დასავლეთი არ გეგმავდა რუსეთზე თავდასხმას, როგორც პუტინმა დღეს თქვა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
“ამ საღამოს კიდევ ერთხელ მივმართავ რუს ხალხს: შეერთებული შტატები და ევროპის ერები არ ცდილობენ რუსეთის კონტროლს ან განადგურებას… ომი არასდროს არის აუცილებლობა. ეს ტრაგედიაა. პრეზიდენტ პუტინმა აირჩია ეს ომი”, - განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა, რომ უკრაინას საკუთარი თავის დაცვა უწევს მანამ, სანამ პუტინი ომის გაგრძელებას ირჩევს, ხოლო პუტინს შესაძლებლობა აქვს მაშინ დაასრულოს ომი, როცა გადაწყვეტს.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ყოველთვის რთულია, მაგრამ ამავდროულად “ყოველთვის მნიშვნელოვანი”.
“მაშინ, როდესაც უკრაინა რუსეთის თავდასხმისგან იცავს თავს და საკუთარ კონტრშეტევას იწყებს, ეს მძიმე და ძალიან მწარე დღეები იქნება. გამარჯვებები და ტრაგედიები”, - დასძინა ბაიდენმა.