ჩვენი და მიხეილ სააკაშვილის სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა. ჩვენი სურვილი არის, რომ პატიმარი სააკაშვილი იყოს ჯანმრთელად, მას უნდა, რომ რაც შეიძლება ცუდად იყოს, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მინისტრი განმარტავს, მიხეილ სააკაშვილის მიზანი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის „ხელოვნურად დაზიანებით“ პენიტენციური დაწესებულების დატოვებაა.
„თუკი ვინმეს აქვს კითხვა მიხეილ სააკაშვილის როგორც ჯანმრთელობის, ისე უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჩვენ ყოველთვის ვაწვდით მათ ინფორმაციას. ყველამ იცის, მთელმა საქართველომ და მართლა, მთელმა მსოფლიომ, ვისაც ეს საკითხი აინტერესებს, რომ ის კერძო კლინიკაში იმყოფება. სჭირდება მკურნალობა? – სახელმწიფო მას ამის შესაძლებლობას აძლევს, ის იმყოფება საავადმყოფოში ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. მაგრამ რა არის მთავარი პრობლემა – ჩვენი და მიხეილ სააკაშვილის სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა. ჩვენი სურვილი არის, რომ პატიმარი სააკაშვილი იყოს ჯანმრთელად, მას ამის სურვილი არ გააჩნია. მას უნდა, რომ ის იყოს რაც შეიძლება ცუდად იმისთვის, რომ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად დაზიანებით შეძლოს და დატოვოს პენიტენციური დაწესებულება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ „იმედის“ ეთერში.