ანალიტიკურმა ცენტრმა „ჯეოქეისი“ საქართველო-ავსტრიის ორმხრივ ურთიერთობებზე ვებინარი გამართა

ავსტრიის ფედერალური კანცლერის კარლ ნეჰამერის საქართველოში ვიზიტის შემდგომ, ანალიტიკურმა ცენტრმა „ჯეოქეისი“ საქართველო-ავსტრიის ორმხრივ ურთიერთობებზე ვებინარი გამართა. ინფორმაციას „ჯეოქეისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვებინარის სპეციალური სტუმარი და მომხსენებელი იყო თომას მიულმანი, ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში. განხილვას მოდერატორობას „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი უწევდა.

„ელჩმა მიულმანმა ავსტრიის კანცლერის საქართველოში ოფიციალური ვიზიტი მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ამ ისტორიულმა ვიზიტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ავსტრიის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და მის მისწრაფებას ევროკავშირში ინტეგრაციისკენ.

თომას მიულმანის თქმით, კანცლერს სამი ძირითადი გზავნილი ჰქონდა. ეს გზავნილები ეხებოდა: 1) ევროსაბჭოს მიერ დაწესებული თორმეტი რეკომენდაციის შესრულების მნიშვნელობას; 2) რუსეთის მხრიდან მის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების თავის არიდებისათვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენების შეუძლებლობას; 3) ავსტრიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევ მხარდაჭერას.

თომას მიულმანმა გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, Covid-ის კრიზისის მიუხედავად, საქართველოსა და ავსტრიას შორის ეკონომიკური ურთიერთობების ზრდაზე ისაუბრა, და აღნიშნა, რომ ავსტრიული კომპანიები საქართველოს ლოჯისტიკისა და ტურიზმის სექტორში მეტ ინვესტირებას გეგმავენ, რადგან ისინი საქართველოს ხედავენ, როგორც ჰაბს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისა და ომის გამო მიწოდების ჯაჭვში ცვლილებები მოხდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ავსტრიის საელჩო აპირებს მოაწყოს საქმიანი ღონისძიება, რომელიც საქართველოსა და ავსტრიის ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობას მისცემს შეხვდნენ და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილონ. ელჩის თქმით, მსგავსი აქტივობები ხელს შეუწყობს ბიზნესის დიალოგს და ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას დაეხმარება.

განხილვაზე, ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით და ქვეყნის მიერ ევროკომისიის თორმეტი რეკომენდაციის შესრულების პროცესს“,-აღნიშნულია ინფორაციაში.

„ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებაში ძალიან მკაფიო გზავნილი გააჟღერა და ახლა ჯერი თქვენზეა. თქვენ მარტო არ ხართ ევროინტეგრაციის გზაზე, ამ პროცესში ევროკომისია და ევროკავშირის წევრი ქვეყნები თქვენს გვერდით არიან, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველომ თავისი საქმე თავად შეასრულოს. ამას პარტნიორები თქვენს მაგივრად ვერ გააკეთებენ. ეს თქვენი ცივილიზაციური არჩევანია, გახდეთ ევროპული ოჯახის წევრი“, - აღნიშნა ელჩმა მიულმანმა.

ვიქტორ ყიფიანმა მადლობა გადაუხადა ელჩს გამოწვევებით აღსავსე პერიოდში ავსტრიის მხრიდან საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის. „ეს გამოწვევები ყველას თანაბრად გვეხება და ჩვენი ძალისხმევის გაერთიანებას მნიშვნელოვანს ხდის. ერთობლივი ძალებით შევძლებთ დავძლიოთ დაბრკოლებები და მივაღწიოთ გრძელვადიან, სტაბილურ მშვიდობასა და კეთილდღეობას ევროპაში“, – აღნიშნა მან.

იხილეთ ვებინარის ჩანაწერი

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა