რომის პაპი - საქართველო ყოველთვის ახერხებდა ფეხზე წამოდგომასა და გაბრწყინებას, მაშინაც კი, როცა გამუდმებით ექცეოდა უცხოელი დამპყრობლების ბატონობის ქვეშ - ქართველები იმსახურებენ ფართო გზასა და შესაძლებლობებს

არ მავიწყდება ის მიწები, რომლებიც ჯერ კიდევ წართმეული გაქვთ , - ამის შესახებ პაპმა ფრანცისკემ, საქართველოზე საუბრისას, ვატიკანში ვიზიტად მყოფ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დელეგაციას განუცხადა.

პონტიფიკოსის მიმართვის სრულ ტექსტს წმინდა საყდრის ნუნციო საქართველოში, მონსინიორ ჟოზე აველინო ბეტანკური ავრცელებს.

„საქართველოს ისტორია აღსავსეა სიბნელიდან ნათელში გადასვლის ფაქტებით, რამეთუ თქვენი ქვეყანა ყოველთვის ახერხებდა ფეხზე წამოდგომასა და გაბრწყინებას, მაშინაც კი როცა საუკუნეების მანძილზე გამუდმებით ექცეოდა უცხოელი დამპყრობლების ბატონობის ქვეშ. არ მავიწყდება ის მიწები, რომლებიც ჯერ კიდევ წართმეული გაქვთ. მუდამ ხალისიანი და მამაცი, სტუმრისა და სიცოცხლის მოყვარე ერი, ყველაზე შავბნელ პერიოდებშიც კი, სწორედ რწმენისა და კულტურის წყალობით ინარჩუნებდა ოპტიმისტურ განწყობას. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია როლი კათოლიკური ეკლესიისა, რომელმაც ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო ქართველი ერის კულტურასა და ისტორიას”, - აღნიშნა პაპმა.

შეხვედრისას, კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა განაცხადა, რომ „ქართველები, ახალგაზრდებით დაწყებული, იმსახურებენ ფართო გზასა და შესაძლებლობებს“.

პაპის თქმითვე, „ტიპური ქართული ჰუმანიზმი, მისი განუმეორებლობითა და მიმზიდველობით, ღირსია საყოველთაო დაფასებისა, თავისი ხელოვნებით, მუსიკით და სხვა გამომსახველობითი ფორმებით, რომლებიც კიდევ უფრო გამდიდრდება სხვა კულტურებთან პატივისცემით გამსჭვალული ურთიერთობის შედეგად”.

თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებისადმი მიმართვისას, პაპმა ფრანცისკემ განათლების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

პონტიფიკოსის თქმით, „ხშირად სწორედ დავიწყება და გულგრილობა აბნელებს და განურჩეველს ხდის ყოველივეს ირგვლივ; ხოლო კულტურა და განათლება წარსულის ხსოვნას გვიბრუნებს და შუქს ჰფენს აწმყოს. ეს აუცილებელია ახალგაზრდის და, საერთოდ, მთელი საზოგადოების ზრდისთვის”.

„როგორც შევიტყვე, კეთილშობილ ქართულ ენაში ტერმინი „educazione“ (“აღზრდა”) ჟღერს როგორც „განათლება“. ეს ძალზე საინტერესოა, რადგან მომდინარეობს სიტყვიდან „ნათელი“ და გულისხმობს უვიცობის წყვდიადიდან ცოდნის სინათლისკენ სვლას. აღზრდა თქვენებურად ნათლისკენ მობრუნებაა, განათლების სინონიმია. ეს ძალზე ნიშანდობლივია - ბნელ ოთახში სანთლის ანთებას ჰგავს; არაფერი იქ არსებული არ იცვლება, მაგრამ ყოველი საგანი სხვაგვარად წარმოჩნდება. სწორედ ასეთია თქვენს უნივერსიტეტში მიღებული განათლება, რომელიც ყველაფრის შუაგულში ადამიანის პიროვნულ ღირსებას მოიაზრებს”, - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.

გარდა ამისა, პონტიფიკოსმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ როცა სევდა შემოაწვება, მის მუსიკას უსმენს.

„მახსენდება პატრიარქი ილია - დიდი ადამიანი! როცა სევდა შემომაწვება, მის მუსიკას ვუსმენ, მის სიმღერებს და თავს უკეთ ვგრძნობ! ბრავო! - ღვთისკაცი, რომლის სახესაც ჩემს ლოცვებში ვატარებ და რომლის ძვირფას მუსიკალურ ქმნილებებსაც შთაგონებით ვუსმენ. გულში ვინახავ მასთან შეხვედრებს, განსაკუთრებით, საპატრიარქო ტაძარში, როცა ერთმანეთის გვერდით ვიდექით, ნიშნად ქრისტეს კვართისა, რომელიც სახარებაში აღწერილია, როგორც „არა ნაკერი, არამედ თავიდან ბოლომდე ნაქსოვი“ (იო 19, 23) და რომელიც გადმოცემისამებრ, ეკლესიის ერთიანობას, ქრისტეს სხეულს განასახიერებს. თქვენი უნივერსიტეტი ნათელი მაგალითია კათოლიკეებისა და მართლმადიდებლების ნაყოფიერი თანამშრომლობისა კულტურისა და განათლების სფეროებში. არ მავიწყდება ჩინებული ღვინო, პატრიარქმა ილიამ რომ გამასინჯა - მაგარი, მაგრამ ძალიან კარგი!“, - დასძინა პაპმა.

რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 11.07.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  ყველაფერი ასე გაგრძელდა, თან ამას დაემატა დასავლეთის მიერ არჩევნების შედეგების არ აღიარება, დასავლეთის საქართველოსთან პარტნიორობა დასრულდება და დასრულდება ყველა მიმართულებით
ფლორენს ბაუერი - დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების საუკეთესო გზა არის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ადამიანებს საკუთარი მომავლისა და ოჯახის მიმართ მტკიცე რწმენას გაუჩენს
უპრეცედენტო პირობები Renault Captur-ის ახალი ავტომობილის შეძენისას
თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს
ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია