ზაზა ბიბილაშვილი - მიგრაციასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადება სინამდვილეში ატარებს მესიჯს: „რატომ გაგვიხსნა ევროკავშირმა საზღვარი?!

ღარიბაშვილმა მიუნხენში, პრაქტიკულად, იგივე თქვა, რასაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები იტყოდნენ - გამგონი და დამკვეთიც სხვაგან იყო, ვინაიდან ეს განცხადებები საქართველოს ინტერესებს არანაირად არ ემსახურებოდა, - ამის შესახებ "ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელმა, ზაზა ბიბილაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებები შეაფასა.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი არ არის პოლიტიკური ფიგურა და ის არის ადამიანი, რომელზეც ერთმა მდიდარმა ადამიანმა, ამ „ქვეყნის დე-ფაქტო მფლობელმა“ თქვა, „რაც გინდათ ის დაუძახეთო“.

„დღეს თქვენსავე გვერდზე, „ინტერპრესნიუსზე: ვნახე, რომ ზელენსკიმ თქვა, მაკრონი პუტინთან საუბარში დროს კარგავსო. ბორელი იძახის, რომ ჩვენ უკრაინას ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურად უნდა დავეხმაროთო. თვითონ ზელენსკი ამბობს, რომ ჩვენ თუ ეს ომი წავაგეთ, ნიშნავს, რომ დავკარგავთ სახლებს, ცოლ-შვილს და მთლიანად სამშობლოს. ამ დროს გამოდის ვიღაცა კაცის კაცის კაცი, რომელიც რაღაც ბანალური ბრტყელი ფრაზებით გეუბნება, რომ თურმე კეთილდღეობა და ომი შეუთავსებელია. რას მელაპარაკები?! ომი რა, უკრაინელების არჩევანია? ამ სერიოზულ ხალხს ვიღაცის „რაც გინდათ ის დაარქვით“, როგორც თვითონ ივანიშვილმა მოიხსენია ეს ადამიანია, უცბად მეუბნება, რომ ომი ცუდიაო. გასაგებია, რომ ცუდია, მაგრამ ომი როგორ უნდა მორჩეს? რა გზით უნდა დასრულდეს? ამის გამგონი და დამკვეთიც სხვაგან იყო, ვინაიდან ეს განცხადებები საქართველოს ინტერესებს არანაირად არ ემსახურებოდა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ხელისუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზა და „საერთაშორისო ლეგიტიმაციის“ ერთადერთი წყარო და საშუალება წინა ხელისუფლების დემონიზებაა.

„ანუ, სიტუაციის ისე დახატვა, თითქოს აქ მართლა რაღაც ჯოჯოხეთი იყო და რომ მათ ქვეყანა ჯოჯოხეთისგან იხსნეს,“ - აღნიშნა მან.

ზაზა ბიბილაშვილმა ასევე ოპოზიციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი მთავარი პრობლემა არის ის, რომ არ არიან თანმიმდევრულები, არ არსებობს კომუნიკაცია და მწყობრი მესიჯები.

„პრობლემა ის არის, რომ რაც ოპოზიციიდან ისმის, არ არის მწყობრი და თანმიმდევრული. ის არის ეკლექტური, საპასუხო რეჟიმში ეპიზოდური ხასიათის მატარებელი. არ არის თანმიმდევრული, როგორიც „ოცნების“ პროპაგანდაა. მე ვიტყოდი, მთავარი პრობლემაა, რომ არ არსებობს ნარატივი, კომუნიკაცია, მწყობრი მესიჯები ანუ, რას მეუბნები, გარდა იმისა, რომ ბიძინა ცუდია? იმიტომ რომ ბიძინა რომ ცუდია, დღეს მგონი „ოცნების“ შიგნითაც იციან უკვე, იმიტომ რომ მიხვდნენ, რომ მარტო საკუთარ ოჯახზე ზრუნავს,“ - განაცხადა ბიბილაშვილმა.

მან გადაცემაში ასევე მიგრაციასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის დღევანდელი განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება სინამდვილეში ატარებს მესიჯს - „რატომ გაგვიხსნა ევროკავშირმა საზღვარი?!“

„ქართული ოცნების“ მთავარი პლუსი მათთვისვე არის მათი პროპაგანდა და მორიგი მანიპულაციური პროპაგანდისტული განცხადება. სინამდვილეში, თუ გავფილტრავთ, ამ სიტყვების ემოციური მესიჯი არის ის, რომ ისევ დასავლეთის ბრალია ანუ, როდესაც უფრო მდიდარი ქვეყანა საზღვარს უფრო ღარიბ ქვეყანას უხსნის, ეს იმას ნიშნავს, რომ მიგრაციული სალდოს ამბავი იმათი ბრალია ანუ, რატომ გაგვიხსნეს საზღვარი? - ეს ემოციური მესიჯი ილექება. მე ამ სიტყვებმა ივანიშვილის რამდენიმე წლის წინანდელი ინტერვიუ გამახსენა, როდესაც მან თქვა, რომ საბჭოთა საქართველოში ყველაფერი კარად იყო და მერე უცებ საბჭოთა კავშირი დაინგრა, საზღვრები გაიხსნა და ხალხი გაუბედურდა, იმიტომ რომ ნახა, რომ თურმე საზღვარგარეთ უკეთესი ცხოვრებააო. იგივე მენტალობაა ეს სინამდვილეში, როდესაც საკუთარ თავში ვერ ხედავენ პრობლემას,“ - აღნიშნავს ბიბილაშვილი.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მოქალაქეების მიგრაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ „როდესაც ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა ეკონომიკურად შედარებით სუსტი ქვეყნის მოსახლეობას სავიზო რეჟიმს უმარტივებს, ბუნებრივია, ეს ფაქტი მოსახლეობის გადინებას უწყობს ხელს“. მისივე თქმით, მაგალითად, აშშ საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით მკაცრ სავიზო პოლიტიკას ატარებს, რასაც თავისი დადებითი ეფექტიც აქვს.

„რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 2018-21 წლებში საქართველოს არა უარყოფითი, არამედ დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა,“ - განაცხადა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა