"საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას განცხადებით, ესებუასთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის მოთხოვნა დროსა და ვითარებაშია აცდენილი.
ამასთან, როგორც ადვოკატი განმარტავს, ესებუას მხრიდან დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის, რაც ჯანაშიას თქმითვე, პროკურატურის მიერ დაყენებულმა შუამდგომლობებმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.
"ჩვენი პოზიცია ასეთია, აქამდე საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ უტყუარად დადგენილიყო, რომ დანაშაული ბადრი ესებუას მიერ არის ჩადენილი. დღეს, ბრალდების მხარის მიერ დაყენებულმა შუამდგომლობებმა ეს ეჭვი კიდევ უფრო გაამყარა, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ბრალდების მხარეს შეეპარა ეჭვი მის მიერ ადრე ჩატარებულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით, საუბარია ფონოსკოპიურ ექსპერტიზაზე. დღეს ბრალდების მხარემ მოითხოვა, რომ ბადრი ესებუასგან ხმის ნიმუში აიღონ, რომელიც შეფარდება ბანკში მძარცველის/ტერორისტის ხმასთან. არათუ ჩვენ, ბრალდების მხარესაც გაუჩნდა ეჭვი ამასთან დაკავშირებით.
მეორე შუამდგომლობა ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას ეხებოდა. "საქართველოს ბანკიდან" ამოღებულია გორგოლაჭიანი სკამი, ასევე, სუნის ნიმუშია ამოღებული ავტომანქანიდან, რომლითაც მძარცველი გადაადგილდებოდა. ბრალდების მხარეს, 2 წლისა და 6 თვის შემდეგ უნდა, ოდოროლოგიური ექსპერტიზა ჩაატაროს, რადგან ჰგონია, რომ სუნის ნიმუშები იდენტური იქნება.
რაც შეეხება ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შუამდგომლობას, ესეც მიმაჩნია, რომ დროსა და ვითარებაში აცდენილია, რადგან ასეთი ექსპერტიზა რომ ჩანიშნო, საფუძველი უნდა გქონდეს. კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად, დაცვის მხარემ სასამართლოზე დრო მოვითხოვეთ, რათა კონსულტაცია გავიაროთ ბადრი ესებუასთან", - განაცხადა ჯანაშიამ.
მისივე განმარტებით, საქმეში ახალი ადვოკატის - ალექსანდრე კობაიძის გამოჩენა მისთვის სიურპრიზი იყო, ვინაიდან, კობაიძე ოჯახს არ დაუქირავებია და არც ესებუას მიუმართავს კობაიძის არასამთავრობო ორგანიზაციისათვის.
იოსებ ჯანაშია აღნიშნულთან დაკავშირებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან კონსულტაციას გაივლის.
ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.