„აღმოაჩინე შენი პროფესია - ამაში SANGU დაგეხმარება“ - წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ახალი პროექტი დაიწყო

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ახალი პროექტი - „აღმოაჩინე შენი პროფესია“ დაიწყო.

პროექტის ფარგლებში X-XII კლასის მოსწავლეები SANGU-ში სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში მომზადებულ ტრენინგ-კურსებს დაესწრებიან და პროფესიების სპეციფიკას გაეცნობიან. პროექტის მიზანი, მოსწავლეებისთვის სამომავლო პროფესიის არჩევაში დახმარებაა. ტრენინგებზე დასწრება უფასოა, კურსის დასრულების შემდეგ კი სერტიფიკატები გაიცემა.

დღეს, ფსიქოლოგიის მიმართულების პირველი ტრენინგი ჩატარდა. აღნიშნული კურსი ფსიქოლოგიის დოქტორის, ევროპაში აკრედიტებული გეშტალტ თერაპევტის, პროფესორ თეა გოგოტიშვილის მიერ მომზადდა. კურსი სულ 4 ტრენინგს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც შემდეგი ფსიქოლოგიური აქტივობები ჩატარდება: მიზანსწრაფვა და მოტივაციის ზრდა; თვითრწმენა და თავის მართვა; სტრესთან გამკლავება; ბულინგის პრევენცია და დაძლევის ხერხები.

უნივერსიტეტის რექტორის ირაკლი ბრაჭულის განცხადებით, ტრენინგ-კურსების ფარგლებში მოსწავლეები სამეცნიერო სივრცეს ეზიარებიან, რის შედეგადაც პროფესიების შესახებ მათი ცოდნა აბსტრაქტული აღარ იქნება.

„ჩვენი უნივერსიტეტის ახალი შიდა პროექტია, ტრენინგ კურსი - „აღმოაჩინე შენი პროფესია“. ტრენინგ კურსის მიზანია, რომ X-XII კლასის მოსწავლეებს სხვადასხვა დარგის, პროფესიის სპეციფიკა და პერსპექტივა გააცნოს. ამ მიზნით, როგორც უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ასევე მოწვეული პროფესორები, თითოეული დარგის წამყვანი ექსპერტები სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა დიალოგს აწყობენ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სპეციალობის შემთხვევაში, რომელიც საშუალო სკოლის ფარგლებში არ ისწავლება. მაგალითად, ახლა ვიწყებთ ტრენინგ სემინარებს ფსიქოლოგიის დარგში. ფსიქოლოგიის წამყვანი სპეციალისტები მოსწავლეებს გააცნობენ ამ მეტად მნიშვნელოვანი მეცნიერების ყველა ძირითად შტრიხს და მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროში და საერთოდ, მიაწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ეს პროფესია თავიანთ ცხოვრებაში გამოადგეთ. შემდეგ დაიწყება ტრენინგი ბიზნეს ადმინისტრირების დარგში, შემდეგ კომპიუტერული ტექნოლოგიების და ჰუმანიტარულ დარგებში - ისტორიაში, ქართულ ფილოლოგიაში, პედაგოგიკაში - ყველა იმ მოქმედ სასწავლო პროგრამაზე, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტშია.

სულ სხვა არის, როდესაც გამოცდილებას იღებ, მითუმეტეს შენს დარგზე და სკოლის ჩაკეტილი სივრცის გარეთ, უშუალოდ სამეცნიერო, საუნივერსიტეტო სივრცეს ეზიარები. ამ გამოცდილებით აღჭურვილი მოსწავლე განსხვავდება მოსწავლისგან, რომელსაც მხოლოდ აბსტრაქტული წარმოდგენა აქვს პროფესიებზე და მისთვის პროფესიების მთელი დიაპაზონი ბუნდოვანია. ამ შემთხვევაში კი პროფესიათა ლანდშაფტი კონკრეტული გახდება. მგონია, რომ ძალიან ნაყოფიერი, კარგი და შედეგიანი პროექტია“, - განაცხადა ირაკლი ბრაჭულმა.

ფსიქოლოგიის მიმართულების ტრენინგ-კურსის ავტორი, პროფესორი თეა გოგოტიშვილი კი ამბობს, რომ აღნიშნული კურსის ფარგლებში მოსწავლეებს გააცნობენ თემებს, რომლებიც მათ საკუთარი თავის პოვნაში, შინაგანი საყრდენების გაძლიერებასა და მოტივაციის ზრდაში დაეხმარება.

„წმინდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ინიციატივაა, უფროსკლასელებს საკუთარი პროფესიის პოვნაში დაეხმაროს. მოგეხსენებათ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. მოსწავლეებისთვის რთულია თვითგამორკვევა, საკუთარი ინტერესების, მისწრაფებების, შინაგანი მოტივაციის განსაზღვრა, ვინაიდან გარე მოტივაციის ფაქტორებიცაა, რომელიც ხშირად, შინაგან მოტივაციას არ ემთხვევა. ასევე არის დაბნეულობა, რომელიც ხშირად იმედგაცრუების, მოტივაციის დაქვეითების და თვითშეფასების წინაპირობა ხდება, რაც შემდეგ მიღწევებისა და რეალიზაციის ხელშემწყობი ფონის შემქმნელია. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, სხვადასხვა მიმართულებით განახორციელოს მოკლე ტრენინგ-პროგრამები, რომელიც კონკრეტულ სპეციალობასთან გაცნობისა და შეხების ხელშემწყობი იქნება. მე ვარ ფსიქოლოგიის მიმართულებით პროფესიის პოვნაში ხელშემწყობი მოკლე კურსის ავტორი და ხელმძღვანელი. ჩამოვაყალიბეთ თემები, რომლებიც საკვანძოა და მოსწავლეებს საკუთარი თავის პოვნაში, შინაგანი საყრდენების გაძლიერებასა და მოტივაციის ზრდაში დაეხმარება. ასევე, გვაქვს თემა ბულინგის პრევენციასა და ამ პრობლემის დაძლევაზე ორიენტირებული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. მოსწავლეებს, ასევე, სტრესის მართვის ფსიქოლოგიურ გამოყენებით სავარჯიშოებს შევთავაზებთ, რაც, შესაძლებელია ბუნებრივად აითვისონ და საკუთარი საჭიროებების სამსახურში ჩააყენონ“, - განაცხადა თეა გოგოტიშვილმა.

ფსიქოლოგიის თითოეულ ტრენინგს ოთხი კვირის განმავლობაში თემატურად დაყოფილი ორ-ორი სპიკერი გაუძღვება: ანა ასათიანი, უჩა მაჭარაშვილი, მარიამ სუხაშვილი, რუსუდან კილაძე, შოთა ნადირაშვილი, სალომე საბიაშვილი, ანნა ბუკია და მართა კაჭარავა.

სპიკერების აზრით, კურსის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ გადაწყვიტონ, რა პროფესიის არჩევა სურთ მომავალში.

„ჩვენი ტრენინგ-კურსი ოთხი შაბათისგან შედგება. თითოეული თავის თემას შეიცავს. ჩვენი პირველი თემა მიზანსწრაფვა და მოტივაციის ზრდაა, რომელიც დაეხმარება ჩვენს მოსწავლეებს, დაინახონ, რა უნდათ, სად უნდათ ჩაბარება, მოსწონთ თუ არა ფსიქოლოგია და რა არის მათი მოტივაცია“,- განაცხადა ტრენერმა, შოთა ნადირაშვილმა.

სპიკერების ინფორმაციით, ტრენინგები ინტერაქციული ხასიათის იქნება და პრაქტიკულ სამუშაოებს მოიცავს.

„ოთხი კვირის განმავლობაში ყოველ ტრენინგზე სხვადასხვა თემა იქნება განხილული, რომელიც სკოლის მოსწავლეებს დაეხმარება იმ საბაზისო, პრაქტიკული უნარების გამომუშავებაში, რომელიც საჭიროა როგორც უშუალოდ საუნივერსიტეტო სივრცეში, ასევე, პროფესიის არჩევის დროს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ტრენინგებს მხოლოდ სალექციო სახე არ ექნება - იქნება ინტერაქციული ხასიათის, პრაქტიკაზე ორიენტირებული, ვინაიდან ჩვენი მთავარი სურვილი არის, რომ სხვა საკითხებთან ერთად კომუნიკაციის უნარებზეც ვიმუშაოთ“, - განაცხადა ტრენერმა რუსუდან კილაძემ.

ფსიქოლოგიის ტრენინგ-კურსისგან მოსწავლეებს დადებითი მოლოდინი აქვთ. უფროსკლასელები ელიან, რომ კურსის შემდეგ პროფესიის შესახებ მეტს გაიგებენ, რაც გადაწყვეტილების მიღებას გაუადვილებთ.

„მე-11 კლასელი ვარ, შემდეგ წელს აბიტურიენტი ვხდები და ვცდილობ, პროფესია ავარჩიო. ფსიქოლოგია ერთ-ერთი დარგია, რაც მაინტერესებს, რადგან ხალხზე დაკვირვება მომწონს. ეს ტრენინგ-კურსი მაძლევს საშუალებას, რომ გავეცნო დღევანდელ ფსიქოლოგებს და უფრო მეტი გავიგო ამ პროფესიის შესახებ. ეს მეტ მოტივაციას მომცემს და გადამაწყვეტინებს, თუ რის სწავლას ვაპირებ მომავალში“, - ამბობს მე-11 კლასის მოსწავლე ნინო ხაჭაპურიძე.

„მინდა, რომ ფსიქოლოგიაზე ჩავაბარო და ამ მიმართულებით განვვითარდე. ტრენინგისგან ველოდები, რომ ამ პროფესიის შესახებ ბევრ ახალს ვისწავლი“,- ამბობს მე-10 კლასის მოსწავლე დათო მამედოვი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა