შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა დაცულობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სამინისტროში გრძელდება საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის გაძლიერება.
როგორც მან პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას აღნიშნა, 2022 წელს, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტმა თბილისის ყველა რაიონი მოიცვა.
„კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა დაცულობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სამინისტროში გრძელდება საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის გაძლიერება. 2022 წელს, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტმა თბილისის ყველა რაიონი მოიცვა. თბილისის შემდეგ, რუსთავი გახდა პირველი ქალაქი, სადაც მართლწესრიგის ოფიცრები უკვე შეუდგნენ საქმიანობას. რეფორმა გრძელდება და მართლწესრიგის ოფიცრები ეტაპობრივად საქართველოს ყველა დიდ ქალაქში დაიწყებენ მუშაობას“,- აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
ამასთან, მინისტრმა პოლიციელებს, მესაზღვრეებს, მეხანძრე-მაშველებს, ასევე, სამინისტროს თანამშრომლებს, ყველა იმ პირს, ვინც მისივე შეფასებით, უწყების წარმატებას განაპირობებს, პარლამენტის ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს პოლიციელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე, ღირსეული სოციალური მდგომარეობის უზრუნველყოფასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე.
„მინდა ყველას - პოლიციელებს, მესაზღვრეებს, მეხანძრე-მაშველებს, ასევე, სამინისტროს თანამშრომელ ყველა სამოქალაქო პირს, ვინც უწყების წარმატებას განაპირობებთ, ყველას ამ ტრიბუნიდან გითხრათ მადლობა. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები და საქართველოს სამსახურით ქმნით ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხო, სტაბილურ აწმყოს და მშვიდობიან მომავალს. თავის მხრივ, სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს პოლიციელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე, ღირსეული სოციალური მდგომარეობის უზრუნველყოფასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.