საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „გეოლოგია“ დოქტორანტი, ანზორ გიორგაძე, DAAD-ის პროექტის, „მდგრადი განვითარების პროექტი კავკასიაში,“ აკადემიური და კვლევითი ვიზიტით გერმანიაში, კარლსრუეს ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (KIT – Karlsruhe Institute of Technology) იმყოფებოდა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა დოქტორანტის მიერ, სადოქტორო თემის ფარგლებში, საკვლევი ტერიტორიიდან (მდინარე ტეხურის ხეობა), აღებული ნიმუშების შესწავლა კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის გამოყენებითი გეომეცნიერებების დეპარტამენტის ბაზაზე არსებულ სხვადასხვა პროფილის ლაბორატორიაში.
როგორც დოქტორანტი ანზორ გიორგაძე აცხადებს, კვლევის შედეგად, შვეიცარიული კომპანია Proceq-ის ხელსაწყოებით, დოქტორების, დენის ქუანდტისა და ბენჯამინ ბუშის, ხელმძღვანელობით, მოხდა ქანების ფიზიკურ-მექანიკური, ქიმიური და წყლოვანი მახასიათებლების განსაზღვრა. ასევე, სეისმური თვისებისა და პეტროგრაფიული შედგენილობის შესწავლა ელექტრონული მიკროსკოპის საშუალებით.
„გარდა ამისა, „კოიმბრას ჯგუფის სტიპენდია ახალგაზრდა მკვლევართათვის“ პროგრამის ფარგლებში ვიმყოფებოდი სალამანკას უნივერსიტეტის (University of Salamanca) მეცნიერების ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტში, სადაც პროფესორ იმა პალომერასის ხელმძღვანელობით გავეცანი დეპარტამენტის აკადემიური პერსონალის კვლევითი და სამეცნიერო საქმიანობის სპეციფიკას, მეთოდოლოგიას, დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენებით პროგრამა Move-ში მუშაობის პრინციპებს. ვიზიტი ასევე მოიცავდა ადგილობრივ დოქტორანტებთან ერთად რამდენიმედღიან საველე სამუშაოებს თანამედროვე ხელსაწყოების -გრავიმეტრი, მაგნიტომეტრი, გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტის აკადემიური პერსონალის წინაშე წარვდექი სადოქტორო დისერტაციის თემასთან დაკავშირებული მოხსენებით“, - აცხადებს დოქტორანტი ანზორ გიორგაძე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, დოქტორანტ ანზორ გიორგაძეს, ვიზიტის ფარგლებში სპეციალიზებულ ლექციებს და ვორქშოპებს დაესწრო.