ლევან დავითაშვილი - ბაკურიანში მოწყობილი ინფრასტრუქტურა წლების განმავლობაში გამოდგება და საქართველო საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კალენდრის ნაწილი იქნება

ბაკურიანში მოწყობილი ინფრასტრუქტურა წლების განმავლობაში გამოდგება და საქართველო საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კალენდრის ნაწილი იქნება - სპორტული შეჯიბრებები, ზოგადად, ქვეყნის რეპუტაციას ამაღლებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს ბაკურიანში განუცხადა, სადაც დღეს სნოუბორდსა და ფრისტაილში მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნა.

დავითაშვილის თქმით, საქართველომ მსოფლიოს სათხილამურო ფედერაციისგან უმაღლესი შეფასება მიიღო.

„ნამდვილად ისტორიული მოვლენაა - საქართველოში პირველად ტარდება სამთო-სათხილამურო სპორტში უმაღლესი რანგის ტურნირი. ეს არის მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდსა და ფრისტაილში. მოხარულები ვართ, რომ მსოფლიოს სათხილამურო ფედერაციისგან უმაღლესი შეფასება მივიღეთ. წლების განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა. განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელეთ, რათა ქვეყანა მაღალ დონეზე მომზადებული შეხვედროდა ასეთი მაღალი დონის ტურნირს. ხელოვნური გათოვლიანების 39-კილომეტრიანი სისტემა გავაკეთეთ. გარდა ამისა, რამდენიმე ახალი საბაგირო გავხსენით, ასევე ხელოვნური ტბები მოვაწყვეთ, რათა ხელოვნური თოვლისთვის წყლის საკმარისი რესურსი გვქონდეს. მაღალ დონეზეა ორგანიზებული - ბევრი უწყება და სამსახურია ჩართული, რათა ვიზიტორებს და პირველ რიგში, სპორტსმენებს მაქსიმალური კომფორტი ჰქონდეთ და საქართველომ ტურნირი ჩაატაროს ისეთ დონეზე, რომ მსოფლიოს სპორტულ საზოგადოებას წლების განმავლობაში დაამახსოვრდეს. ჩემპიონატი დღეს ოფიციალურად გაიხსნა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ბაკურიანში ბევრი რამ გაკეთდა, რათა საქართველო წლების განმავლობაში მაღალი დონის სპორტული ღონისძიებების მასპინძელი იყოს.

„ეს ჩემპიონატი უკვე ძალიან დიდ ყურადღებას იქცევს. ყურადღების ცენტრშია მთლიანად ჩვენი ქვეყანა და კურორტი ბაკურიანიც. ბაკურიანში ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი არა მხოლოდ წელს გამოვიყენოთ, არამედ წლების განმავლობაში საქართველო იყოს მაღალი დონის სპორტული ღონისძიებების მასპინძელი. დარწმუნებული ვართ, ეს ინფრასტრუქტურა წლების განმავლობაში გამოდგება და საქართველო საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კალენდრის ნაწილი იქნება. არა მხოლოდ ბაკურიანი, გვინდა, რომ ბაკურიანიც და გუდაურიც ყოველწლიურად იყოს მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძელი. ცნობადობა, რომელიც ამ კურორტს ექნება, განაპირობებს მეტ ვიზიტორს და მეტ ეკონომიკას ბაკურიანისთვის. ასევე, სპორტული შეჯიბრებები, ზოგადად, ქვეყნის რეპუტაციას ამაღლებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა