამ კითხვარზე დაფუძნებით, საქართველომ გაგზავნა პასუხები ევროპულ ინსტიტუციებში. რამდენიმე თვე დასჭირდა ევროკომისიას საქართველოს მიერ წარდგენილი პასუხების გასაანალიზებლად და ამ ანალიზის შედეგი ჩვენ მივიღეთ რამდენიმე კვირის წინ. ჩემი აზრით, ეს შედეგი ძალიან პოზიტიურია და აფასებს საქართველოს მზაობას, რომ მიიღოს ევროკავშირთან წევრობის პასუხისმგებლობები, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს არის მიმდინარე პროცესი, საქართველო შეფასებულ იქნა 33 სხვადასხვა მიმართულებით. ზოგიერთი მიმართულებით მომზადების დონე მეტად წინ არის წასული, ვიდრე სხვა სფეროებში. ზოგი მიმართულებით პროგრესი ჯერ კიდევ მისაღწევია. რა თქმა უნდა, როგორც ევროკავშირი, მათ შორის საქართველოში მყოფი ევროკავშირის ეს დელეგაცია, მზად ვართ, გავაგრძელოთ საქართველოს დახმარება, გავაგრძელოთ სხვადასხვა სამინისტროს მხარდაჭერა, რათა უზრუნველყოთ, რომ საქართველოს ადმინისტრაცია იმდენად კარგად იყოს მომზადებული მომავალი წევრობისთვის, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს იყო საქართველოს ადმინისტრაციის მომზადების შეფასება წევრობის მოთხოვნებისთვის. ეს შეფასება არ მოიცავს 12 პრიორიტეტს. ეს ჯერ კიდევ წინ გვაქვს.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ ზოგიერთი მიმართულებით მეტი სამუშაოს გატარებაა აუცილებელი. შეგიძლიათ დააკონკრეტოთ ეს მიმართულებები?

- ტექნიკური შეფასება ძალიან ტექნიკურია. ის საუბრობს 33 სხვადასხვა მიმართულებაზე. ეს იყო ძალიან ღრმად გაანალიზებული და ყველამ იცის, რა არის ის მიმართულებები, სადაც მეტი პროგრესის მიღწევა საჭიროა. დეტალებში არ შევალ, რადგან ტექნიკურია ეს დეტალები. გავაგრძელებთ მუშაობას სხვადასხვა სამინისტროსთან იმისთვის, რათა უზრუნველვყოთ წინსვლა და, რა თქმა უნდა, მზადყოფნას გამოვთქვამთ იმ სახის მხარდაჭერისთვის, რაც საჭიროა.

- 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან შეფასება შესაძლოა, ნაკლებად პოზიტიური იყოს ?

- ეს არ არის ის საკითხი, რომელზეც მე უნდა ვისაუბრო. რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ მალე ჩვენ დავიწყებთ შეფასებაზე მუშაობას. ამას გავაკეთებთ ინკლუზიური და გამჭვირვალე გზით. ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას მათი წვლილისთვის, კონსულტაციებს გავივლით სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, კომუნიკაცია გვექნება სამოქალაქო საზოგადოებასთან. ეს აისახება ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნებული იქნება ევროკომისიის მიერ ამ წლის ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის. იქამდე, ძალიან ცოტა რამის თქმა შემიძლია. რაც ცალსახად მინდა აღვნიშნო არის ის, რომ ჯერ კიდევ არის რამდენიმე თვე დარჩენილი, შესაბამისად, ჯერ კიდევ არის დრო და მინდა მოვუწოდო ყველას საქართველოში როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, რომ იმუშაონ ერთად, რათა მიაღწიონ მაქსიმალურ პროგრესს 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით. ეს ცალსახად მოითხოვს ინკლუზიურობას ხელისუფლების მხრიდან და ასევე მოითხოვს კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციის მხრიდან და ადგილი, სადაც ეს დისკუსია უნდა წარიმართოს არის საქართველოს პარლამენტი. სწორედ ამიტომ აღვნიშნეთჩვენ ოპოზიციასთანაც, რომ ისინი უნდა დარჩნენ პარლამენტში, იყვნენ ჩართულები, იმუშაონ კონსტრუქციულად იმისთვის, რათა მიაღწიონ მაქსიმალურ პროგრესს 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით.

- ირაკლი კობახიძემ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განაცხადა: „დეკემბერში კანდიდატის სტატუსი გარდაუვალია, თუ არ იქნება მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება“ - იკითხება თუ არა ამ განცხადებაში ნაწილობრივ ბრალდება ევროკავშირის მიმართ, რომ ის გადაწყვეტილებას არ იღებს იმის მიხედვით, როგორ ასრულებს საქართველო რეკომენდაციებს?

- ნება მომეცით კიდევ ერთხელ ავხსნა, თუ რა მოხდება მიმდინარე წელს. ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ მუშაობას მოსაზრებაზე, რომელიც შეეხება 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის მდგომარეობას. ეს იქნება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე პროცესი, ეს იქნება ძალიან ინკლუზიური პროცესი. საქართველოს ხელისუფლება იქნება მოწვეული საკუთარი მოსაზრების წარმოსადგენად. ჩვენ ასევე გავივლით კონსულტაციას სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ეს აისახება ევროკომისიის მოსაზრებაში, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოქვეყნდება. ეს იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული ანგარიში.ძალიან არაპოლიტიკური, დამსახურებაზე დაფუძნებული ანგარიში. ამის შემდეგ, რამდენიმე კვირის შემდეგ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, 27 წევრი ქვეყანა, პოლიტიკურ დონეზე, უმაღლეს შესაძლო დონეზე, ევროკავშირის პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე შეხვდებიან და შეაფასებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ეს შეფასება, პირველ რიგში, გაკეთდება ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე, რომელსაც ის მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოაქვეყნებს. ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები ერთსულოვნად მიიღებენ გადაწყვეტილებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით.

- პოლიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი გადის მიხეილ სააკაშვილზე ანუ იმაზე, იქნება თუ არა ის გათავისუფლებული. ამ მოსაზრებაზე საპასუხოდ ხელისუფლებაში, მაგალითად, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის მხრიდან ასეთი განცხადებაც კი მოვისმინეთ:თუ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭება იმაზეა დამოკიდებული, გათავისუფლდება თუ არა მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან, მაშინ თავისთვის დაიტოვონ არაფრისმომცემი სტატუსი“. მინდა გკითხოთ - სვამს თუ არა თავად ევროკავშირი საკითხს სწორედ ასე?

- გადაწყვეტილება ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაზე იქნება დამოკიდებული. უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები ერთსულოვან გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოს მისწრაფებაზე, გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ ანგარიშის საფუძველზე, რომელსაც ევროკომისია გამოაქვეყნებს, მაგრამ ცხადია, წევრი ქვეყნები, ასევე, შეაფასებენ საქართველოს მიერ მიღწეულ საერთო პროგრესს, რაც შეეხება ევროკავშირის სტანდარტებსა და ღირებულებებთანდაახლოებას. ჩვენ ვსაუბრობთ კანონის უზენაესობაზე, ვსაუბრობთ სამართალზე, ვსაუბრობთ აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებაზე, ვსაუბრობთ მედიის დამოუკიდებლობაზე. ყველა ეს საკითხი მხედველობაში იქნება მიღებული 27 წევრი ქვეყნის მიერ. ასე რომ, თქვენს წინა კითხვას რომ დავუბრუნდე, არაფერია გადაწყვეტილი და არაფერია გარდაუვალი. გადაწყვეტილებამიღებული იქნება 27 წევრი ქვეყნის მიერ წლის ბოლოს ერთსულოვნებაზე დაფუძნებით. ჩემი გზავნილი იქნება, რომ ჯერ კიდევ ბევრი დროა იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველომ პროგრესს მიაღწია და მზად არის მაგიდასთან დასაჯდომად, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი.

- რჩება ერთი საკითხი, რომელსაც მსურს ასევე მეტი სიცხადე შევძინოთ. არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება, რომ რეფორმების გატარებით თუ რეფორმების გარეშე საქართველო კანდიდატის სტატუსს მაინც მიიღებს იქიდან გამომდინარე, რომ შეცვლილ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ჩვენს ქვეყანას, როგორც სატრანზიტო ქვეყანას, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. პირდაპირ მინდა გკითხოთ, რა გადაწონის, რაზე იქნება დამოკიდებული კანდიდატის სტატუსი - იმაზე, თუ როგორ შეასრულა საქართველომ მისთვის განსაზღვრული ამოცანები და დემოკრატიული რეფორმები, თუ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა ანუ უხეშად რომ ვთქვათ, გადაწონის რეფორმები თუ მაგალითად, კაბელი შავი ზღვის ფსკერზე?

- საქართველომ ძალიან გრძელი გზა გაიარა ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს ასოცირების შესახებ შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, გვაქვს უვიზო რეჟიმი. აქედან გამომდინარე, ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა სულ უფრო და უფრო ინტენსიური ხდება. ეკონომიკური თანამშრომლობისთვის ჩვენ არ გვჭირდება საქართველოს ევროკავშირში წევრობა, თუმცა საქართველოს წევრობა ევროკავშირში ბევრად მეტია, ვიდრე ეკონომიკური თანამშრომლობა- ასეთ შემთხვევაში საქართველო ხდება ევროპული ოჯახის წევრი, ასეთ შემთხვევაში საქართველო უზრუნველყოფს მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას თაობების განმავლობაში. ევროკავშირი ისტორიაში ყველაზე წარმატებული ინტეგრაციისკენ მიმართული ძალისხმევა იყო. მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ვარ იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც შეუერთდე ევროკავშირს სულ რაღაც 20 წლის წინ. მე ვხედავ ჩემი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს, ვხედავ ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებას, ვხედავ მშვიდობასა და სტაბილურობას ჩემს ქვეყანაში და ნამდვილად მსურს, რომ ეს მოხდეს საქართველოს შემთხვევაშიც. საქართველო ნამდვილად იმსახურებს ევროკავშირის წევრობას, განსაკუთრებით თუ მხედველობაში მივიღებთ საქართველოს ძალიან რთულ ისტორიას და მის ძალიან რთულ გეოგრაფიულ მდებარეობას. აქედან გამომდინარე, ყველაზე ლოგიკურია, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკავშირის გადმოსახედიდანაც ეს სასარგებლო იქნება, საქართველოს ისტორიის, ტრადიციებისა და იმ სიმდიდრისთვის, რომლის შეტანაც საქართველოს შეუძლია ევროკავშირის ოჯახში. აქედან გამომდინარე, ეს ორმხრივად მომგებიანი გამოსავალია ევროკავშირისთვისაც და საქართველოსთვისაც.

- უკანასკნელ პერიოდში რიგი ევროპარლამენტარის მხრიდან აქტიურად ისმის კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მისამართით. საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის მეგობრები არიან და აჟღერებენ პირადად მათ პოლიტიკურ შეხედულებებს და არა ევროკავშირის. რა შეგიძლიათ გვითხრათ - ევროპარლამენტარის განცხადება არის მხოლოდ მათი პირადი პოზიცია თუ ამა თუ იმ საკითხზე ევროკავშირის მოსაზრება?

- რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეს, როგორც მე მესმის, სასამართლო პროცესი ჯერ ისევ მიმდინარეობს. რამდენადაც ვიცი, მისმა ადვოკატებმა უკვე განაცხადეს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას შემდეგ ინსტანციაში აპირებენ და ასევე აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ სტრასბურგის სასამართლოთი. ჩვენ ამ ვითარებას ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს და ველით, რომ შედეგი დადგეს. ამავდროულად, ევროკავშირი სერიოზულად არის შეშფოთებული ანგარიშებით, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ეხება. ჩვენ შევახსენებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათი პასუხისმგებლობაა იმის უზრუნველყოფა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ყველა უფლება, მისი, როგორც დაცვის მხარის უფლება სასამართლოში, მისი, როგორც პატიმრის უფლებები, სრულად იყოს დაცული. ასევე შემიძლია აღვნიშნო, რომ ეს საკითხი და ვითარება, სამწუხაროდ, ზრდის პოლარიზაციას საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ოპოზიციური პარტიები დარჩებიან პარლამენტში, იქნებიან კონსტრუქციულად ჩართულები პროცესებში, იმისთვის, რათა მოხდეს 12 პრიორიტეტის მაქსიმალურად იმპლემენტაცია და რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს მშვიდობიანი განვითარება.

- თქვენ უკვე აღნიშნეთ, რომ საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, სააკაშვილმა მიიღოს ის სერვისები, რაც მის მდგომარეობაში მყოფ პატიმარს და პაციენტს ესაჭიროება, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ სააკაშვილმა მოსამართლე არევაძის გადაწყვეტილება უკვე შეაფასა მისთვის სასიკვდილო განაჩენად. რა იქნება ევროკავშირის რეაქცია, თუ მოხდება ის, რის რისკებზეც არაერთი ქართველი თუ უცხოელი ექსპერტი საუბრობს - ვგულისხმობ, ყველაზე ცუდ სცენარს და ფატალურ დასასრულს...

- არავის სურს, რომ დრამატული სცენარი განვითარდეს. ევროკავშირი მზად არის დახმარება გაუწიოს საქართველოს ხელისუფლებას, ნებისმიერი სახით, რასაც ის სასარგებლოდ მიიჩნევს, იმისთვის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოსავალი მოიძებნოს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ არასდროს მივალთ იმ მდგომარეობამდე, სადაც ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუქცევადად იქნება დაზიანებული.

- როგორც თქვენ აღნიშნეთ, ყველა პოლიტიკური საკითხი პარლამენტის შიგნით უნდა განიხილებოდეს და გადაწყდეს. შესაბამისად, რამდენად გამართლებულად მიიჩნევთ იმას, რომ ოპოზიციის ნაწილმა კვლავ გადაწყვიტა საპარლამენტო ცხოვრების ბოიკოტირება და მოსახლეობას აქციებისკენ მოუწოდებს, მას შემდეგ, რაც სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე დადებითი გადაწყვეტილება არ დადგა?

- მშვიდობიანი პროტესტი ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის ნაწილია. ამავდროულად, მე ძალიან მკაფიოდ ვუჭერ მხარს, რომ ოპოზიცია დარჩეს პარლამენტში, იყოს ჩართული და იმუშაოს კონსტრუქციულად, რათა საქართველომ განაგრძოს სვლა ევროკავშირში წევრობისკენ.

- გვერდს ვერ ავუვლით რუსეთთან ორმხრივი ფრენების აღდგენის შესახებ დაწყებულ საუბარსაც - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, კომპანიებს სანქციები დაუწესდეთ. რას აპირებს ევროკავშირი ამ შემთხვევაში?

- რაც შეეხება პირდაპირი ფრენების განახლებას რუსეთის მიმართულებით და პირიქით - უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და უკიდურესად სასტიკი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ რუსეთში და რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აკრძალვა ერთსულოვნად გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, არამედ ბევრი სხვა თანამოაზრე ქვეყნის მიერ. საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენი თვალთახედვით, საქართველო თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ჩვენს პოზიციასთან, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მესმის ვითარების სენსიტიურობა, მაგრამ ველით, რომ საქართველო მიჰყვება ჩვენს პოზიციას იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია.

- ზოგად კონტექსტშიც გკითხავთ - ფიქრობთ, რომ არის გარკვეული პრობლემური საკითხები საქართველოში, რომელთა გადასაწყვეტად ევროკავშირმა შესაძლოა, სასანქციო მექანიზმი გამოიყენოს?

- ძალიან ბევრი საუბარი მიდის სანქციებთან დაკავშირებით. ჩვენ, ევროკავშირს, არ მოგვწონს სანქციები. სანქციები არის ინსტრუმენტი ქვეყნის ან ინდივიდის ქცევის შესაცვლელად, ვისთანაც პრობლემა გვაქვს. ჩვენ დიდი პრობლემები გვაქვს რუსეთთან. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთმა გადაწყვიტა სხვა ქვეყანაში შეჭრა, მან გადაწყვიტა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლა. რუსეთმა გადაწყვიტა დაებომბა ქალაქები და დაეხოცა მშვიდობიანი მოსახლეობა და ამას ყოველ დღე ვუყურებთ. ჩვენ არ შეგვიძლია იმის დაშვება, რომ ეს გაგრძელდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ არა მხოლოდ მხარს ვუჭერთ უკრაინას ყველას ფრონტზე, არამედ ასევე ვცდილობთ, რომ რუსეთს ეს ძვირად დაუჯდეს. ჩვენ გვსურს გავლენის მოხდენა რუსეთზე, რათა ეს უაზრო ომი დასრულდეს, რაც შეიძლება სწრაფად. სწორედ ამიტომ, ევროკავშირმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ გადაწყვიტა რუსეთისთვის სანქციების დაწესება. სანქციებზე ჩამოყალიბება ევროკავშირის კონტექსტში მარტივი არ არის, რადგან მსგავსი გადაწყვეტილება ერთიანობას მოითხოვს და მიიღება 27 წევრი ქვეყნის ერთიანობით, მაგრამ რუსეთის შემთხვევაში ჩვენ კოლექტიურად გადავწყვიტეთ, რომ არ არსებობს სხვა გზა გარდა იმისა, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას და დავსაჯოთ რუსეთი და სწორედ ამას ვაკეთებთ.

საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია მისი ურთიერთობები რუსეთთან და ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან. ევროკავშირის პოზიციაა, რომ რუსეთი შეიჭრა ევროპულ ქვეყანაში, რუსეთი ცდილობს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლას ევროპაში ძალის გამოყენებით, რუსეთი ბომბავს ქალაქებს და ხოცავს უდანაშაულო ადამიანებს უკრაინაში და ჩვენ, ევროკავშირმა, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ეს შევაჩეროთ. ვცდილობთ ჩვენს ხელთ არსებული სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებას, მათ შორის, სანქციების, რომ გავლენა მოვახდინოთ რუსეთში გადაწყვეტილებების მიმღებებზე, რათა შეაჩერონ ეს საშინელი ტრაგედია, რომელიც ევროპაში ხდება 21-ე საუკუნეში.

- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არაერთხელ შეაქო საქართველოს ხელისუფლება სწორედ იმის გამო, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების შემოღებას. რას გვაჩვენებს კრემლიდან მომდინარე მსგავსი შინაარსის პოზიტიური განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ? როგორ ფიქრობთ, რა არის ამ შემთხვევაში კრემლის მიზანი?

- ქართველები რუსებს ძალიან კარგად იცნობენ. მე არ მჭირდება თქვენთვის იმის შეხსენება, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% არ ექვემდებარება ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს, არ მჭირდება არც იმის შეხსენება, რომ რუსეთის ჯარი არის განთავსებული დედაქალაქიდან 40 კილომეტრში. შესაბამისად, ცხადია, რომ ეს არის საქართველოსა და დასავლეთს შორის უთანხმოების ჩამოგდების კლასიკური გზა. ჩემი აზრით, ეს არის მცდელობა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მისწრაფებებისთვის ხელის შეშლის, გადადების ან კურსიდან გადახვევის. სულაც არ მიკვირს, რადგან ეს არის რუსეთის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კლასიკური მაგალითი.

- იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჩემი ბოლო კითხვაა, მსურს აკრედიტაციის და ქცევის იმ ნორმებსაც შევეხო, რომელიც პარლამენტში მომუშავე ჟურნალისტებისთვის შემოდის. ოპოზიციის ნაწილი და მესამე სექტორი ხედავს საფრთხეს, რომ აღნიშნული რეგულაციების მიზანი მედიის მუშაობის შეზღუდვა იყოს, რის კონტექსტშიც უკვე მოუწოდეს კიდეც პარლამენტის თავმჯდომარეს, შეცვალოს მისი ბრძანება. თქვენ თუ ხედავთ მსგავს საფრთხეებს?

- მე არ ვარ აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებით ექსპერტი. როგორც ვიცი, აკრედიტაციის პროცესი არსებობს პარლამენტების უმეტესობაში, თუ არა ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის პარლამენტში. როდესაც საქართველოს პარლამენტში მივდივართ და უკანასკნელ პერიოდში ამას საკმაოდ ხშირად ვაკეთებ, ვხედავ ჟურნალისტების საკმაოდ დიდ რაოდენობას და ვიმედოვნებ, რომ ნებისმიერი სახის რეგულაცია, რომელიც დაწესებული იქნება, ამ მდგომარეობას არ შეცვლის. ამავდროულად, მე სრულად მესმის, რომ პარლამენტი არის ადგილი, სადაც არსებითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს და პარლამენტის წევრებს უნდა ჰქონდეთ სიმშვიდე და არ უნდა შეეშალოთ ხელი. ამიტომ, ვნახოთ, როგორ იქნება ეს ახალი რეგულაციები განხორციელებული. ვიმედოვნებ ჟურნალისტების ყოველ ჯერზე ნახვას, როცა კი პარლამენტში მივდივარ, თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეული წესრიგი უნდა იყოს დაწესებული. ამიტომ მოდით, დაველოდოთ, როგორ იმუშავებს ეს პრაქტიკაში.

სალომე აბულაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო