ხელოვნების ისტორიკოსი - გელათში რაღაც დაიკარგა ისე, რომ ვეღარ აღდგება - მხატვრობის გარკვეული ნაწილი შეიძლება ითქვას, სრულად დაკარგულია

ჩუბინაშვილის კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, ხელოვნების ისტორიკოსი, დავით ხოშტარია აცხადებს, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის გადახურვა უნდა იყოს საერთაშორისო პროექტი, როგორც პროექტირების, ასევე შესრულების ნაწილში.

როგორც ხელოვნების ისტორიკოსი დავით ხოშტარია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განმარტავს, კვლევითი ცენტრი და იუნესკოც ბოლო ანგარიშში ხაზგასმით უთითებს, რომ გადაუდებელია ისეთი ტიპის გადახურვა, რომელიც მთლიანად შენობას დაფარავს.

„ჩვენს ბოლო ანგარიშში ხაზგასმით ვუთითებდით, იუნესკოს ანგარიშშიც, რაც ბოლოს ჩამოვიდა, რაც 10 თებერვალს გახდა საჯარო, ხაზგასმით წერია, რომ გადაუდებელია გადახურვა, რომელიც მთლიანად დაფარავს მთელს შენობას. ჩვენ ვუთითებდით, რომ ეს უნდა გააკეთონ უმაღლესი ხარისხის სპეციალისტებმა, რომლებიც შეიძლება, დიდი ალბათობით, ჩვენთან არ არიან. ეს უნდა იყოს საერთაშორისო პროექტი - დაპროექტებაც და ფიზიკური შესრულებაც“ , - განაცხადა ისტორიკოსმა.

ამასთან, ისტორიკოსის თქმით, იუნესკოს დასკვნაში წერია, რომ გელათში მიმდინარე სამუშოები უნდა შეწყდეს, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ადგილზე მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფი უნდა შეიცვალოს.

„რა თქმა უნდა, იუნესკო ვერ ჩაწერს, ეს ხალხი მოაშორე აქედანო, მას უბრალოდ არ აქვს ამის უფლება, მაგრამ იქ საუბარია, რომ ეს სამუშაოები უნდა შეწყდეს, რაც თავისთავად გულისხმობს ამას ხომ?“, - განაცხადა ისტორიკოსმა წამყვანის რეპლიკაზე, რომლის თანახმადაც, კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ იუნესკოს დასკვნაში არ არის რეკომენდაცია იმაზე, რომ ამჟამად მომუშავე „პროფესიონალების გუნდი“ შეიცვალოს.

ამავე კონტექსტში თეა წულუკიანთან დაკავშირებულ კითხვას, ისტორიკოსი პასუხობს, რომ „შეცდომის აღიარება რთულია“.

„ძალიან ძნელია ადამიანისთვის შეცდომის აღიარება, ზოგი ადამიანისთვის განსაკუთრებით, ეს იქნებოდა შეცდომის აღიარება რა თქმა უნდა“, - განაცხადა ისტორიკოსმა, საპატრიარქოს განცხადების ფრაგმენტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, სადაც საპატრიარქო აღნიშნავს, რომ მათთვის „გაუგებარია კულტურის სამინისტროს მხრიდან გელათში დღეს მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება“.

ისტორიკოსმა ასევე უპასუხა კულტურის სამინისტროს პოზიციას, სადაც უწყებამ ჩუბინაშვილის კვლევას გელათთან დაკავშირებით „პოლიტიკურად ანგაჟირებული კრიტიკა“ და „ვიწროპარტიული ინტერესით განპირობებულ უსარგებლო ბრალდებები“ უწოდა.

ისტორიკოსის თქმით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და ტყუილია სამინისტროს პოზიცია, რომ მას შემდეგ, რაც სამინისტროს სათავეში ჩაუდგა თეა წულუკიანი, „კვლევითი ცენტრის მეცნიერთა ვიწრო ჯგუფი პოლიტიკურ ნიადაგზე უპირისპირდება და ამ მიზნისათვის იყენებს გელათის სამონასტრო კომპლექსში შექმნილ ვითარებას“.

„მან ძალიან კარგად იცის, რომ ასე არ არის. ეს არის ნათქვამი იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში იქნას შეყვანილი“, - განაცხადა დავით ხოშტარიამ და დასძინა, რომ „ეს მარტივი ტყუილია“.

რაც შეეხება გელათთან დაკავშირებული პრობლემების საერთო სურათს, თუ რა ვითარებაა დღეს და რამდენად შესაძლებელია მისი გამოსწორება, ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ მხატვრობის გარკვეული ნაწილი „სრულად დაკარგულია“.

„რაღაც, რა თქმა უნდა, დაიკარგა ისე, რომ ვეღარ აღდგება. მხატვრობის რაღაც ნაწილი შეიძლება ითქვას, არის სრულად დაკარგული, სამწუხაროდ, დაშვებული შეცდომების გამო, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ გელათი მთლიანად დაიკარგა. თუ სწორი ზომები სასწრაფოდ იქნება მიღებული, ეს ყველაფერ სწორ მეთოდოლოგიურ ჩარჩოებში მოექცევა, უამრავი რამის შენარჩუნება იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა მან.

დავით ხოშტარიას ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გელათში „კონსერვაციის სამუშაოები უნდა შეწყდეს“, რაც გაწერილია როგორც ჩუბინაშვილის კვლევითი ცენტრის, ასევე იუნესკოს დასკვნაში.

გადაცემაში გელათის ირგვლივ არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა ისტორიკოსმა მარიამ დიდებულიძემაც.

მან განმარტა, რის შემდეგ დაიწყო კულტურის უწყებსა და ჩუბინაშვილის კვლევით ცენტრს შორის ურთიერთობის „დაძაბვა“.

მისი თქმით, თეა წულუკიანის მინისტრობის საწყის ეტაპზე ჩუბინაშვილის კვლევით ცენტრსა და კულტურის სამინისტროს შორის აქტიურად მიდიოდა თანამშრომლობა.

„სხვათა შორის, საწყის ეტაპზე, როდესაც ქალბატონი თეა [წულუკიანი] გახდა მინისტრი, მაშინვე ჩაერთნენ საქმეში [ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომლები]. მიაწოდეს მასალა, მიუთითეს, სად რა ხდება. ძალიან აქტიურად თანამშრომლობდნენ. მინისტრმა კომისია შექმნა, უნდოდათ ყველანაირად დახმარებოდნენ მას, რომ გაკეთებულიყო.

თეა წულუკიანის მინისტრობის დროს, ჩვენი და სამინისტროს ძალიან კარგი თანამშრომლობის ერთი პერიოდი იყო. როგორც კი მათ მიერ შერჩეული ჯგუფის შემოთავაზებაზე ითქვა, რომ დაუშვებელია და ცუდი შედეგი ექნება, რატომღაც დაიძაბა და იქნა განხილული როგორც ჩასაფრება. საერთოდ, რა სალაპარაკოა, თუ იქამდე არ იყვნენ ანგაჟირებული, როცა ეხმარებოდნენ...“, - განაცხადა ისტორიკოსმა მარიამ დიდებულიძემ.

მისი თქმით, პოლიტიკური ანგაჟირება გამორიცხულია.

„ჩვენი ექსპერტები, რომლებიც დიდი ხანია გელათზე მუშაობენ, ყველა თვალსაზრისით ეხმარებოდნენ ქალბატონ მინისტრს, ყველაფერს აძლევდნენ, უკვე დამუშავებული ჰქონდათ საკითხები, ეტყობა მაშინ არ იყვნენ ანგაჟირებული. როგორც კი რაღაც საწინააღმდეგო თქვეს, გახდნენ. გამორიცხული არის რაიმე სახის ანგაჟირება. სასაცილოა ჩვენს სფეროში პოლიტიკური...დათარიღება შეიძლება გავაკეთოთ პოლიტიკური?“, - განაცხადა მან.

ხელოვნების ისტორიკოსი აცხადებს, რომ რესტავრაცია მეცნიერებაა და არა „კარგი ხელობა“.

„გვეუბნებიან, თქვენ ხომ მეცნიერები ხართ, მიხედეთო. ეს ჩვენი საქმეა. ამის თქმა, რომ თქვენ მიხედეთ, თქვენს საქმეს, ამაში რატომ ერევით და რომ არაკომპეტენტურები ვართ... ჩვენ საკმაოდ ბევრი გავიარეთ ცხოვრებაში, გამოცდილება მივიღეთ კედლის მხატვრობის და ხატწერის, რესტავრაციის.

არ იციან, რომ მეცნიერებაა რესტავრაცია და არა უბრალოდ ხელობა“, - დასძინა ჩუბინაშვილის კვლევითი ცენტრის მეცნიერმა, ხელოვნების ისტორიკოსმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო