ე.წ. წვრთნების საქმეზე  თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის პროცესი სააპელაციო სასამართლოში 27 თებერვალს გაგრძელდება

ე.წ. წვრთნების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სააპელაციო სარჩელის განხილვა 27 თებერვალს გაგრძელდება.

სასამართლო პროცესზე, თავდაცვის სამინისტრომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მიერ ცალსახადაა მითითებული, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგა.

სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, კეზერაშვილს მისი მინისტრობის დროს სამინისტროს ცალკეულ დანაყოფებში წვრთნები უნდა ჩაეტარებინა, რაც არ ჩატარდა, შედეგად დადგინდა, რომ თავდაცვის სამინისტროს 5 060 000 ევროს ოდენობით მატერიალური ზარალი მიადგა.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა დავით კეზერაშვილის დაცვის მხარე. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ წარმოებული საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული და თავდაცვის უწყების სარჩელი კი, სინამდვილეში ტელეკომპანია „ფორმულას“ „გაჩუმებას“ ისახავს მიზნად.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, სასამართლოს საქმეში არსებული პოლიტიკური მოტივები შეესწავლა, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ საქმესთან პირდაპირი კავშირი არ გააჩნია.

კეზერაშვილის ადვოკატის განმარტებით, შემდეგ სასამართლო პროცესზე გამოიკვლევენ ვიდეომტკიცებულებებს, რითაც დასტურდება, თუ როგორ ტარდებოდა სამხედრო წვრთნები 2007-08 წლებში, როდესაც თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო.

შეგახსენებთ, დავით კეზერაშვილს ე.წ. წვრთნების საქმეზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვის ედავებიან. კეზერაშვილთან ერთად ბრალდებულია თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ალექსანდრე ნინუა. საქმეზე 2022 წლის მარტში, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, რის საფუძველზეც დავით კეზერაშვილს და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს გადახდა დააკისრა.

დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვის ფაქტზე წარედგინათ ბრალი. საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP- ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება - წვრთნები არ მიუღია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად.

ამავე განაჩენით დადგინდა, რომ აღნიშნული პირების ბრალეული ქმედებით თავდაცვის სამინისტროს მიადგა 5 060 000 ევროს ოდენობით მატერიალური ზიანი. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (როგორც დაზარალებულმა პირმა) აღნიშნული პირების მიმართ სამოქალაქო სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამინისტროზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე