29 აპრილს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები გაიმართება

29 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულებები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, ამომრჩევლები 29 აპრილს აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი - სენაკი - ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.

ნათია იოსელიანის განმარტებით, შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის 164 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამ არჩევნებზე საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს დიდი მასშტაბით გამოიყენებს. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 117 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 91% მიიღებს. დანარჩენ, 47 საარჩევნო უბანზე კი კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

„ეს არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ამ მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიები პირველად იქნება გამოყენებული. ასევე, შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება ტესტი მომავალი საერთო 2024 წლის არჩევნებისთვის.

საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება 29 აპრილის არჩევნებს. ეს არის საქართველოს არჩევნების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი და ყველა ჩართულ მხარეს შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს საარჩევნო პროცესის წარმატებით წარმართვაში.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩევნებში ჩართული ყველა მხარის პასუხისმგებლობაა საარჩევნო რეფორმის წარმატებით განხორციელება. ჩვენ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ტექნოლოგიების მიმართულებით ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლებას და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას.

სწორედ ამიტომ, გვინდა მოვუწოდოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს - პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას - ყველას, ვინც გამოთქვამს სურვილს, რომ მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის დემოკრატიზაციის ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში, ჩვენთან ერთად ჩაერთონ ელექტრონული არჩევნების დანერგვაში“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024