ნიკა ვაჩეიშვილი - გელათის პრობლემის გადასაჭრელად ეს მენეჯმენტი საქმიდან ჩასახსნელია - ყველა კომპეტენტური პირი გათავისუფლებული, რეპრესირებული და პროექტიდან განდევნილია, რასაც ქალბატონი თეა კაბინეტში იტყვის, ჩინოვნიკები ძაგძაგით ასრულებენ

2015 წლიდან მოყოლებული გელათის ტაძარში ყველა ფაზა განხორციელდა შეცდომით, უგულოდ, უხარისხოდ. დამკვეთის და შემსრულებლის ურთიერთთანხმობით და თავზე ხელის გადასმით მივიღეთ ის საშინელი შედეგი, რომელიც მივიღეთ - ასეთი მართვა ქართულ ძეგლთა დაცვას საერთოდ არ ახსოვს. ეს რაღაც ანომალიაა, როდესაც ჯინში ჩამდგარი ქმედებები მთავარ სიწმინდეებს არღვევს, - ამის შესახებ კულტურის ყოფილმა მინისტრმა, ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, გელათის ტაძრის ამ მდგომარეობამდე მიყვანაში პასუხისმგებელი საქართველო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და კულტურის სამინისტრო არიან.

ნიკოლოზ ვაჩეიშვილის თქმით, გელათის ტაძარში არსებული სისველე ფრესკებს ახლაც აზიანებს.

„ცუდ დაგებულ სახურავში ჩადის წყალი, არ მუშაობს არც ერთი წყალსაწრეტი, ყველაფერი თქრიალით ჩადის უშველებელ ქვითკირის კედლებში, რომელიც კარგი მიმღებია წყლის. როდესაც ფრესკები დასველდა, ცვენა დაიწყო და ატყდა ამბავი. ბოლოს კულმინაციას მიაღწია და ჩინოვნიკები გაინძრნენ. მათ იმის მაგივრად, რომ გამოშრობაზე ფიქრი დაეწყოთ, ახალი თუნუქის სახურავი დაახურეს, როგორც კონსერვის სახურავი და ეს წყლით გავსებული კედლები დახურეს. ამან გამოიწვია ის, რომ შიგნით დიდი ხნის მანძილზე აკუმულირებული წყალი ინტერიერში შევიდა და ფრესკების ცვენის მეორე ფაზა წავიდა,“ - განაცხადა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.

მისივე თქმით, გელათის ტაძრის გადარჩენის მიზნით, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით, შესაბამისი ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელიც არსებულ მდგომარეობას შეისწავლის და კონტრღონისძიებებს დაგეგმავს.

„მთავარი ახლა გახლავთ ის, რომ პროცესი, რომელიც მიდის, შესაჩერებელია. ეს მენეჯმენტი სასწრაფოდ ჩასახსნელია ამ საქმიდან, ყველა ჯანსაღი საექსპერტო ძალის კონსოლიდირება უნდა გაკეთდეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, უნდა იყოს მართვის ჯგუფი, იყოს კომპლექსური მონიტორინგი, სასწრაფოდ დადგინდეს დიაგნოზი, რომ კონტრღონისძიებები დაიგეგმოს. ფაქტობრივად, ავადმყოფი გვიწევს პალატაში, ჩვენს დახმარებას ელოდება და უნდა შევიკრიბოთ ყველა კარგი ექიმი და უცხოელებთან ერთად დებატების ფონზე გადავწყვიტოთ, რა არის ყველაზე მოკლე გზა გასაჯანსაღებლად.

გელათის გადარჩენის ერთადერთი გზა არის ელემენტარული სიყვარული საზოგადოების, ქვეყნის, სიძველის, სიწმინდის, როდესაც დაუძახო ყველა ადამიანს, გაესაუბრო, შეაჯამო ჩაუდგე სათავეში ყველაზე ჯანსაღ იდეებს და ხელი შეუწყო მათ განხორციელებას. ამაზეა ლაპარაკი. გააკეთეს პირიქით. ყველა კომპეტენტური დაითხოვეს, ყველა რეპრესირებულია, ყველა პროექტიდან განდევნილია, ბოქლომი ადევს გელათს და ქალბატონი თეა რასაც კაბინეტში იტყვის, როგორც ჩანს, დანარჩენები - მოადგილეები და სხვა ჩინოვნიკები, პირში წყალჩაგუბებულები ძაგძაგით ასრულებენ,“ - განაცხადა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.

რაც შეეხება სამუშაო ჯგუფს, რომელიც გელათთან დაკავშირებით მომავალ კვირას შეიკრიბება - როგორც კულტურის ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, არ აქვს იმედი, რომ აღნიშნული ჯგუფი რაიმე შედეგს გამოიღებს.

„სამუშაო ჯგუფი ჰქვია, თორემ მე ვფიქრობ, რომ რაღაც მეხამრიდის ფუნქცია უნდა რომ შეასრულოს. ქალბატონ თეას ეგრე უნდა და ამიტომ ხდება. ამას შედეგად ისევ დროის გაყვანა მოჰყვება, ისევ ბევრი რეპორტაჟი, არაფრის ქარბუქი ჭიქაში და ამ დროს გელათს უჭირს. ამ ვითარებაში არ მაქვს იმედი, რომ ამ შეხვედრებს რამე შედეგი მოჰყვება. კიდევ ერთხელ გაილანძღება კულტურის სამინისტრო მე ეგეთი ეჭვი მაქვს,“ - განაცხადა ვაჩეიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით