სულხან სალაძე - გელათთან დაკავშირებით საუბარი უნდა იყოს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე - არსებულ მუხლებს „სამსახურებრივი გულგრილობა“ უნდა დაემატოს

როდესაც ვსაუბრობთ, მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში არსებულ ძეგლზე, დაუდევრობით ჩადენილი დანაშაულიც არის დასჯადი , - ამის შესახებ იურისტმა სულხან სალაძემ გელათის ტაძარში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც სალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, გელათთან მიმართებაში იკვეთება სამსახურებრივი გულგრილობა.

მისივე თქმით, როდესაც დანაშაულზე საუბარი, საუბარია სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე.

მისი თქმით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის ყველაზე მარტივი, რითაც შეიძლება „ჩინოვნიკები“ გამოძვრნენ.

„ბოლო 4-5 წლის განმავლობაში, გელათთან მიმართებაში 2 დანაშაულია ჩადენილი. პირველი დანაშაულია, გადახურვის პრობლემები, რაც შემდგომ დანაშაულში გადაიზარდა. ყველამ ვნახეთ, რომ გელათში წყალი ჩავიდა და ფრესკები დაზიანდა, ეს არის ძეგლის დაზიანება, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. როდესაც ვსაუბრობთ, მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში არსებულ ძეგლზე, იქ დაუდევრობით ჩადენილი დანაშაულიც არის დასჯადი.

ამ საქმეში ნათლად იკვეთება სამსახურებრივი გულგრილობა. როდესაც ძეგლზე რაიმე ტიპის სამუშაოები ტარდება, შესაბამისი ნებართვა გაიცემა, სადაც ჩამოთვლილია რა, როდის, როგორ უნდა გაკეთდეს, ეს არის ის, რაც შემსრულებელმა უნდა გააკეთოს. მეორე არის სახელმწიფოს ვალდებულება, როდესაც ის პერიოდულად ამოწმებს შუალედურ და საბოლოო ანგარიშებს, ქაღალდზე მოსული კი არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია, ნახო ეს ყველაფერი. თუ ეს ნახეს და მაინც ეს მოხდა, ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა არაკომპეტენტური იყო ან სპეციალურად არ თქვა ამაზე არაფერი.

დანაშაულზე როდესაც ვსაუბრობთ, საუბარია სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე. პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის ყველაზე მარტივი, რითაც შეიძლება „ჩინოვნიკები“ გამოძვრნენ. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ნაწილი“,- განაცხადა სალაძემ.

მისი განმარტებით, მეორე დანაშაულია ის, რომ ძეგლის უპირატესი ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმდინარეობდა მუშაობის შესრულება, რასაც დაზიანების გაგრძელება მოჰყვა.

„ამ დანაშაულზე, მათ შორის, პასუხისმგებლობა მინისტრსაც ეკისრება, როგორც მინიმუმ პოლიტიკური. თუ აღმოჩნდება, რომ მინისტრმა იცოდა, რომ იქ არასწორად სრულდებოდა გარკვეული სამუშაოები და გადაწყვეტილება არ მიიღო, აქაც შეიძლება ვილაპარაკოთ მინისტრის გულგრილობაზე“,- აღნიშნა სალაძემ.

კითხვაზე, თუ რა იქნება შექმნილ პრობლემაზე ადეკვატური რეაგირება, იურისტი პასუხობს, რომ ოდესმე, ვინმემ კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების და განადგურებისთვის პასუხი უნდა აგოს.

„რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდა ეს სამონასტრო კომპლექსი ამაზე სპეციალისტებმა უნდა ილაპარაკონ. ეს არ არის არც ჩემი, როგორც იურისტის და არც მინისტრ წულუკიანის საქმე. ამ ქვეყანაში ოდესმე ვინმემ უნდა აგოს პასუხი კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების და განადგურებისთვის. გელათთან დაკავშირებით, ძალიან მარტივია კონკრეტული პირების და ჩინოვნიკების იდენტიფიცირება, ვინც უნდა აგოს პასუხი. 2021 წლის 19 მარტამდე, ვიდრე წულუკიანი მინისტრი გახდებოდა, ამ პროცესზე პასუხისმგებელი იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო“,- განაცხადა სალაძემ.

მისივე შეფასებით, გამოძიება უნდა წავიდეს სწორი გზით.

„გელათთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს: კულტურული ძეგლის დაზიანების და თანხის გაფლანგვის მუხლით. ეს ორი მუხლი არანაირ კავშირში არ არის სამსახურებრივ გულგრილობასთან. ეს მუხლები არ სწავლობს „ჩინოვნიკებმა“ მათი ვალდებულებები შეასრულეს თუ არა. გამოძიება უნდა წავიდეს სწორი გზით. სწორი გზა არის ის რომ ამ მუხლებს დაემატოს, სამსახურებრივი გულგრილობა. თუ ეს არ იქნება ამას გაგრძელება არ მოჰყვება“, - განაცხადა სალაძემ.

გარდა გელათის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ არსებული ვითარებისა, მან ასევე შეაფასა, კულტურის სამინისტროში მიმდინარე პროცესები და აღნიშნა, რომ მიმდინარე პროცესები არის სფეროს გაწმენდა განსხვავებული აზრისგან, იმ ადამიანებისგან ვისაც კითხვის დასმა შეუძლია.

„მთელი ეს პოლიტიკა, წულუკიანი გამინისტრებიდან დღემდე, არის სადამსჯელო ოპერაცია. ეს არის ამ სფეროს გაწმენდა განსხვავებული აზრისგან, იმ ადამიანებისგან ვისაც კითხვის დასმა შეუძლია. ეს არის პოლიტიკა, რომელიც მის გამინისტრებამდე გადაწყვეტილი იყო. მიზან მიმართულად დაწყებული პროცესია. ესა რის სადამსჯელო მისია და მეორე, ეს არის მინისტრის მიერ მიღებული არაკომპეტენტური გადაწყვეტილებები. ეს გადაწყვეტილებები არ ემსახურება კულტურის დაცვას“,- განაცხადა სალაძემ .

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს