რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება, რომელიც თავისთავად გულისხმობს რუსეთის დამარცხებას, სამწუხაროდ, თქვენ წარმოუდგენლად მიგაჩნიათ და თქვენი ასეთი ქმედებებით ნუ გამორიცხავთ, რომ 21-ე საუკუნის მახარაძეებად, ორჯონიკიძეებად და ყორღანაშვილებად შეხვიდეთ საქართველოს ისტორიაში, - ასე მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა შალვა კერესელიძემ მმართველ პარტიას პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი შეფასებით, მმართველ პარტიას რუსეთთან პოლიტიკური კეკლუცობა, კრემლის შექება და საჩუქრების მიღება ბევრად უფრო სასარგებლოდ მიაჩნია, ვიდრე ევროპული ოჯახის წევრობა.
„რაც დრო გადის ქართული საზოგადოება კიდევ უფრო რწმუნდება, რომ „ნაც-ქოცური“ ურთიერთობა ღრმა პოლიტიკურ თანამშრომლობაში გადადის და მათი პოლიტიკური საქმიანობა, ერთად პოლიტიკური თანაცხოვრების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელიც კი ხდება. არ ვიცი რა აპირებთ, ან ჩაფიქრებული რა გაქვთ, მაგრამ რასაც ვხედავთ მმართველი პარტია „ნაცმოძრაობის“ მსგავსად სახელმწიფოებრივად არასწორ გზაზე დგას. ერთმანეთის პოლიტიკურ თამაშს თამაშობთ და ერთმანეთს პრაქტიკულად უკვე უთქმელად უგებთ. ძალიან გულდასაწყვეტია რა მივიღეთ 2012 წლის ნამდვილი „ქართული ოცნებიდან“ - პოლარიზებული საზოგადოება, გაბრწყინებული კორუფცია, მითვისებული სახელმწიფო ინსტიტუციები, კლანურ მმართველობად ქცეული სასამართლოს სისტემა, უიმედობის, უპერსპექტივობის და სოციალური გაჭირვების გამო დაცლილი ქართული გენოფონდი, ქვეყნიდან გაქცეული ქართველები და საქართველოში ჩამოსახლებული ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეები. ეს ხდება მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს და ყოველდღიურად იზრდება უკრაინის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა. საქართველო კი, შორდება ევროპას და უახლოვდება ჩვენს ჩრდილოელ ოკუპანტ მეზობელს. საქართველოს ხელისუფალი გვარწმუნებს, რომ სისტემური პრობლემა არა საქართველოს, არამედ ევროპას აქვს და ომის შემდეგ, ევროპა სად იქნება არავინ არ იცის და საქართველოში მოქმედი არაფორმალური მმართველობა, კლანური ინტერესები, კორუფციის გზით ნაშოვნი ქონება თუ შეეწირება კანდიდატის სტატუსს, მაშინ „ქართულ ოცნებაში“ მოქმედი ქართული წესების შესაბამისად საერთოდ არ გვიღირს არც კანდიდატის სტატუსი და არც ევროპული ოჯახის წევრობა და რუსეთთან პოლიტიკური კეკლუცობა, კრემლის შექება და საჩუქრების მიღება ბევრად უფრო სასარგებლოდ მიგაჩნიათ.
რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება, რომელიც თავისთავად გულისხმობს რუსეთის დამარცხებას, სამწუხაროდ, თქვენ წარმოუდგენლად მიგაჩნიათ და თქვენი ასეთი ქმედებებით ნუ გამორიცხავთ, რომ 21-ე საუკუნის მახარაძეებად, ორჯონიკიძეებად და ყორღანაშვილებად შეხვიდეთ საქართველოს ისტორიაში, ამიტომ კარგად დაფიქრდით და იფიქრეთ სამშობლოზე, თქვენი შვილების მომავალზე. თუ სამშობლოს მომავალი არ გადარდებთ თქვენს საკუთარ მომავალზე მაინც იფიქრეთ, თორემ მერე რაც არ უნდა თქვათ, თავს ვერაფრით ვერ გაიმართლებთ.
გვჯერა, რომ ამ ქვეყანაში შესაძლებელია ნამდვილად უკეთესად ცხოვრება და ძალიან ბევრი კეთილი საქმის კეთება ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, რისი რესურსი და შესაძლებლობაც, სამწუხაროდ, მმართველ პარტიას აღარ გააჩნია“, - განაცხადა კერესელიძემ.