დიმიტრი ხუნდაძე - ამერიკული კანონისგან განსხვავებით, ჩვენი კანონპროექტი სრულად თავსებადია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან - შემაშფოთებელია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს სიცრუე გააჟღერებინეს

ამერიკული კანონისგან განსხვავებით, ჩვენი კანონპროექტი სრულად თავსებადია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან - შემაშფოთებელია, რომ სიცრუე რამდენიმე დღის წინ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს გააჟღერებინეს, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძის განმარტებით, მათი პროექტის რუსულ კანონთან შედარება „სამარცხვინო სპეკულაციაა, რომელსაც ქვეყნის არაკეთილმოსურნეები სრულიად შეგნებულად ეწევიან“.

„ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამერიკული და რუსული კანონებისგან განსხვავებით, ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტი სრულად თავსებადია სამართლებრივ სტანდარტებთან, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით.

მაგალითად, როგორც ამერიკული, ისე რუსული კანონი იყენებს ისეთ უხეშ ტერმინს შესაბამისი სუბიექტის განსასაზღვრად, როგორიცაა „უცხოელი აგენტი“. აღნიშნული ტერმინი ნამდვილად შეიცავს სტიგმატიზაციის საფრთხეს. სწორედ ამიტომ, ჩვენი კანონპროექტი ადგენს არა უხეშ, არამედ სათანადო ტერმინს და შესაბამის სუბიექტებს არა უცხოელ აგენტებად, არამედ უცხოური გავლენის აგენტებად მოიხსენიებს. უცხოური გავლენის აგენტი არის სუბიექტი, რომელიც ამა თუ იმ მიზნით და ამა თუ იმ სფეროში საქართველოში უცხოური ძალის ინტერესებისა და შესაბამისად, გავლენის რეალიზებას ემსახურება,“ - აცხადებს ხუნდაძე.

მისივე თქმით, ამერიკული კანონის მიხედვით, უცხოური გავლენის აგენტად შეიძლება იყოს იდენტიფიცირებული ფიზიკური პირიც, რაც მისი თქმით, სტიგმატიზაციის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს.

„მივიჩნიეთ, რომ ამერიკული კანონის შესაბამისი ნორმები იყო ძალზე უხეში და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან არათავსებადი. შესაბამისად, ჩვენი კანონპროექტი მკაცრად გამორიცხავს ფიზიკური პირის, ანუ ადამიანის იდენტიფიცირებას უცხოური გავლენის აგენტად.

ამერიკული კანონის მიხედვით, სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად იდენტიფიცირება ხელისუფლების ორგანოების სუბიექტურ განსჯაზეა დამოკიდებული, რაც თვითნებობის სერიოზულ საფრთხეს ქმნის. გარდა ამისა, აშშ-ს ხელისუფლებამ უცხოელ აგენტად შეიძლება დაარეგისტრიროს ნებისმიერი სუბიექტი, თუნდაც, ის უცხოური ძალისგან მხოლოდ ერთ ცენტს იღებდეს. ამერიკული კანონისგან განსხვავებით, რომელიც არც ამ ნაწილშია თავსებადი ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, ჩვენი კანონპროექტი ადგენს მკაფიო და არამანიპულირებად კრიტერიუმებს უცხოური გავლენის აგენტის იდენტიფიცირებისათვის. კერძოდ, უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც უცხოური წყაროდან დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს იღებს,“ - აცხადებს ხუნდაძე.

მისივე თქმით, მათი კანონპროექტი გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს ითვალისწინებს და „უცხოური გავლენის აგენტებს“ მხოლოდ წლიური ფინანსური დეკლარაციის წარდგენას ავალდებულებს და სანქციად მხოლოდ ჯარიმას განიხილავს.

„მთლიანობაში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტი არცერთ ასპექტში არ არის იმაზე უხეში, ვიდრე მისი ამერიკული ანალოგი. მეტიც, როგორც უკვე აღინიშნა, ამერიკული კანონისგან განსხვავებით, ჩვენი კანონპროექტი სრულად თავსებადია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. შემაშფოთებელია, რომ ამასთან დაკავშირებით სიცრუე რამდენიმე დღის წინ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს გააჟღერებინეს.

რაც შეეხება რუსულ კანონს და მასთან ჩვენი კანონპროექტის შედარებას - გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს არის სამარცხვინო სპეკულაცია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები სრულიად შეგნებულად ეწევიან.

რუსული კანონი ითვალისწინებს არა მხოლოდ უცხოელი აგენტებად რეგისტრირებული სუბიექტების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, არამედ მათთვის აწესებს მკაცრ შეზღუდვებსაც,“ - განაცხადა ხუნდაძემ.

ამასთან, დეპუტატი აცხადებს, რომ საქართველოში ინტერვენციის და სუვერენიტეტის შესუსტების „მრავალმხრივი ინტერესი“ არსებობს და საფრთხე დასავლეთიდანაც მომდინარეობს.

„საქართველოში მოქმედი „ენჯეოები“ ცდილობენ ჩვენი კანონპროექტი წარმოაჩინონ ისე, თითქოს, ის მიზანმიმართულად დასავლეთიდან დაფინანსებული „ენჯეოების“ წინააღმდეგ არის მიმართული, რაც სიცრუეა. საქართველო პატარა ქვეყანაა და აქ ინტერვენციისა და სუვერენიტეტის შესუსტების მრავალმხრივი ინტერესი და საფრთხე არსებობს. ეს საფრთხე შეიძლება მომდინარეობდეს როგორც დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან, ისე სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან. გარდა ამისა, ის შეიძლება განხორციელდეს როგორც „ენჯეოების“, ისე სხვა გაერთიანებების გამოყენებით,“- განაცხადა ხუნდაძემ.

მისივე თქმით, „მხოლოდ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას შეუძლია დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი საქართველოში უცხოური გავლენის რეალიზების ისეთი შემთხვევებისგან, რომლებიც ამ სუვერენიტეტის შერყევას ან მის მიტაცებას ისახავს მიზნად“.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. შეგახსენებთ იმასაც, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების შესახებ კანონპროექტმა, რომელიც „უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის“ შექმნას გულისხმობს, შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამასთან, ნედ პრაისის თქმით, ის არ ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას და უფრო რუსეთის და უნგრეთის კანონმდებლობის ანალოგიურია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა