ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი 22 თებერვლისთვის გადაიდო

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი 22 თებერვლისთვის გადაიდო.

სხდომა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 11:00 საათზე ჩატარდება.

სხდომის გადადების მიზეზი დაცვის მხარის შუამდგომლობა გახდა. კერძოდ, ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ პროკურატურის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ შუამდგომლობებზე პასუხის გასაცემად დრო და ბრალდებულთან კონსულტაციის გავლა ითხოვა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ბრალდების მხარემ ახალი მტკიცებულების დასაშვებობაზე, ასევე, ახალი მტკიცებულების მოპოვებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა დააყენა. კერძოდ, პროკურორ მირანდა წერეთლის განცხადებით, ვინაიდან ბადრი ესებუა ძებნაში იმყოფებოდა, მისგან ხმისა და სუნის ნიმუშების აღება ვერ განხორციელდა, რის გამოც, ოდოროლოგიური ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს. ასევე, სახელმწიფო ბრალდება ბადრი ესებუასთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ შუამდგომლობაზე პასუხის გასაცემად დრო ითხოვა, რათა მისი დაცვის ქვეშ მყოფთან აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაცია გაიაროს.

მოსამართლე ეკატერინე ბებიას განცხადებით, ის დაცვის მხარეს არ შეზღუდავდა, რის გამოც, სხდომა გადადო.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულმა ბადრი ესებუამ მხოლოდ ის განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა