ანა ნაცვლიშვილი - „ქართული ოცნება“ ყველა ფორმით, სიტყვით, საქმით, ნაბიჯებით, ევროკავშირს უგზავნის გზავნილებს: „არ მიმიღო, არ გამიღო კარი, მე შენთან არ მინდა"

მოქმედებები, რასაც დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს, საქართველოსთვის ერთადერთ როლს ითვალისწინებს, ეს არის რუსეთის უკანა ეზო, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 24 თებერვალს უკრაინამ სხვა ქვეყნების დელეგაციებთან ერთად, საქართველოს დელეგაციაც მიიწვია, თუმცა, "ქართულმა ოცნებამ" წასვლაზე უარი თქვა.

როგორც დეპუტატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, საქართველო ყველგან უნდა იყოს წარმოდგენილი, სადაც მსოფლიო ლიდერები არიან, არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ უნდა დააფიქსიროს, სად დგას ამ ვითარებაში.

მისვე თქმით, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომის 1 წლის თავზეც, კი ვერ უსურვა უკრაინას გამარჯვება.

„ომის დაწყებიდან ძალიან მალევე საპარლამენტო დელეგაცია უკვე ვიყავით კიევში. მაშინ, გაცილებით სხვა ხარისხის უსაფრთხოება იყო, მაგრამ ჩვენ მაშინ ჩავედით. მაშინ თუ ჩავედით დღეს რატომ ვერ ჩავდივართ? ჯო ბაიდენია კიევში და არანაირი უსაფრთხოების პრობლემა არ არის. მაშინ არ გაღიზიანდებოდა რუსეთი და ახლა გაღიზიანდება?!

არგუმენტები, რომ უსაფრთხოების ქოლგა არ გვაქვს და ა.შ. ... რომ არ გვაქვს უსაფრთხოების ქოლგა და რომ არ ხარ ევროკავშირის ნაწილი, რომ არ გიცავს ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგა, ამიტომ უნდა ჩახვიდე ყველგან, ამიტომ უნდა გქონდეს მკაფიო პოზიციონირება ამ ომთან მიმართებაში. იქ, სადაც დღეს მსოფლიო ლიდერები არიან და წყდება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის თემა, ყველგან უნდა იყოს საქართველო წარმოდგენილი, არა თუ ფიზიკურად იყოს წარმოდგენილი, არამედ სად დგას ამ ვითარებაში, ეს უნდა დააფიქსიროს.

პრემიერ-მინისტრის მიუნხენის კონფერენციაზე სამარცხვინო გამოსვლა და კიევში ახლა საერთოდ არ ყოფნა, ეს ერთი მედლის ორი მხარეა. საქართველო ძალიან მკაფიოდ უნდა პოზიციონირებდეს ამ ვითარებაში. ის უნდა აფიქსირებდეს თავის სახელმწიფოებრივ ამბიციას თუ სად უნდა იყოს ის, როდესაც ახალი წესრიგი განხორციელდება.

ამ პროცესში საქართველოს პრემიერი, რუსული "მესჯ ბოქსით" ლაპარაკობს. ერთი წელია ამ კაცმა (ირაკლი ღარიბაშვილი) ვერ ამოღერღა, რომ უკრაინას გამარჯვებას უსურვებს. ვერ ამბობს ამას. ეს რა გზავნილია საერთაშორისო საზოგადოებისთვის?“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაა, საქართველოს მოქალაქეებში „დააგდონ სწრაფვა“ ევროკავშირის და ნატო-ს მისამართით.

გადაცემაში ნაცვლიშვილმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაზეც, რომ „რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, 2018-21 წლებში საქართველოს დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა - აშშ საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით საკმაოდ მკაცრ სავიზო პოლიტიკას ატარებს“.

ნაცვლიშვილის თქმით, მთავრობა ყველა ფორმით ღია გზავნილებს უგზავნის ევროკავშირს - „არ მიმიღო, არ გამიღო კარი! მე შენთან რეალურად არ მინდა“.

„ეს განცხადება ძალიან სერიოზული პრობლემაა. მთლიანი კონტექსტი და ის ნაბიჯები, რომელსაც ხელისუფლება დგამს და ბრძოლა, რომელიც გამოცხადებული აქვს დასავლეთთან რიტორიკის დონეზე, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეებს საფრთხის წინაშე აყენებს, რომ საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოექცეს. ირაკლი კობახიძისგან და „ქართული ოცნებისგან“ პირველი არ არის, როდესაც ქვეყანაში ვითარება არ უმჯობესდება და უარესდება ყველას დააბრალოს, საკუთარი თავის გარდა. მისი ბრალი, საერთოდ რამე არის ამ ქვეყნად? თუ თვითონ ზევსია და ყველა დამნაშავეა. იქნებ ამაზეც მიიღოს კანონი და ევროკავშირი რაღაცაში დამნაშავედ გამოაცხადოს. აქამდეც, რომ მივიდნენ ამასაც არ გამოვრიცხავ.

„ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაა, საქართველოს მოქალაქეებში დააგდონ სწრაფვა ევროკავშირის და ნატო-ს მისამართით. ყველა ფორმით, სიტყვით, საქმით, ნაბიჯებით, ღია გზავნილებს უგზავნიან ევროკავშირს - „არ მიმიღო, არ გამიღო კარი! მე შენთან რეალურად არ მინდა“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ამერიკელ სენატორებთან შეხვედრაზე და მათ გზავნილებზე. ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, სენატორები ისევე, როგორც საქართველოს სხვა პარტნიორები და მეგობრები ძალიან შეწუხებულები არიან იმ გეზით, რაც საქართველოს ხელისუფლებამ აიღო.

„იმ პირობებში, როდესაც აშშ, ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს დახმარების ხელს უწვდის და გვერდში უდგას, რომ საქართველო უსაფრთხო იყოს, ამ მეგობრებს და პარტნიორებს საქართველოს ხელისუფლება აგინებს, ატყუებს, ეჩხუბება და ებრძვის, როგორ უნდა იყოს ახლა მათი განწყობა?!. ეს ადამიანები ასეთი ერთგულები, რომ არ იყვნენ და არ სჯეროდეთ საქართველოს სუვერენიტეტის იდეის და ქართველი ხალხის შესაძლებლობის, რომ თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო ავაშენოთ, დიდი ხნის წინ გაიჯახუნებდნენ კარს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, ანა ნაცვლიშვილმა „ხალხის ძალის“ მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე ისაუბრა.

ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, რომ ეს კანონპროექტი კანონად აქციოს.

„ამაში ეჭვი ერთი წამითაც არ მეპარება. ბოლომდე მივლენ თუ არა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი იქნება ამაზე საზოგადოების რეაქცია.

ეს კანონი ამბობს, რომ თუ აშშ, ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია ფულს სახელმწიფო უწყებებს მისცემს, ეს კარგია და მიიღებენ ამ ფულს, მაგრამ თუ იგივე ორგანიზაციები ფულს სამოქალაქო საზოგადოებას მისცემენ, ეს კრიმინალი იქნება. ამას ამბობს ეს კანონი, რაც არის აბსურდი“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა