რა უნდა ვიცოდეთ, რომ თაღლითობისა და ეკონომიკური დანაშაულების მსხვერპლი არ გავხდეთ - როგორ დავიცვათ თავი?

თაღლითობა უძრავი ქონებით, საბანკო ბარათებითა და პერსონალური მონაცემების გამოყენებით - ქვეყანაში ეკონომიკური დანაშაულები გახშირებულია, თაღლითური სქემების ამოცნობა კი არც ისე მარტივია. რა უნდა ვიცოდეთ მასიურად გავრცელებული თაღლითური სქემების შესახებ და როგორ დავიცვათ თავი - “ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ადვოკატი ვასილ მამულაშვილი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომლის წინაშეც თითოეული მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს და გვირჩევს, რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ თაღლითობის მსხვერპლი არ გავხდეთ...

- საკმაოდ გახშირებულია ეკონომიკური დანაშაულებისა და თაღლითობის ფაქტები. ყველაზე ხშირად, რა ტიპის დანაშაულები გხვდებათ საქმეში?

- ქვეყანაში რაც უფრო მძიმდება სოციალური ფონი, მით უფრო იზრდება დანაშაულის რიცხვი. თუ დიდ კვლევას ჩავატარებთ, ვნახავთ, რომ დანაშაული პირდაპირ დაკავშირებულია ქვეყნის განვითარების დონესთან. დანაშაული მაშინ იზრდება, როცა ხალხს უჭირს და კანონიერი გზებით ფულის შოვნა რთულია. ეს დანაშაულის ჩადენას რა თქმა უნდა, არ ამართლებს, თუმცა, თუ კითხვას ვსვამთ, რატომ იზრდება, მაშინ პასუხი ეს არის - ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი. რაც შეეხება გავრცელებულ დანაშაულებს, შესაბამისი კვლევები ტარდება, თუმცა, ეს რამდენად სრულყოფილია, სხვა საკითხია, რადგან კვლევა შესაძლებელია უკვე დასრულებულ დანაშაულზე ჩატარდეს, როცა სასამართლოს მხრიდან განაჩენი დადგება. ამის მიღმა, 5-ჯერ და 6-ჯერ მეტი შემთხვევაა, რომელსაც მტკიცებულებების არარსებობის გამო შესაბამისი რეაგირება ვერ მოჰყვა.

ეკონომიკური დანაშაული დომინირებს, რომელიც ფულთან, მატერიასთან ასოცირდება. თუმცა, სხვა ტიპის დანაშაულებიც არის. ქურდობა, თაღლითობა ჩვენ ქვეყანაში ხშირია და არაერთი ადვოკატია ამ საქმეში ჩართული.

- თუ შეგიძლიათ ჩამოგვითვალოთ ყველაზე გავრცელებული სქემა/სქემები, რომლითაც მარტივად გვპარავენ ფულს?

- თაღლითობის დანაშაულის შემადგენლობის დროს, მთავარი ელემენტი არის ტყუილი. ტყუილს ხელს რა უწყობს? - ჩემი უცოდინარობა, როცა გარკვეული სამართლებრივი საკითხები არ ვიცით. მაგალითად, ბევრმა არ იცის, რომ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა მოიძიოს, საკუთრება ამით დგინდება, ხშირად კი მხოლოდ სიტყვით ენდობიან. მეორე ელემენტია, ნდობა. თაღლითობის დროს, პირი მსხვერპლთან ნდობაში შედის, სწორედ, ნდობას მივყავართ არასასურველ შედეგებამდე. ყოველთვის ვურჩევ ყველას, რაც შეიძლება, ნაკლებად ვენდოთ ადამიანებს, თუნდაც, ეს ადამიანი ძალიან ახლობელი იყოს. მორალური კუთხით შეიძლება ეს გაუმართლებელი იყოს, მაგრამ თუ სამართლებრივად ვმსჯელობთ, სიტყვით არ უნდა ვენდოთ თუნდაც ჩვენ ახლო მეგობარს, ახლობელს. ამ კუთხით დანაშაული ისეთია, შეიძლება, ნებისმიერი ადამიანი განაწყოს. თუ სტატისტიკას და პრაქტიკას გადავხედავთ, თაღლითობა უცხო ადამიანებს შორის არ ხდება, ვიღაცა ვიღაცის ახლობელია, ნათესავია, ანუ უფრო მეტად ენდობოდა მას და მეორე მხარემაც სწორედ ეს ნდობა გამოიყენა.

- როგორ უნდა მივხვდეთ, რა არის თაღლითობა და უწყობს თუ არა, მსგავსი ტიპის დანაშაულებს ხელს თანამედროვე ტექნოლოგიები?

- წმინდა თაღლითობის კუთხით, ტექნოლოგიების განვითარებას სიტუაცია არ დაუმძიმებია. ადრე თუ ვიღაცას ფული სახლში, ან ჯიბეში ჰქონდა, დღეს ბარათზე ან სხვადასხვა შემნახველ დაწესებულებაში აქვთ. თაღლითობის შემთხვევაში, დაზარალებული ქონებას ან თანხას ნებაყოფლობით გადასცემს, მას ამას არ ართმევენ. შესაბამისად, ეს თანხა მას ბარათზე ექნება განთავსებული და ასე გადასცემს მოტყუებით, თუ სახლში ექნება და ისე, მნიშვნელობა არ აქვს. სხვა საკითხია, ქურდობის შემთხვევა, როცა წამყვან როლს ტექნოლოგიური საშუალებები თამაშობს. მაგალითისთვის, ადამიანები სოციალურ ქსელში ქმნიან გვერდებს, აყენებენ კონკრეტულ სურათს, დაიმატებენ რომელიმე პირის საერთო მეგობრებს და სთხოვენ ფულს - 100, 200, 500 ლარს. 100 ადამიანიდან, შესაძლოა, 10-15 ადამიანი ისეთი აღმოჩნდეს, ვინც იფიქრებს, რომ აღნიშნულ ადამიანს არასდროს უთხოვია თანხა და გადაურიცხავს. ასეთი ფაქტი არაერთია. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურაში კიბერდანაშაულის კუთხით ცალკე დეპარტამენტია, დანაშაულების გახსნა ვერ ხდება, რადგან ხშირ შემთხვევაში, ის ადამიანები საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებიან, მათი იდენტიფიცირება ვერ ხდება და ა.შ. რაც დრო გადის, რატომ არის რთული ინტელექტუალური დანაშაულის გამოძიება და რატომ გვაქვს ამხელა პრობლემები? ადამიანის ფანტაზიაც ვითარდება და ამ კუთხით შესაძლებლობებიც იზრდება. შესაბამისად, ისეთ საქმეზე შეიძლება დავზარალდეთ, წარმოდგენილიც რომ შეიძლება არ გვქონდეს.

კიბერდანაშაულის დროს, გარკვეულ მონაცემებზე არამართლზომიერი წვდომა, შეღწევა ხდება. ხშირად, ადამიანები სხვადასხვა საშუალებებზე საკუთარი მონაცემების შეყვანას ახდენენ. ხშირად, ვებგვერდების დუბლირება ხდება, რეალურად, გამოდის, რომ მონაცემები იმ ოფიციალურ ვებგვერდზე არ შეგვყავს, რომელზეც გვგონია. ტექნოლოგიების განვითარებამ გამოიწვია ის, რომ მათ თავისუფლად შეუძლიათ ჩვენი ბარათიდან მართლსაწინააღმდეგოდ თანხა ჩამოწერონ. ეს საქართველოშიც ხდება, მაგრამ უფრო უცხოური პრაქტიკაა. თუმცა, ჩვენთანაც არაერთი ცენტრია არამართლზომიერად შექმნილი, იგივე „ქოლცენტრები“, როცა ადამიანები მოტყუების გზით, საქართველოს ტერიტორიიდან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადიან დანაშაულს.

- რა საფრთხეების შემცველია, როცა ჩვენს პირად ინფორმაციას, მაგალითად, საბანკო ბარათისა და პირადობის მონაცემებს სხვადასხვა აპლიკაციას ვაბამთ? მაგალითად, ტაქსის, ან გამოძახების სერვისებს?

- ბარათის მონაცემების შეყვანის შემდეგ, იდენტური პლასტიკური ბარათის დამზადება შესაძლებელი ხდება. თუ პირმა ჩემი მონაცემების გამოყენებით სხვა პლასტიკური ბარათი დაამზადა და ჩვენ დამატებითი დამცავი ფუნქციები არ გვაქვს ჩართული, მაგალითად, ავტორიზება რომ დადასტურდეს, რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია. ბანკს სხვადასხვა სერვისი აქვს, რომ ბარათი რაც შეიძლება მეტად დაცული გავხადოთ, მათ შორის, შეგვიძლია ლიმიტი შევამციროთ და თუნდაც, 10 ლარის გადარიცხვის შემთხვევაშიც, SMS-ით დადასტურება საჭირო გავხადოთ. მათ შორის, სახელშეკრულებო სერვისებია სადაზღვევო კუთხით. ბარათის დაზღვევას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი უკავია. ეს ჩვენთან განვითარებული დიდად არ არის, თუმცა, საზღვარგარეთის პრაქტიკას თუ გამოვიყენებთ, თითქმის ყველას ბარათი დაზღვეული აქვს. ეს დამატებით ხარჯებს გაგვიზრდის რისკების გათვალისწინებით, თუმცა, საბანკო დაწესებულებაში თავად უნდა შევარჩიოთ სერვისი, რომელიც უკეთესად დაგვიცავს.

რაც შეეხება გამოძახების სერვისებისთვის, ტაქსისთვის ბარათის მონაცემების მიბმას, ამაში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ, თუ ეს ოფიციალურად დადასტურებული კომპანიაა. თუ ნამდვილად ვიცით, რომ ნამდვილად იმ კომპანიის ვებ-გვერდზე შეგვყავს ჩვენი მონაცემები და პლუს, ავტორიზების საშუალებაც ჩართული გვაქვს, მეტად დაცული ვიქნებით.

- რა უნდა ვიცოდეთ ბინის ყიდვის, გირაობის ან ქირაობის დროს, იმისთვის, რომ თაღლითური სქემის მსხვერპლი არ გავხდეთ?

- დავიწყოთ ყიდვით, რომელსაც ორად გავმიჯნავ - დასრულებული მშენებლობა და დაუსრულებელი მშენებლობა. პირველი, სტანდარტული რჩევაა, აუცილებლად შევამოწმოთ, უფლება გამყიდველს ეკუთვნის თუ არა. საუბარია დასრულებულ მშენებლობაზე. შესაძლოა, პირმა თქვას, რომ მომავალში გაუფორმდება - ასეთ ურთიერთობებში არ შევდივართ. მეორე რჩევაა, ქონება აუცილებლად საჯარო რეესტრში უნდა გავაფორმოთ. ბევრს ჰგონია, რომ ზეპირად ნათქვამს, ან ხელწერილით დაწერილს, იურიდიული ძალა აქვს, ეს ასე არ არის. მესამე რჩევაა, შევთანხმდეთ ნივთობრივ და უფლებრივ მდგომარეობაზე, რაც იმას ნიშნავს, დავრწმუნდეთ, რომ ნივთი იპოთეკით არ არის დატვირთული, დაყადაღებული არ არის და სხვა ვალდებულებები - ქირავნობა, იჯარა და ა.შ. რეგისტრირებული არ არის. თუ არის, ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ. რაც შეეხება ნივთობრივ მდგომარეობას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც შესაძლოა, სადაო გახდეს. მაგალითისთვის, თუ გვეუბნებიან, რომ ბინაში ძვირადღირებული აქსესუარებია, შესაძლოა, ეს ასე არ იყოს. არადა, ფასს რაღაცაში იმიტომ ვიხდით, რომ ის ხარისხთან ახლოს უნდა იყოს. შესაბამისად, ამონაწერი უნდა შევამოწმოთ, უფლებრივი და ნივთობრივი მდგომარეობით დავინტერესდეთ. არაფერს ვამბობ გადახდის წესზე. უმჯობესია, თანხის გადახდა უნაღდო ანგარიშსწორების გზით - საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით მოვახდინოთ, რადგან ხშირად არის სასამართლოში დავა, პირმა თანხა მიიღო თუ არა.

რაც შეეხება მშენებარე სახლს, მეტი რისკია, რადგან ხშირად ფორმდება არაერთი გარიგება. უნდა ვეცადოთ, რომ ისეთი ქონება შევიძინოთ, რომელიც რეესტრში იქნება დარეგისტრირებული. ხშირ შემთხვევაში, მშენებარე სტატუსის მქონე ბინა რეესტრში რეგისტრირებული არ არის, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ეს მშენებელი მაინც და მაინც მატყუარაა. თუ ჩვენ თანხას სრულად ვერ ვიხდით, წინარე ხელშეკრულება უნდა გავაფორმოთ და საჯარო რეესტრში დავარეგისტრიროთ, რაც ჩვენი შეთანხმებაა მომავალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ხშირად ხდება შემთხვევა, როცა ერთი ბინის გაყიდვა 10-ჯერ ხდება, მერე მიდის დავა, ვის უფრო მეტი უფლება ჰქონდა, მშენებელს დაიჭერენ, მაგრამ დაზარალებული ჩვენ ვრჩებით. ასევე, ხშირად არის, რომ იპოთეკით დატვირთულ შენობას ყიდიან და ვალდებულება იმხელაა, არათუ მთლიანი კორპუსი, 3-4 კორპუსიც არ ეყოფა მის დაფარვას. შესაბამისად, გირჩევთ, უფლებრივად უნაკლო ნივთი შეიძინოთ. შესაძლოა, ბინაში 100 000 დოლარი გადავიხადოთ, გვეგონოს, რომ ბინა ჩვენია, ამ დროს, ბანკი მოვიდეს და კომპანიას გადასახდელი თანხა დააკისროს, ჩვენი ქონება ისე დარჩება. ჩვენ ვის მივმართოთ? კომპანიას, რომლისგანაც ვიყიდეთ და ამ ქმედებების შედეგად, მაღალი ალბათობით მსჯავრდების ქვეშ იქნება ნული აქტივით? სჯობს, სრულყოფილი კონსულტაცია გაიაროთ ადვოკატთან და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება, რადგან ხშირ შემთხვევაში, უკვე შედეგს, ადვოკატიც ვერ შველის.

რაც შეეხება ბინის დაგირავებას, მსგავსი სამართლებრივი ტერმინი არ არსებობს, ეს საზოგადოებაში გავრცელებული ტერმინია, რაც გულისხმობს თანხის, სესხის გადაცემის სანაცვლოდ ბინაში ცხოვრების უფლებას. გირაო მოძრავი ქონების შემთხვევაში გამოიყენება, უძრავი ქონება დაგირავების საგანი ვერ იქნება. სამოქალაქო კოდექსში რამდენიმე წლის წინ განხორციელდა ცვლილებები და ფიზიკურ პირებს სესხის გაცემის შესაძლებლობა ფიზიკურ პირებზე შეეზღუდათ. კანონმდებელმა ლეგიტიმურად განსაზღვრა, როცა ფიზიკური პირი სესხს ცხოვრების უფლებით გადასცემს, თუმცა, ამას სისტემატური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს. ამ ყველაფერს სახელშეკრულებო სახე უნდა მიეცეს, გირაოს ხელშეკრულება კი არ უნდა გაფორმდეს, არამედ, სესხისა და იპოთეკის შემთხვევა. გამსესხებელი, რომელმაც ბინაში უნდა იცხოვროს, დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, შეძლებს თანხის დაკისრებას და სასამართლოს გზით ქონების რეალიზაციას.

- ამ ბოლო დროს, ბინის დაგირავების მსურველებს მეპატრონის თანაცხოვრებით სთავაზობენ თანხის გადახდას, რაც გულისხმობს იმას, რომ პატრონი ბინაში რჩება, დამგირავებელს კი, ბინის ქირას უხდიან. ხშირია ფაქტები, როცა მეპატრონე რამდენიმე თვის შემდეგ, დამგირავებელს ქირის ფულს აღარ უხდის, სასამართლოში განხილვები კი, შესაძლოა, წლებიც გაგრძელდეს. რამდენად სანდოა მსგავსი სქემით ბინის დაგირავება?

- აქ ძალიან დიდი საფრთხეებია, მსგავსი ტიპის გარიგებას არავის ვურჩევდი. ეს არის ყველაზე ცუდი გარიგება, რაც შეიძლება არსებობდეს, ეს თვალთმაქცური გარიგებაა, რითაც სარგებლის გადაცემის ფაქტი იფარება. ეს ადამიანები ხშირად ასეთ შეთავაზებას იმის გამო აკეთებენ, რომ შესაძლოა, ქონება მათი არ იყოს, ამას რეესტრში დავადგენთ. ხშირად, ქონება საერთოდ არ არის დამგირავებლის, მსურველს უთანხმდება, რომ ბინაში ის იცხოვრებს და ყოველთვიურად ქირის თანხას გადაუხდის. ან, მეორე საკითხია, როცა მეპატრონეს სტანდარტულად, იპოთეკის ხელშეკრულების დადების შესაძლებლობა არ აქვს, რადგან ბინა უკვე ბანკში აქვს ჩადებული.

მსგავს გარიგებას როცა გთავაზობენ, მეპატრონეს აუცილებლად აქვს პრობლემა, მას იპოთეკით დატვირთვა არ შეუძლია. თუ იპოთეკით დატვირთვა შეუძლია, არ ჭირდება ცხოვრების უფლება, ამაში ცხოვრების უფლება თავისთავად მოიაზრება.

რაც შეეხება ნოტარიუსს, ბევრს ჰგონია, ნოტარიუსი რასაც ამოწმებს, ყველაფერი კანონთან შესაბამისობაშია. მე თუ ნოტარიუსს საშინელ ხელშეკრულებას მივუტან და ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურებას მოვითხოვ, ნოტარიუსს, საერთოდ არ აინტერესებს, რა არის შინაარსი და ხელმოწერას დაადასტურებს. ამიტომ, უნდა გავარკვიოთ, ნოტარიუსი შინაარსობრივ მხარეს გვიდასტურებს თუ - არა. თუ ნოტარიუსმა კანონთან წინააღმდეგობაში არსებული გარიგება შინაარსობრივად დაგვიდასტურა, ნოტარიუსის პასუხისმგებლობაც დგება.

ყველა დავა, დღევანდელი სასამართლოს პირობებში, დიდი ხანი გრძელდება, მითუმეტეს, ასეთი ტიპის საქმეები, რაც თვალთმაქცურ გარიგებას ეხება, ძალიან განგრძობადია, დაზარალებული კი რჩება პირი, რომელმაც თანხა გაასესხა. ვთქვათ, პირმა 20 000 ლარი გადასცა ბინის პატრონს, მან კი ერთ დღეს, არც ქირა გადაუხადა, არც სარგებელი, იწყება დავა თანხის დაბრუნებაზე. მაღალი ალბათობით, ქონება უკვე იპოთეკით დატვირთულია, დაზარალებული მოთხოვნას ვერ დაიკმაყოფილებს, თუ ქონება არ არის, მითუმეტეს, უზრუნველყოფის საშუალება არ იქნება, სასამართლოში მოგების შემთხვევაშიც, 10 წლის განმავლობაში ექნება გადაწყვეტილებას ძალა და ისიც გაუქმდება. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, ასეთ გარიგებებს შევეშვათ.

რაც შეეხება ქირას, ეს ერთ-ერთი აქტუალური საკითხი გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოში უცხოელების მასიური შემოსვლა მოხდა. ცხადია, ისინი ქონებას ყიდულობენ კიდეც, მაგრამ ძალიან ბევრი, ბინას ქირავნობის წესით იღებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სასტუმრო ძვირია. რას ვურჩევ დამქირავებელსაც და გამქირავებელსაც? - დავიწყოთ გამქირავებლით. ვურჩევ, წერილობითი სახის ხელშეკრულება გაფორმდეს, სადაც უფლებები და ვალდებულებები გაიწერება. მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი პრობლემური საკითხია, როცა დამქირავებელი, უცხოელი იქნება ეს თუ ქართველი, თანხას არ იხდის. არის ასეთი ხედვა, რომ სასამართლოში უნდა წავიდე, ხელშეკრულების შეწყვეტა მოვითხოვო, მერე უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და გამოსახლება. ეს ნიშნავს, 7-8 წელს. საჯაროდაც მქონდა გაჟღერებული, ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რაშიც მოიაზრება ენერგორესურსების ხელოვნურად შეზღუდვა, საკეტების შეცვლა და არა სასამართლოს გზით დავა. საკუთრების უფლების დაცვა ბევრს ჰგონია, რომ მაინც და მაინც სასამართლოში გაქცევით, ან პოლიციაში დარეკვით ხდება. ეს პოლიციის საქმე საერთოდ არ არის, პოლიცია სამართალდარღვევაზე რეაგირებს, ამიტომ, სასამართლოში უნდა წავიდეთ მაშინ, როცა ჩვენი გზებით ჩვენი საკუთრების უფლება ვერ დავიცავით.

ყველაფერი ხელშეკრულებით უნდა განისაზღვროს, რადგან, თუნდაც, საკეტის შეცვლის შემდეგ, დამქირავებლისგან ხშირად არის ბრალდებები, რომ მისი ნივთი, ქონება დაიკარგა და ა.შ. ამიტომ, ეს საკითხიც ხელშეკრულებით უნდა განისაზღვროს, საკეტის შეცვლის შემდეგ, პროცესის ვიდეო და ფოტო ფიქსაცია უნდა მოხდეს, ამის შემდეგ მოხდეს საპატრულო პოლიციის გამოძახება, რათა შესაბამისი რეაგირების ოქმი შედგეს. განთავსებული ნივთების გადაყრა, თუნდაც, არაკეთილსინდისიერი გადამხდელის, დანაშაულია, უნდა შევინახოთ ერთ ოთახში, ან თუნდაც, სხვაგან გადავიტანოთ. თუკი, ნივთების გამო, ბინას ვეღარ ვაქირავებ, შემიძლია ხარჯების დაკისრებაც მოვითხოვო. ამ პრაქტიკული კუთხით არაერთ პირს უსარგებლია და ეს არის გზა, რომლითაც სასამართლოსაც განვტვირთავთ. თუმცა, ყველაფერს ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ. თუ დამქირავებელი აპარატზეა შეერთებული და ჩვენ დენს გავუთიშავთ, ეს გამართლებული არ იქნება, ან ბავშვები ჰყავს, სიცივეა და მას გათბობის გარეშე დავტოვებთ. ჩვენი ქმედება მართლზომიერების კუთხით, რამდენად თანაზომიერი და რელევანტური საშუალებაა, ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ.

რა ხდება იმ შემთხვევაში თუკი ხელშეკრულება დადებული არ არის? - მთავარია, ფაქტი დადგინდეს, რომ ეს ქირავნობა არის და უნდა გავიაროთ ის გზები, რაზეც ვისაუბრეთ, მათ შორის, გადაუხდელი თანხის დაკისრება და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

- ბანკებთან დაკავშირებითაც გკითხავთ. პირველ რიგში, რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა ბანკთან ურთიერთობისას და ამ მხრივ ყველაზე გავრცელებული პრობლემა რა არის?

- ანუ სესხზე ვსაუბრობთ - სესხიც მინდა ორ ნაწილად გავყოთ - ბანკი და მევახშე. მევახშე კერძო გამსესხებელია. ძველი განმარტებით, მევახშეს სარგებლის სახით არამხოლოდ პროცენტი უნდა, არამედ ჩვენი ქონება. მევახშის ინსტიტუტი ასწლეულებს ითვლის, უფრო საფრთხის შემცველად ეს ჯგუფი მესახება, რომელიც კაბალურ პირობებში და წინასწარი განზრახვით, ქონებას დაეუფლონ, ხელშეკრულებებს აფორმებენ. მას შემდეგ, რაც ახალი რეგულაცია ამოქმედდა, მევახშეებმა ახალი გზა მოიფიქრეს - ნასყიდობის ხელშეკრულებას გამოსყიდვის უფლებით აფორმებენ, ანუ ფულის სანაცვლოდ თითქოს ეს ადამიანები ქონებას ყიდულობენ და გამოსასყიდად 3-თვიან ვადას აძლევენ. ეს ვადა თუ გავა, ეს ქონება ფაქტობრივად, დავკარგეთ და გამოსახლების პროცესი იწყება. სამართლებრივი გზები არსებობს, თუ რა შეიძლება ამას დავუპირისპიროთ, რადგან ეს თვალთმაქცური გარიგებაა და ასეთ მსესხებელს შეუძლია სასამართლო წესით ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვოს და რეალური სესხისა და იპოთეკის დადგენა მოითხოვოს, ამ დროს მევახშე ზარალდება, მინიმუმ 4-5 წელი, თანხას ვერ ამოიღებს.

რაც შეეხება ბანკს, ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციებია ამოქმედებული. არაერთი რეგულაციაა, რომელიც ბანკებმა უნდა დაიცვან, ეს ეხება, როგორც სესხის ნაწილს, ასევე შემდეგ კომუნიკაციას. პროცენტი მაღალია, თუ დაბალია - ეს არის და რას ვიზამთ. განვითარებულ ქვეყნებში, უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთია, თუმცა ბანკი რატომ ართულებს ხშირად სიტუაციას? მის ინტერესშიც იგივე შედის, თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, რაც შეიძლება მალე ამოიღოს ფული, ან ქონება. მაგალითისთვის, მქონდა შემთხვევა, როცა თანხის გადაუხდელობის დროს, ერთ-ერთი წამყვანი ბანკი სასამართლოს გარეშე, კერძო სპეციალისტის მეშვეობით, ქონების აუქციონის გზით გაყიდვას ცდილობდა. ანუ ვალდებულება თუ დაარღვიე, რამდენიმე თვეში, ქონება შენი აღარ არის. მევახშე გიტევს, ბანკი გიტევს, ბანკმა მაინც უნდა დაიცვას მომხმარებლის უფლებები და ინტერესი?! რა უნდა გავაკეთოთ? მთავარია, ხელშეკრულება, თუკი სესხის გამოტანის დროს, ბანკს მასში ცვლილებებს შევატანინებთ. მესმის, ბანკი შესაძლოა, ასე მარტივად არ წამოვიდეს ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შეცვლაზე, თუმცა, მათ ინტერესიც შედის, თანხა გასცენ. პირველი რჩევა ასეთია, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბანკს სპეციალისტის მეშვეობით ჩვენი ქონების გაყიდვის უფლება არ უნდა ჰქონდეს. მეორე რჩევაა, ჩვენ დავის განმხილველ ორგანოდ სასამართლო ავირჩიოთ და არა არბიტრაჟი, რადგან მათი გადაწყვეტილება არ საჩივრდება. მესამე, ვეცადოთ, ხელშეკრულებიდან ამოვიღოთ პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, ანუ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების პირდაპირ აღსრულებას.

- თუკი თანხა ზეპირად, ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშეა გასესხებული, არსებობს თუ არა მის დასაბრუნებლად სამართლებრივი მექანიზმები?

- პირდაპირ გვეუბნება კანონი, სესხის გადაცემა, ისევე როგორ დაბრუნება, არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, ანუ კანონმდებელმა ზეპირი ურთიერთობა არ აკრძალა, თუმცა იმდენად გაართულა მტკიცების ტვირთი, რომ გვითხრა, მხოლოდ მოწმეებს არ მივიღებო, თუ მოწმეებს არ მიიღებს, ისევ წერილობით ხელშეკრულება გვრჩება, ხომ? მაგალითისთვის, მე თქვენ გითხარით, რომ გუშინ 10 000 დოლარი გასესხეთ, თქვენ უარყოფთ, მე 10 არაკეთილსინდისიერ მოწმეს მოვიყვან, რომლებიც იტყვიან, რომ მე თანხა გასესხეთ, ამის პრევენციისთვის კანონმდებელმა მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო, ანუ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით ვერ დაადასტურებ თანხის გაცემას ან დაბრუნებას. თუ რაღაც წერილობით დოკუმენტი მაქვს, მოწმეები დამატებით შემიძლია მოვიყვანო. ხშირ შემთხვევაში, გამსესხებელი მსესხებელს ჩუმად იწერს - მე რომ ფული გასესხე, როდის დამიბრუნებო - ეს დაუშვებელი მტკიცებულებაა, ამ კუთხით საკონსტიტუციო სასამართლოს ნამსჯელი აქვს, ეს მტკიცებულება არ შეიძლება სესხის დადგენას საფუძვლად დაედოს. კონსტიტუციური უფლებაა ჩემი პირადი კომუნიკაციის ხელშეუხებლობა, არ შეიძლება ყოველთვის ვფიქრობდე იმას, რომ ვიღაცამ არ ჩამიწეროს. ჩაწერის მსურველი ვალდებულია, მეორე პირს უთხრას, რომ იწერს, თუ გაფრთხილებულია და დაუდასტურა, რომ სესხი აიღო, ეს ცხადია, დასაშვები მტკიცებულებაა.

- პირის გარდაცვალების შემდეგ, უნდა დაფაროს თუ არა, მისმა ოჯახის წევრმა სესხი, ან რაიმე საბანკო ვალდებულება? აქვე გკითხავთ, სიცოცხლის დაზღვევის შემთხვევაშიც, შესაძლოა, თუ არა რაიმე რისკები არსებობდეს და ბანკმა გარდაცვლილის ვალდებულება მაინც ოჯახს დააკისროს?

- კანონით შესაძლებელია, პირის გარდაცვალების შემდეგ, სესხის გადახდის მოთხოვნა მის მემკვიდრეებზე წარდგენილი იყოს, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს. თუ ადამიანს ქონება არ მიუღია, მას სესხის გადახდას ვერ მოსთხოვ. პირობითად, თუ ადამიანს 100 000 ლარი აქვს სესხი და მისმა მემკვიდრემ 50 000 ლარის ქონება მიიღო, მას არ შეიძლება იმაზე მეტის გადახდა მოეთხოვოს, ვიდრე სარგებელი მიიღო, ანუ სესხს იხდის მიღებული აქტივის ფარგლებში, ან თუ რამდენიმე მემკვიდრეა, თანაბარწილად იქნებიან გადახდაზე ვალდებულები. თუმცა, ამ ყველაფერს ხანდაზმულობის ვადაც აქვს, ყველა ტიპის მოთხოვნებზე სხვადასხვა ვადაა. როცა საბანკო დაწესებულებისთვის პირის გარდაცვალება ცნობილი გახდება, იქიდან 6 თვეში, მემკვიდრეს გადახდის მოთხოვნა უნდა წარუდგინოს. თუ ამ ვადაში არ წარუდგინეს, ასეთი მოთხოვნა ხანდაზმულია და მიუხედავად სამკვიდროს მიღებისა, პირს შეუძლია თქვას, რომ სესხს არ გადაიხდის, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. როცა ბანკისთვის გარდაცვალების შემთხვევა ცნობილი არ არის, კანონმდებელმა ერთწლიანი ვადა აიღო. თუ ერთი წელი გავიდა და ბანკი არ გამოჩნდა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია.

რაც შეეხება სიცოცხლის დაზღვევას, რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი დაზღვევა ვნახე, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მასში ჩამოთვლილია ასეთი პუნქტები - პირი ავტომანქანას ალკოჰოლური თრობის ქვეშ არ უნდა მართავდეს, პირი დანაშაულის მსხვერპლი არ უნდა იყოს, რომ თანხა ანაზღაურდეს. მაგალითად, თუ ოჯახური დანაშაული მოხდა და ისეთმა პირმა განახორციელა მკვლელობა, რომელიც სესხთან დაკავშირებულია, ეს დაზღვევას არ დაექვემდებარებაო, იმდენად გაუმართლებელი პუნქტებია, დაზღვევას ხშირ შემთხვევაში, ფორმალური ხასიათი აქვს. ეროვნული ბანკის რეგულაციით, ბანკმა სიცოცხლის დაზღვევისას, სამი სადაზღვევო კომპანია უნდა შემოგვთავაზოს და თავად უნდა აირჩიო, ან მეორე ვარიანტია, სადაზღვევო კომპანიას ჩემთვის მისაღებ პირობებზე შევუთანხმდები და ბანკს შევთავაზებ. პირის გარდაცვალების შემდეგ, ხშირად ბანკი ონკოლოგიურ დაავადებებზეც დაობს, ანუ არკვევენ, ადამიანს სიმსივნე დაზღვევამდე ჰქონდა თუ არა. ეროვნული ბანკის რეგულაცია მხოლოდ ბანკების მიმართ არ არის, სადაზღვევო კომპანიების მიმართაც ვრცელდება. სახელმწიფოს მეტი ზედამხედველობა, მეტი ზეწოლა, იმის გარანტიაა, რომ ბანკებიც და სადაზღვევო კომპანიებიც მეტად კეთილსინდისიერები იყვნენ.

- თუ არსებობს სტატისტიკა, რამდენად დაცულია ჩვენი ქვეყანა სხვა ქვეყნებთან შედარებით თაღლითური და ეკონომიკური დანაშაულების კუთხით?

- ასეთი პირდაპირი სტატისტიკა არ გვაქვს. თუმცა, მაღალი ალბათობით, საუკეთესო 50-ეულში არ ვიქნებით. ამაზე ბევრი ნიუანსი ახდენს გავლენას. პირდაპირ ვიტყვი, რომ საქართველოში სამართლებრივი კუთხით, საზოგადოებრივი შეგნება დაბალია, რაც ნორვეგია, შვედეთისგან განგვასხვავებს, იქ ხალხი საკუთარ უფლებებში გარკვეულია, ინსტიტუტები ეფექტურად მუშაობენ. თუ გვინდა, სომალისკენ არ წავიდეთ, ყველა უწყება მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს.

- დაბოლოს, რა უნდა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ უკვე გავხდით თაღლითობის მსხვერპლი, როგორ უნდა აღმოვფხვრათ პრობლემა შედარებით მარტივად?

- რაიმე რეცეპტი ან „დანიშნულება“ არ არის. ერთი გზაა, სამოქალაქო წარმოების გზით დავიცვათ თავი და მეორე გზაა, პოლიციის უწყებებს მივმართოთ. პირადი გარჩევებით საქმეში ვერ ჩავერთვებით, სამართლებრივი გზა თუ გვინდა, ორი ინსტიტუციაა, სასამართლო და პოლიციის უწყება. ჩემი რჩევაა, მინიმუმ, ნახევარი საათი დავუთმოთ საკუთარი საქმის მცოდნე პირთან კონსულტაციას და გადაწყვეტილებები შემდეგ მივიღოთ.

ეკა ლემონჯავა

„ინტერპრესნიუსი“

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს