ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2023

“გააზრებულ ნაბიჯებს ვერ ვხედავ” - ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციაზე

რატომ ამარტივებს ვიზებს რუსეთი და რომელი ქვეყნები შევლენ კრემლის პრივილეგირებულ სიაში

ომის წლისთავზე დასავლეთი უკრაინის დახმარების განსაკუთრებულ პაკეტს ამზადებს

* * *

“გააზრებულ ნაბიჯებს ვერ ვხედავ” - ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციაზე

“ნაციონალური მოძრაობა” სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით 20 თებერვალს მასშტაბურ აქციას აანონსებს. პარტიაში აცხადებენ, რომ მოთხოვნის შესრულებამდე პროტესტი არ შეწყდება. ნიკა მელიას გუნდი აქციას არ უერთდება, რადგან, მათი აზრით, ეს ნაბიჯი პოპულისტურია. აზრთა სხვადასხვაობაა რეგიონებში გამართულ აქციებთან დაკავშირებითაც. საპროტესტო ტალღა მასშტაბური ვერ აღმოჩნდა, ხაბეიშვილი ხალხს ვერ აგროვებს. 20 თებერვლის აქციას არ უერთდება “ლელო” და დიდი ალბათობით სხვა ოპოზიციური პარტიებიც, რომლებიც არ იზიარებენ ენმ-ის გადაწყვეტილებას საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ოცნებაში კი აცხადებენ, რომ ბოიკოტი და პროტესტი სასიკეთო შედეგს ვერ მოიტანს. ექსპერტთა ნაწილი ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს სკეპტიკურად უყურებს. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან გააზრებულ ნაბიჯებს ვერ ხედავს. ექსპერტი პეტრე მამრაძე კი აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” რეალურად დაშლილია, თუმცა პატარ-პატარა პერფორმანსების მოწყობა შეუძლიათ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “გააზრებულ ნაბიჯებს ვერ ვხედავ” - ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციაზე.

“რთულია ლაპარაკი მთლიანად ოპოზიციის ნაბიჯებზე, რას აკეთებენ, მაგრამ გააზრებულ ნაბიჯებს ვერ ვხედავ, პარლამენტში ოპოზიციაზე საუბარიც კი ზედმეტია, იქ მათი “ჩამი- ჩუმიც” არ ისმის. რაც შეეხება ხაბეიშვილის მცირე აქციებს რეგიონებში, ეს აქციები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ თბილისში დიდი აქცია ჩატარდება... რაც შეეხება შიდაპარტიულ დაპირისპირებას, რეალურად, პარტია ორად არის გაყოფილი. მელია მოწოდებებით არ გამოვა, ლოდინის რეჟიმშია, ხაბეიშვილს ხელს არ უშლიან თავისი პოლიტიკა რომ გაატაროს, აცდიან სანამ მისი რეიტინგი დაეცემა. სავარაუდოდ პარტიას მელია თავის გუნდით შემოდგომაზე გაემიჯნება. ხაბეიშვილი კი უკვე მეთოდურად ცდილობს შეავიწროვოს მელია და მისი ჯგუფი, რათა დატოვონ პარტია. ბოიკოტის გამოცხადება კი არასერიოზული და არაფრის მომტანი ნაბიჯია. შედეგს ვერ მიიღებენ, თუ პარლამენტს დატოვებენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“რაც შეეხება მთლიანად ოპოზიციას, სამწუხაროდ არ შეიმჩნევა მათი მხრიდან რაიმე კონსტრუქციული მოქმედება, რომელიც ეროვნულ ინტერესებს მოემსახურებოდა. “ნაცმოძრაობა” კი სრულიად დეგრადირებულია. პარტია რეალურად დაშლილია, მაგრამ პატარ-პატარა პერფორმანსების მოწყობა კიდევ შეუძლიათ. საზოგადოება არ უნდა მოტყუვდეს, რომ ეს არის სერიოზული ძალა. ოპოზიციას ხალხში საყრდენი არ აქვს, გვახსოვს “ნაცმოძრაობის” გათანგული აქციები მელია რომ აწყობდა, დახეტიალობდენ აქეთ- იქით ქალაქში. პარტიის ახალი თავმჯდომარე ხაბეიშვილი კი იმდენად არაადეკვატურია, რომ არა მგონია შეძლოს რაღაც გრანდიოზული აქციის მოწყობა. ხალხს ვერ აგროვებენ; სააკაშვილის თემა გაცვეთილია, საქართველოს აქვს იმის ნებისყოფა, რომ დაიცვას კანონის უზენაესობა და ვერანაირი რეზოლუცია სააკაშვილს ვერ გამოუშვებს” - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

რატომ ამარტივებს ვიზებს რუსეთი და რომელი ქვეყნები შევლენ კრემლის პრივილეგირებულ სიაში

“რუსეთი ახალ თემაზე ალაპარაკდა - 11 ქვეყანასთან უვიზო რეჟიმის შემოღებას გეგმავს, კიდევ 6-თან კი გამარტივებული პირობებით. ჯერჯერობით უცნობია შეიყვანს თუ არა ამ ჩამონათვალში საქართველოს, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, თუ ვიზებს საქართველოს მოქალაქეებისთვისაც გაამარტივებენ, ეს იმისკენ იქნება მიმართული, რომ ჩვენსა და დასავლეთს შორის ხიდი ჩატეხონ. ამასთან, ანალიტიკოსთა შეფასებით, ეჭვს ბადებს ყოველივე ის, რომ ბოლო პერიოდში კრემლიდან საქართველოს მისამართით მცირე ინტერვალით კეთდება განცხადებები და ეს ხდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე საბოლოო პასუხის წინ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ ამარტივებს ვიზებს რუსეთი და რომელი ქვეყნები შევლენ კრემლის პრივილეგირებულ სიაში.

“რუსეთი 11 ქვეყანასთან უვიზო რეჟიმის შემოღებას გეგმავს, კიდევ 6-თან - გამარტივებული წესით. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სახელმწიფო დუმაში გამოსვლისას განაცხადა. “სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე ვმუშაობთ. ახლა დაახლოებით, თერთმეტ ქვეყანასთან უკვე დაგეგმილია უვიზო მიმოსვლისთვის ხელმოწერა, კიდევ ექვსთან, თუ არ ვცდები, ინდოეთის, ინდონეზიით ჩათვლით- გამარტივებული პირობები.. არ დაგვავიწყდეს, რომ ვმუშაობთ დიდი რაოდენობით ქვეყნებისთვის ელექტრონული ვიზების გაცემაზე შეზღუდვების მოხსნაზე, იქ დაახლოებით 70 ქვეყანაა, გარდა არამეგობრულებისა, რომლებმაც შეწყვიტეს ჩვენთვის გამარტივებული წესით ვიზების გაცემა”, - განაცხადა ლავროვმა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ რუსულ საგადასახადო სისტემა “მირთან” დაკავშირებული პრობლემების მოგვარება შესაძლებელი გახდება. როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აღნიშნავს, თუკი რუსეთი სიაში საქართველოსაც ჩასვამს, მაშინ სავარაუდოა, რომ რუსეთს ის მოტივი ექნება, რომ საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობაში საქმე გაუფუჭოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როცა ლავროვმა, “კომპლიმენტი” გვითხრა, რა კარგად იქცევა საქართველოო. მაშინ ოპოზიცია ამბობდა, ასე რატომ თქვაო. მაშინ აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს ბოლო ინტერვიუში ასეთი პასუხი ჰქონდა - ლავროვი სანდო კაცი არაა და იმან თუ თქვა კარგად იქცევითო, ე.ი. რაღაც ინტერესით იძახის, დაინტერესებულია იმაში, რომ საქართველოსა და დასავლეთს შორის ხიდი ჩატეხოს და ამისთვის დგამს ეგეთ ნაბიჯებსო. ამ შემთხვევაში დეგნანს ვეთანხმები და თუკი რუსეთის მხრიდან მსგავსი ნაბიჯი განმეორდება, მაშინ სავარაუდოა, რომ რუსეთს იგივე მოტივი ექნება, კერძოდ ის, რომ საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობაში საქმე გაუფუჭოს. იმის გარანტია არ გვაქვს, რომ დასავლეთი რუსეთის თვალთმაქც ნაბიჯს მიხვდეს. გვახსოვს, როცა ფრენების თაობაზე ლაპარაკი იყო, მაშინ აშშ-დან საქართველოს მიმართ რეპლიკა გაისმა, რომ ახლა ურთიერთობის გაუმჯობესების დრო არააო. მისმა წარმომადგენელმა დეგნანმა ეს ვარიანტი გვითხრა, რომ საქართველო არაფერ შუაშია რუსეთი თავისას თამაშობსო. მეორე წარმომადგენელმა პირით შენიშვნა მოგვცა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“ამ ნიშნულს კანდიდატის სტატუსის მიღებაზე რაღაც გავლენა ექნება, მაგრამ თავისთავად რუსეთი უფრო პრაგმატულია და ბოლო ხანების ეს ძალისხმევა რამდენიმე ხაზითაა განპირობებული - ჩვენთან ახლა ტრანზიტის ის ხაზები გადის, რომლებიც ადრე რუსეთზე გადიოდა და ახლა სანქციების გამო, საქართველოზე გადმოლაგდა, თან ინტენსიურად იწყება ახალი პროექტები, ამიტომაც, ბუნებრივია, რომ რუსეთს ეკონომიკურ იზოლაციაში ყოფნა არ აწყობს და სატრანზიტო ფუნქციის დაბრუნება უნდა. ამისთვის რუსეთმა ან ომი უნდა გაამთავროს, რაც აშკარად არ უნდა, ან საქმე უნდა გაუფუჭოს იმ ქვეყნებს, რომელზედაც ტრანზიტი გავა”, - დაასკვნის საყვარელიძე. ჯიპას ასოცირებული პროფესორი და საგარეო პოლიტიკის ექსპერტი თენგიზ ფხალაძე კი აცხადებს, რომ ჯერჯერობით უცნობია სიაში საქართველოს შეიყვანენ თუ არა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამას საქართველოსთვის მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, რადგან მისი გზა ევროკავშირისკენ მიდის” - დასძენს გამოცემა.

“ამ წუთას არ ვიცი ამ ქვეყნების რიცხვში საქართველო იქნება თუ არა, თუმცა მთავარი ისაა, რომ ჩვენი დღის წესრიგის განმსაზღვრელი უნდა იყოს არა ის, რუსეთი გაამარტივებს თუ არა სავიზო რეჟიმს, არამედ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს და ის გზა რასაც ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჰქვია მინიმალური დაბრკოლებებით გავიაროთ. რუსეთი ვიზას გააუქმებს თუ არა, ოკუპანტ სახელმწიფოდ რჩება, რომელიც საქართველოს მტერია, თუ ოკუპაციის სანაცვლოდ სავიზო რეჟიმს გაგიუქმებს, დიდი ვერაფერი ბედენაა. საბჭოთა კავშირში ვიზა საერთოდ არ გვჭირდებოდა, მაგრამ მთლიანად ვიყავით ოკუპირებულები. თუ ვინმეს ასეთი რუსეთი ენატრება, მას წასვლა ვიზითაც შეუძლია და უვიზოდაც”, აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“საქართველოს გზა აბსოლუტურად სხვა მიმართულებითაა, ამას ვერც რუსეთთან სავიზო რეჟიმი შეუშლის და ვერც უვიზოდ. ზოგადად რუსეთის ტიპის სახელმწიფოსთვის დამახასიათებელია და ჰგონიათ, რომ ვიღაცისთვის უვიზო რეჟიმის შეთავაზება ძალიან დიდი რაღაცაა. ზუსტად ამიტომაც ისინი სხვა განზომილებაში არიან და ჩვენ სხვა. ჩვენი პრობლემა ის კი არაა რუსეთი ვიზებს გაამარტივებს თუ არა, პრობლემა იმაშია, რომ რუსეთის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი და საქართველოში მთელი წლის განმავლობაში დარჩენის უფლება აქვთ, პრობლემა ესაა და მისახედია. არ შეიძლება ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე იმ პრივილეგიებით სარგებლობდეს, რითაც რუსეთის მოქალაქეები საქართველოში სარგებლობენ”, - მიიჩნევს ფხალაძე.

ომის წლისთავზე დასავლეთი უკრაინის დახმარების განსაკუთრებულ პაკეტს ამზადებს

ნატო უკრაინაში რუსების შემდგომ იერიშს გაზაფხულზე ელის, რისთვისაც საკონტაქტო ჯგუფის პარტნიორებთან კიევის მხარდაჭერისთვის მიდის მუშაობა, რომ ბრძოლის ველზე საჭირო ეფექტი შეიქმნას. “რამშტაინის” ფორმატის შეხვედრაზე, წინა პლანზე სამი ძირითადი საკითხი წამოიწია - საბრძოლო მასალების წარმოების გაზრდა, ტანკების მიწოდების დაჩქარება და მორიგი უპრეცედენტო ფულადი დახმარების გამოყოფა. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია რამდენიმე განცხადებას ამზადებს, რომლებიც მიმართულია იმისთვის, რომ ომის წლისთავზე უკრაინისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა აჩვენოს. ამასთან როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ყინული მოერიშე თვიითმფრინავების გადაცემასთან დაკავშირებითაც დაიძრა, რადგან გერმანიის თავდაცვის მინისტრის ბორის პისტორიუსის განცხადებით, უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემაზე საუბარი 3-4 თვეში იქნება შესაძლებელი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ომის წლისთავზე დასავლეთი უკრაინის დახმარების განსაკუთრებულ პაკეტს ამზადებს.

“შეერთებულმა შტატებმა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოებაზე ორ კომპანიასთან 522 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა .მედიის ინფორმაციით, შეკვეთა მიიღეს “ნორტროპ გრუმმან სისტემს”-მა და “გლობალ მილიტარი პროდუქტს”-მა. შეერთებული შტატები ახალი ტვირთიდან საბრძოლო მასალის უკრაინაში ჩატანას მარტში გეგმავს. კონტრაქტები დაიდო პენტაგონის ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანი უკრაინის უსაფრთხოების შენარჩუნებაა. ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი წერს, რომ უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის “რამშტაინის” ფორმატში შეხვედრის მეორე დღეს, უკრაინისთვის ტანკების მიწოდება უნდა განიხილონ. მისი თქმით, იგი მადლობელია „რამშტაინის" მონაწილე ქვეყნების და ნატო-ს წევრი ქვეყნების, ხოლო ხვალ “მეტ დროს დახარჯავენ ტანკების საკითხის განხილვაზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში “რამშტაინის” ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს უკრაინას გამოუყონ: “ბრედლისა” და “აბრამსის” ტანკები აშშ-დან, “ჩელენჯერის” ტანკები - გაერთიანებული სამეფოდან, ასევე მოდერნიზებული ტანკები აშშ-დან, ნიდერლანდებიდან და ჩეხეთიდან და თ-72 ტიპის ტანკები პოლონეთიდან. დახმარება ასევე მოიცავს მნიშვნელოვან ნაბიჯებს “ლეოპარდის” ტანკებთან დაკავშირებით კანადიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, ნორვეგიიდან, დანიიდან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან და პორტუგალიიდან. “სკაი ნიუსი”ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ უკრაინისთვის 10 მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკური დახმარების პაკეტს ამზადებს. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რამდენიმე განცხადებას ამზადებს, რომლებიც მიმართულია იმისთვის, რომ შემდეგ კვირას ომის დაწყებიდან წლისთავზე უკრაინისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა აჩვენოს”, - განაგრძობს გამოცემა.

“იგი მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს და 10 მილიარდი დოლარის ეკონომიკური დახმარების პოტენციალურ პაკეტს, რათა კიევში მყოფ ხელისუფლებას ფუნქციონირებაში დაეხმაროს. გამოცემის წყაროების თანახმად, აღნიშნული პაკეტი უკრაინის ხელისუფლებისთვის პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება იქნება. მათი თქმით, უახლოეს დღეებში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთ დიდ პაკეტზე იქნება განცხადებული. პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ შეხვედრაზე სამი ძირითადი საკითხი წამოიწია, ესაა საბრძოლო მასალების წარმოების ზრდა, ტანკების მიწოდების დაჩქარება და უპრეცედენტო დახმარება უკრაინას. ამასთან, როგორც ბერიძე აღნიშნავს, მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემაზეც ყინული დაიძრა”, - დასძენს გამოცემა.

“სამი ძირითადი საკითხია, რაც შეიძლება “რამშტაინის” შეხვედრიდან გამოვკვეთოთ, პირველი, ესაა საბრძოლო მასალების წარმოება, რომელიც უკრაინისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ამ მხრივ ნაკლებობაა. განსაკუთრებით საარტილერიო საბრძოლო მასალები. ასევე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საბრძოლო მასალების წარმოება გაზარდონ, აშშ-მა უკვე ორ კომპანია დაასახელა, რომ უკვე კონტრაქტი აქვთ გაცემული, რომ დაჩქარებული ტემპით დაიწყოს წარმოება და ევროპის ქვეყნები აპირებენ, რომ როგორც “კოვიდის” ფონდი შექმნეს და მასთან ბრძოლა ერთიანი ძალებით დაიწყეს, ამდაგვარი მეთოდით აპირებენ, რომ საბრძოლო მასალის წარმოება გაზარდონ და მწარმოებლებს გარკვეული შეღავათები მისცენ. ტანკების გადაცემის დაჩქარებაც ეტაპობრივად იქნება და კიდევ რაც საინტერესო იყო, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ბომბდამშენი ავიაციის გადაცემის საკითხზე ისეთი კედელი უკვე აღარაა და ჩვენ უკვე შეგვიძლიაო, ანუ ამ მიმართულებითაც ყინული დაიძრა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.

“რაც შეეხება ფუილად დახმარებას, ეს სერიოზული ციფრია, მაგრამ აშშ-ს დახმარება, რომელიც “რამშტაინის” შედეგად გაცხადდა, ეს მაინც საბრძოლოა. ტანკებია, საბრძოლო ტექნიკაა თუ საბრძოლო მასალებია, ეს ყველაფერი ფული ღირს... რუსეთის იერიში კი უკვე კარგა ხანია დაწყებულია, დონბასის ყველა მიმართულებაზე მიდის. სტრატეგიულად რომ ვიმსჯელოთ, დონეცკისა და ლუგანსკის მიღმა რუსეთს მეტი შესაძლებლობა არ აქვს და მათთვის არც არაფერი შედეგის მომტანი არ იქნება. ახლა რუსერთი ცდილობს, რომ დონბასის მიმართულებაზე ინიციატივა ისევ თავის მხარეს აიღოს. თებერვალი-მარტი უკრაინის დამცველებისთვის რთული იქნება, რადგან ამ პერიოდში ალბათ იმ დიდ დახმარებას ისეთი ტემპებით ვერ მიიღებენ და მაინც მოუწევთ, რომ დონბასის მიმართულებაზე შეტევა არსებული საშუალებებით შეაკავონ”, - დაასკვნის ლაშა ბერიძე.

“სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ “რამშტაინის” შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყდა, რაც შეეხება ფულად დახმარებას, მაისაია მიიჩნევს, რომ ამის გადაცემა პოლონეთის ჩართულობით მოხდება. “რამშტაინზე” ტანკების გადაცემის დაჩქარებას გაესვა ხაზი და როგორც მე ვიცი უკრაინა პირველ სერიას მარტში მიიღებს, ასევე მიიღებს საზენიტო სარაკეტო კომპლექსებს, რომ ჰაერი დაიცვან. ავიაგამანადგურებლებზე საკითხის დამუშავება, განხილვა და დებატები მიდის და ჯერჯერობით კონკრეტული პასუხი არ ყოფილა. ასევე საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდა იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. აშშ ათი მილიარდი დოლარის საკითხს პოლონეთთთან ერთად გადაწყვეტს, ამ თანხას მიაწვდის და იმ თანამედროვე შეიარაღების ნუსხას გადასცემს, რომელსაც პოლონეთი აშშ-სგან მიიღებს. პოლონეთს იმიტომ გადასცემენ, რომ ეს ფორპოსტია, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარების ვარიანტში და როგორც რუსეთის შემაკავებელი პრევენციული სტატუსის მქონე ქვეყანა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო