საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე სტუდენტების, უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეებისა და ლიეტუვური ენის, განათლებისა და კულტურის საუნივერსიტეტო ცენტრის სახელით, ლიეტუველ ხალხსა და ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება ანდრიუს კალინდრას ლიეტუვის სახელმწიფოს აღდგენის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის თქმით, საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს აქტიური ჩართულობითა და ლიეტუვის პირველი ლედის, დიანა ნაუსედიენეს უშუალო პატრონაჟით, ყოველწლიურად ღრმავდება თანამშრომლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ლიეტუვის უმაღლეს სასწავლებლებს შორის.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა, ასევე, ლიეტუვური ენის, განათლებისა და კულტურის საუნივერსიტეტო ცენტრის სახელით, ჩვენს ლიეტუველ კოლეგებს, ჩვენი ქვეყნის დიდ მეგობარს - ლიეტუველ ხალხს, რომელიც სიღრმისეულად აცნობიერებს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ღირებულებებს, სახელმწიფოს აღდგენის 105-ე წლისთავს ვულოცავთ.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ლიეტუვის საგანმანათლებლო-სამეცნიერო წრეებთან მრავალწლიანი და მრავალმხრივი კოლაბორაცია აკავშირებს. საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს აქტიური ჩართულობითა და ლიეტუვის პირველი ლედის, ქალბატონი დიანა ნაუსედიენეს უშუალო პატრონაჟით, ყოველწლიურად ღრმავდება თანამშრომლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ლიეტუვის უმაღლეს სასწავლებლებს შორის, უნივერსიტეტის სტუდენტები დაინტერესებულნი არიან ლიეტუვური ენისა და კულტურის შესწავლით, რაც ლიეტუვური ენის, განათლებისა და კულტურის საუნივერსიტეტო ცენტრში წარმატებით ხორციელდება; სტუდენტებისთვის მოქმედებს მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამები და საგანმანათლებლო პროექტები, რაც ხელს უწყობს საქართველოსა და ლიეტუვის ახალგაზრდობის, ორი ქვეყნის სამეცნიერო წრეების მეტად დაახლოებას.
თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს, მთელი გულით ვუსურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს თქვენს დიდებულ ქვეყანას“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის მიმართვაში.