პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ინფორმაციით, პარტიის წევრებისა და ბათუმელების მიერ მიწისძვრის შედეგად დაზარალებული თურქი ხალხის დასახმარებლად შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი, ბათუმში, თურქეთის საკონსულოს დახმარების შტაბში გაიგზავნა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დახარისხებულ პროდუქტს, ჰიგიენურ საშუალებებსა და ტანსაცმელს მეზობელ ქვეყანაში ხვალ ჩაიტანენ.
„ჩვენ ვდგავართ მეგობარი ქვეყნების გვერდით. როცა უკრაინაში ომი დაიწყო, 26 თებერვალს ბათუმში უკრაინის დახმარების ჰუმანიტარული ცენტრი გავხსენით და თითქმის ერთი წელია ამ მიმართულებით ვმუშაობთ. თურქეთში დატრიალებული ტრაგედიის მეორე დღესვე, მეზობელი ქვეყნის დასახმარებლად გავერთიანდით და „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებით, 7 თებერვალს თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში თურქეთისთვის დახმარების შტაბები ამოქმედდა. 10 თებერვალს ბათუმიდან გაიგზავნა პირველი დახმარება თურქეთის მიმართულებით. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ თურქეთის გენერალურ საკონსულოსთან ბათუმში და მათ მიერ მოწოდებული ჩამონათვალის მიხედვით, ჰუმანიტარულ დახმარებას ვაგროვებთ. ძირითადად, მოთხოვნა თბილ ტანსაცმელზე, საბნებზე, ჰიგიენურ საშუალებებზე, ბავშვთა კვებაზე და საფენებზეა. დღეს უკვე ბათუმისა და ზუგდიდის ოფისებში დახარისხებულ ჰუმანიტარულ დახმარებას ვაგზავნით თურქეთში. ტრანსპორტირებას თურქეთის გენერალური საკონსულო უზრუნველყოფს.
მოვუწოდებთ ბათუმელებს, რომ იაქტიურონ მეგობარი ქვეყნის დასახმარებლად. აქვე აღვნიშნავ, რომ ყოველ დღე 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ვმუშაობთ. დიდი მადლობა ბათუმელებს, ზუგდიდელებს, უკრაინელებსა და ბელორუსებს გაწეული დახმარებისთვის”, - აღნიშნა „ლელოს“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გენო თებიძემ.