თბილისის სააპელაციო სასამართლოში დავით კეზერაშვილის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

კეზერაშვილს ე.წ. წვრთნების საქმეზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვის ედავებიან.

დავით კეზერაშვილთან ერთად საქმეზე ბრალდებულია თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ალექსანდრე ნინუა.

ბრალდების მტკიცებით, სამინისტროს ცალკეულ დანაყოფებში წვრთნები უნდა ჩაეტარებინა, რაც არ ჩატარდა, შედეგად დადგინდა, რომ თავდაცვის სამინისტროს 5 060 000 ევროს ოდენობით მატერიალური ზარალი მიადგა.

საპირისპიროს ამტკიცებს დავით კეზერაშვილის დაცვის მხარე. როგორც სხდომაზე ადვოკატმა შოთა მინდელმა განაცხადა, საქმეში არსებობს არაერთი მტკიცებულება, რითაც დასტურდება, რომ წვრთნები მიმდინარეობდა. თუმცა, წვრთნების შეჩერება განაპირობა რუსეთის იერიშმა 2008 წლის აგვისტოში.

აქედან გამომდინარე, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

მათივე განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს არავითარი ზიანი არ მიუღია თავის დროზე და შესაბამისად, აღნიშნული თანხა გადასახდელი არ არის.

ამგვარად, ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში მოითხოვეს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ამით უარი ეთქვას თავდაცვის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

დაცვის მხარის მოსაზრებით, კეზერაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმის საბოლოო ამოცანა ტელეკომპანია “ფორმულას” გაჩუმებაა.

შოთა მინდელის თქმით, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ კეზერაშვილს საქართველოში „ფორმულას“ გარდა სხვა აქტივი არ გააჩნია, ხოლო თავდაცვის სამინისტროს სარჩელით კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვის საქმეზე 2022 წლის მარტში, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, რის საფუძველზეც დავით კეზერაშვილს და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს გადახდა დააკისრა.

დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვის ფაქტზე წარედგინათ ბრალი. საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP- ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება - წვრთნები არ მიუღია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად.

ამავე განაჩენით დადგინდა, რომ აღნიშნული პირების ბრალეული ქმედებით თავდაცვის სამინისტროს მიადგა 5 060 000 ევროს ოდენობით მატერიალური ზიანი. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (როგორც დაზარალებულმა პირმა) აღნიშნული პირების მიმართ სამოქალაქო სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამინისტროზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა