ნიკოლოზ ვაშაკიძე - მიუნხენის კონფერენციაზე დასავლეთის ჩამოყალიბებული მიდგომა გამოჩნდა, რომლის მიხედვითაც ევროპული და გლობალური მშვიდობის მიღწევა რუსეთის დამარცხებით შეიძლება და პუტინის რეჟიმთან მორიგებას აზრი არ აქვს

მიუნხენის კონფერენციამ დაგვანახა, რომ ცივილიზებული სამყაროს პოზიცია, უკრაინაში ომის მიმართ, ჩამოყალიბებული და გამოკვეთილია. ეს პოზიცია მჭიდროდ დაკავშირებულია ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების მომავალი არქიტექტურის ხედვასთან, რომელშიც რუსეთი, მისი აგრესიული პუტინისტური რეჟიმის სახით, აღარ უნდა არსებობდეს, - ამის შესახებ პარტია ”ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.

როგორც ნიკოლოზ ვაშაკიძემ აღნიშნა, დასავლეთის გამოკვეთილი პოზიციის ფონზე, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად საბრძოლო მოქმედებების შეჩერება და აშშ-ს, რუსეთს, ევროპასა და ჩინეთს შორის მოლაპარაკება აუცილებელია, დისონანსურად ჟღერს.

„წლევანდელი მიუნხენის კონფერენცია, პრაქტიკულად, უკრაინაში მიმდინარე ომის წლისთავზე ჩატარდა. აქედან გამომდინარე, ის ერთ - ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდა. მიუნხენის კონფერენციამ დაგვანახა, რომ ცივილიზებული სამყაროს პოზიცია, უკრაინაში ომის მიმართ, ჩამოყალიბებული და გამოკვეთილია. ეს პოზიცია მჭიდროდ დაკავშირებულია ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების მომავალი არქიტექტურის ხედვასთან. მომავალ არქიტექტურაში რუსეთი, მისი აგრესიული პუტინისტური რეჟიმის სახით აღარ უნდა არსებობდეს, ამისთვის კი მიმდინარე ომში უკრაინის გამარჯვებაა აუცილებელი ამ ხედვას კონფერენციაზე გამართული უამრავი გამოსვლა ცხადყოფს, მაგრამ მის საილუსტრაციოდ ორი საკვანძო სიტყვა საკმარისისა - აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის კამალა ჰარისის და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის. ერთი დასავლური სამყაროს ლიდერი სახელმწიფოს პოზიციას გამოხატავს, ხოლო მეორე - კოლექტიური დასავლეთის ჩამოყალიბებულ მიდგომას. კამალა ჰარისმა ორი უმნიშვნელოვანესი მესიჯი გააჟღერა. პირველი - აშშ რუსეთს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებში ბრალს სდებს და დანაშაულების ჩამდენთა და მათი ხელმძღვანელების პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. ამ საკითხში აშშ-ს პოზიციამ განიცადა ძალზე მნიშვნელოვანი ევოლუცია განიცადა - სამხედრო დანაშაულების კვალიფიკაციიდან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებამდე. ჰარისის მეორე მესიჯი მჭიდროდ დაკავშირებულია პირველთან. აშშ მტკიცედ განაგრძობს უკრაინის ყოველმხრივ მხარდაჭერას იმ მოცულობით და ვადით, რომლებიც აუცილებელი იქნება ომში არაორაზროვანი გამარჯვების მისაღწევად. სტოლტენბერგის მესიჯები არანაკლებად მკაფიოა: სანამ იარსებებს პუტინი და მისი რეჟიმი, ის ყოველთვის აგრესიული და ომების მაპროვოცირებელი იქნება. საჭიროა, უკრაინის გამარჯვება, რისთვისაც დასავლეთმა თავისი სამხედრო მრეწველობა სრული სიმძლავრით უნდა აამუშაოს.

ერთი წინადადებით, დასავლეთში ჩამოყალიბებული მიდგომა შემდეგნაირია - ევროპული და გლობალური მშვიდობის მიღწევა რუსეთის დამარცხების გზით. პუტინის რეჟიმთან მორიგებას აზრი არ აქვს. დასავლეთის ასეთი გამოკვეთილი პოზიციის ფონზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მესიჯებმა დისონანსურად გაიჟღერა. მან განაცხადა, რომ აუცილებელია საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეჩერება და მოლაპარაკებების დაწყება აშშ-ს, ევროპას, რუსეთსა და ჩინეთს შორის, მსოფლიო ახალი წესრიგის დასამყარებლად. უსიამოვნოა, მაგრამ ფაქტია, ღარიბაშვილის მესიჯები პრაქტიკულად იმეორებს რუსეთის პოზიციას. უნდა ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული მესიჯები პრემიერ ღარიბაშვილის მიერ მოსკოვიდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზეა გაჟღერებული. კითხვაა, ეს რეკომენდაციები უშუალოდ მთავრობის მიღებულია თუ ქვეყნის არაფორმალური მმართველის? ზოგს შეიძლება ეს ნიუანსი უმნიშვნელოდ მიაჩნდეს, მაგრამ მას აქვს მნიშვნელობა, რადგან საქართველოში ხელისუფლების ბუნების დღევანდელ მდგომარეობაზე მეტყველებს და მომავალში დასავლეთიდან მხარდაჭერილი ხელისუფლების ტრანზიციის პროცესში თავის განსაკუთრებულ როლს ითამაშებს“, - განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

ავთანდილ წულაძე - საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ ტრამპის პოლიტიკა უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ბაიდენის
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს