საია სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს, შეწყვიტოს ხელოვნების წარმომადგენლებზე „ზეწოლა და მათ საქმიანობაში უხეში ჩარევა“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სანდრო სულაბერიძის ქმედება არ შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს და ამ კუთხით მის წინააღმდეგ გამოძიების წარმოება მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებით განმტკიცებულ გარანტიებს, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

საია მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის გამოძიება ხელოვნების წარმომადგენლებზე ზეწოლის მექანიზმია, რომლის მიზანიც სხვა პირებისთვის არის ერთგვარი მითითება/გაფრთხილება, გარკვეულ საკითხებზე საკუთარი პოზიციების გამოხატვისგან შეიკავონ თავი.

„საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია („საია“) მიიჩნევს, რომ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს. ქურდობა გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება. შესაბამისად, გამოძიების დაწყება ზემოთ მითითებული კვალიფიკაციით, იმთავითვე არასწორია. დამატებით, ხაზგასასმელია, რომ გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ საქმეებში სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ფარგლები სისხლის სამართლებრივი რეჟიმის გამოყენებისას ვიწროა. ევროპული სასამართლო არაერთ საქმეში მიუთითებს, რომ გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული სანქცია, თავისი არსით, ცენზურას არ უნდა უტოლდებოდეს და მსუსხავი ეფექტი არ უნდა ჰქონდეს კრიტიკული აზრის დაფიქსირების შესაძლებლობაზე.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ სანდრო სულაბერიძის ქმედება არ შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს და ამ კუთხით მის წინააღმდეგ გამოძიების წარმოება ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებით განმტკიცებულ გარანტიებს მნიშვნელოვნად აზიანებს. საია მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის გამოძიება ხელოვნების წარმომადგენლებზე ზეწოლის მექანიზმია, რომლის მიზანიც სხვა პირებისთვის არის ერთგვარი მითითება/გაფრთხილება, გარკვეულ საკითხებზე საკუთარი პოზიციების გამოხატვისგან შეიკავონ თავი.

აღსანიშნავია, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური ცვლილებები დაიწყო. შედეგად, ამ დროისთვის დაკავებული პოზიციებიდან მრავალი დასაქმებული გათავისუფლდა. საია აქტიურად მუშაობს კულტურის სფეროში მიმდინარე შრომით დავებზე, რომლებიც სწორედ ახალი მინისტრის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგია. აქვე აღსანიშნავია, სახალხო დამცველის 2022 წლის 26 ოქტომბერის რეკომენდაცია განსხვავებული მოსაზრებების ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის თაობაზე, რომლის საფუძველზეც უწყებას დაევალა დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრა, რაც სრულიად უპასუხოდ იქნა დატოვებული.

ასევე, აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 12 თებერვალს სანდრო სულაბერიძის საქმესთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე, ეროვნული გალერეის წინ, სახელოვნებო და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს გზავნილით „ხელოვნება ცოცხალი და თავისუფალია“. როგორც საჯაროდ გავრცელებული წყაროებიდან ირკვევა, საპროტესტო აქციაზე, სამოქალაქო აქტივისტს, ნატა ფერაძეს სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც მან ფიზიკური დაზიანება მიიღო. მისი განცხადებით, სამართალდამცავები მას იმ საღებავების გამო დაუპირისპირდნენ, რომლებიც პარკში ეწყო და ისინი არ გამოუყენებია.

მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, როგორც აზრის გავრცელების საშუალება, დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია და გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით ისე საერთაშორისო აქტებით. შეკრება ჯანსაღი პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას, ცნობიერების ამაღლების, ცვლილებებისა თუ რეფორმების პროცესს და წარმოადგენს ხელისუფლებაზე ზემოქმედების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ საშუალებას. სახელმწიფოს არ აქვს უფლება ჩაერიოს მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს შეკრების თავისუფლებაში. ნებისმიერი ძალადობრივი აქტი არის არალეგალური და არღვევს ადამიანის უფლებათა ფუნდამენტურ პრინციპებს. ნატა ფერაძის ინციდენტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იძლევა საშუალებას ვიფიქროთ, რომ ადგილი ჰქონდა შეკრების თავისუფლებაში არალეგიტიმურ ჩარევას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს შეწყვიტოს ხელოვნების წარმომადგენლებზე ზეწოლა და მათ საქმიანობაში უხეში ჩარევა, ასევე, თავი შეიკავოს შეკრების თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევისგან, ხოლო, გულდასმით შეისწავლოს ასეთი ფაქტები და მოახდინოს მასზე ჯეროვანი რეაგირება,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა