საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ცისანა კობახიძეს სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის პერიოდულ გამოცემათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ მთავარ ქორეოგრაფს, ცისანა კობახიძეს სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცისანა კობახიძე 1963 წლიდან, უკვე 60 წელია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოღვაწეობს.

„60 წელი არის მთელი ცხოვრება. ჩვენმა ცისანამ, სწორედ რომ მთელი ცხოვრება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იმუშავა, იყო და არის უნივერსიტეტის ერთგული. დღეს, 85 წლის ასაკში, ისევ ჩვენს უნივერსიტეტშია, ისევ სტუდენტებს ემსახურება და ისეთივე ენერგიულია, როგორც უნივერსიტეტში მოსვლის პირველ დღეს. მადლობა მინდა გადავუხადო მას ერთგულებისა და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის. ასევე, მადლობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, რომელმაც მხარი დაუჭირა ქალბატონი ცისანა კობახიძის უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოებას“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, ცისანა კობახიძე უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში მუშაობის პერიოდში სხვადასხვა ეტაპი განვლო, დღეს კი პერიოდულ გამოცემათა დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

„ცისანა განსაკუთრებულად უყვართ უნივერსიტეტში. გარდა იმისა, რომ ბიბლიოთეკაში მუშაობს, აქტიურადაა ჩართული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიის „მოდინახე“ შემოქმედებაში. ის ამ დასის მთავარი ქორეოგრაფია და ასევე, არაერთ პარტიას ასრულებს მსახიობის რანგში. გარდა თეატრისა, მრავალი წელია სამეჯლისო ცეკვების არაჩვეულებრივი შემსრულებელია, მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონკურსებსა და სატელევიზიო პროექტებში. სამეჯლისო ცეკვების კონკურსებში საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის წოდება მოიპოვა. ცისანა არის ერთგული და კეთილსინდისიერი ადამიანი. მინდა მადლობა გადავუხადო მას ყველაფრისთვის. ასევე, მადლობა რექტორს, აკადემიურ საბჭოს ცისანას დაფასებისთვის“, - აცხადებს სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ვაჟა პაპასკირი.

ცისანა კობახიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს, უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს და ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს, პროფესორ ვაჟა პაპასკირს დაფასებისა და მხარდაჭერისთვის.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა