ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი - ვიდეოკამერების ჩანაწერები კონკრეტულ პერიოდში გაურკვეველი მიზეზებით ჩამწერ მოწყობილობაში არ აღმოჩნდა - დაკავებული ექსპერტების გამოკითხვის ოქმები, რასაც ძირითადად, ბრალდების მხარე ეყრდნობა, არის გაყალბებული

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული კომპანია ,,გრინსერვის +”-ის ხელმძღვანელის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, ჩვენებები და გამოკითხვის ოქმები, რასაც ბრალდების მხარე ეყრდნობა, ყალბია.

როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ბრალდების მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელებამ მიზნად ისახავს ბრალდებულების მიმართ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და წარმოადგენს არგამოძიებული საქმის გადაფარვის მცდელობას.

„გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ შადრევნის პროექტის შემსრულებელმა კომპანია „გრინსერვისმა“ შადრევნის საჭირო მოწყობილობები და ტექნიკა შეიძინა ერთ-ერთი ცნობილი ბრენდისგან იმ პირობით, რომ ტექნიკა დამონტაჟდებოდა, ექსპლოატაციაში გაეშვებოდა და შემდგომი გარანტია იქნებოდა. მონტაჟი განახორციელა ქარხნის წარმომადგენელმა წესების შესაბამისად და ამ შადრევანმა 3 თვე იმუშავა. 4 თვის გამოძიების განმავლობაში გამოძიებამ არ გადადგა არცერთი ნაბიჯი ამ ქარხნის რომელიმე წარმომადგენლის ან შადრევნის შემსრულებელი სპეციალისტის დასაკითხად, რაც წარმოუდგენელია. ამის გარეშე გამოძიება ობიექტური ვერ იქნებოდა. პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზები გამოძიებას ჩატარებული არ აქვს. წარმოუდგენელია, ამ ექსპერტიზის გარეშე დადგინდეს კავშირი შესრულებულ სამუშაოსა და მომხდარ ტრაგედიას შორის“ , - განაცხადა ადვოკატმა.

გარდა ამისა, მისი განმარტებით, ბრალდების მხარეს არ დაუსვამს კითხვები ელექტროსადენის დაზიანების ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

„ჩვენი მტკიცებულებების მიხედვით, გამორიცხულია, რომ 2 სექტემბერს სამუშაოების შესრულების დროს ობიექტზე რაიმე დაზიანება მომხდარიყო. დაკავებული ექსპერტების გამოკითხვის ოქმები, რასაც ძირითადად, ბრალდების მხარე ამ დრომდე ეყრდნობა, არის გაყალბებული და შედგენილია კოპირების პრინციპით. ტრაგედიის წინა დღეს, 12 ოქტომბერს და წინა პერიოდში, ელექტროდენი შადრევანში არ ჟონავდა. ვიდეოკამერების ჩანაწერები კონკრეტულ პერიოდში 12 ოქტომბრის საღამოს გაურკვეველი მიზეზებით ჩამწერ მოწყობილობაში არ აღმოჩნდა. შესაბამისად, გაუგებარია ვის მიერ და რა მანიპულაციები ხორციელდებოდა ამ პერიოდში ელექტროსადენებზე. ბრალდების მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს ბრალდებულების მიმართ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, წარმოადგენს არგამოძიებული საქმის გადაფარვის მცდელობას და სამართლებრივი საკითხებიდან ადამიანურ ტრაგედიაზე ყურადღების გადატანას. საბოლოდ, სასამართლოზე ზემოქმედებას საქმის წარუმატებლობის დაზღვევის მიზნით. ჩვენი შეფასებით, ეს როგორც მინიმუმ, უსამართლო და არასწორია“,-განაცხადა ადვოკატმა.

მისივე განმარტებით, დაცვის მხარის მიერ დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტები, რომელზეც პასუხს ელოდებიან.

როგორც ადვოკატი გამარტავს, შედეგად, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო ნათელი გახდება ის, რომ ეს საქმე არ არის ობიექტურად გამოძიებული და ბრალდებულთა უფლებები ირღვევა.

ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორისაა კომპანია "გრინსერვის+"ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ასევე ედავებიან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი