დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის საკითხი სინოდის სხდომაზე განსახილველად არ გატანილა - ეპარქიის საკითხი მომავალში განიხილება, რის შემდეგაც მიიღება გადაწყვეტილება ეპარქიის მმართველის ვინაობის შესახებ, - ამის შესახებ დმანისისა და ლორე-ტაშირის ეპარქიის მღვდელმთავრის, მთავარეპისკოპოსი ზენონის (იარაჯული) განცხადება მის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.
მთავარეპისკოპოსის განმარტებით, სინოდის სხდომამდე ის კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა და შესთავაზა, რომ აღნიშნული ეპარქია დროებით უშუალოდ მისი ზედამხედველობის ქვეშ მოქცეულიყო, რაც პატრიარქმა მიზანშეწონილად მიიჩნია.
„უკანასკნელ ჟამს, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამწყსოს ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოებაში აღძრა ფართო ინტერესი, თუ რა ხდება იქ სინამდვილეში. ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნევ, რომ წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ მცირეოდენი კომენტარი გავაკეთო აწ უკვე საქართველოს საპატრიარქოს შესაბამისი სამსახურის მიერ გავრცელებულ სხდომის განჩინების /14.02.2023 / მესამე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც ეხება დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიას და პირადად მე.
გაცნობებთ, რომ სინოდის სხდომის დასაწყისამდე მცირე დროით შევხვდი მის უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორეს და ვისაუბრეთ ამ საკითხის ირგვლივ.
ეპარქიაში განვითარებული მოვლენები კომპლექსურ ხასიათს ატარებს და რამდენადაც აღნიშნული დღე, არსებული მოცემულობის გამო, საკითხთა საფუძვლიანი განხილვის შესაძლებლობას არ იძლეოდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შევთავაზე აღნიშნული ეპარქია დროებით უშუალოდ მისი ზედამხედველობის ქვეშ მოქცეულიყო.
მისმა უწმინდესობამ მიზანშეწონილად მიიჩნია შეთავაზება და მიმართა წმინდა სინოდს რათა სინოდური დადგენილებით დამტკიცებულიყო დროებითი ზედამხედველობა.
წმინდა სინოდმა მიიღო და დაამტკიცა კათოლიკოს -პატრიარქის შეთავაზება.
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის საკითხი სინოდის სხდომაზე განსახილველად არ გატანილა. შესაბამისად განვმარტავ, რომ ეპარქიის საკითხი სამომავლოდ იქნება განხილული, რის შემდეგაც იქნება მიღებული გადაწყვეტილება ეპარქიის მმართველის ვინაობის შესახებ. ასეთი იყო მისი უწმინდესობისა და ჩემი პოზიცია.
კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო, რომ საკითხი კომპლექსურია და მეტად საყურადღებო.
ამ დროისათვის შემოვიფარგლები მცირეოდენი განცხადებით და დავძენ: ჩემს წინააღმდეგ მომართულია გარე და შიდა ძალები, რომელთაც სურთ ჩემი სულიერი და ფიზიკური განადგურება.
არ ვაპირებ რაიმე სახის პოლემიკაში შევიდე იმ ადამიანებთან, რომელთაც სურთ ამ საკითხების მიჩქმალვა-ნიველირება და პერსონალური თავდასხმებით ცდილობენ საკუთარი დეგრადირებული აზროვნების ნაყოფის საზოგადოებისთვის თავს მოხვევას.
მათი ქმედებები პირველ რიგში უკავშირდება ჩემს პოზიციას შიდა და საგარეო საეკლესიო პოლიტიკის საკითხებზე, რის შესახებაც საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი.
ამავდროულად, მკაფიოდ განვმარტავ - ჩემი საქმიანობა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მუდამ მიმართული იყო ეკლესიისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვისკენ. სწორედ ეს გარემოება არ მაძლევს უფლებას არ მოვახდინო რეაგირება ზემოთაღნიშნულ ფაქტზე.
აქვე ვაცხადებ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე ცალკეული პროცესები მიმართულია არა მხოლოდ თავად ეკლესიის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ და უდიდესი სიფრთხილე და გონიერებაა აუცილებელი იმისთვის, რათა ამ პროცესებიდან ეკლესიაც და სახელმწიფოც დაზიანებული არ გამოვიდეს“,- აცხადებს მთავარეპისკოპოსი ზენონი.