ბექა ფერაძე - გვქონდა ერთეული შემთხვევა, როცა კლინიკაში დასაქმებულებს შესთავაზეს, ნებაყოფლობით ეთქვათ უარი გაზრდილ ანაზღაურებაზე - შრომის ინსპექციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა

გვქონდა ერთეული შემთხვევა, როდესაც კლინიკაში დასაქმებულებს შესთავაზეს, რომ ნებაყოფლობით ეთქვათ უარი გაზრდილ ანაზღაურებაზე - შრომის ინსპექციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა, თითოეული ასეთი ფაქტი შევისწავლეთ და კლინიკამ უარი თქვა მსგავსი ტიპის შეთავაზებაზე, - ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

კერძოდ, მან ექიმებისა და ექთნების შრომის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების კონტროლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, 100-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულებაა შესწავლილი და მონიტორინგი მეტწილად სახელშეკრულებო ნაწილის კონტროლს მოიცავდა.

რაც შეეხება სრულ სურათს, ფერაძე განმარტავს, რომ კლინიკების მონიტორინგის სრული სურათი მარტში იქნება, როდესაც 300-მდე სამედიცინო დაწესებულებას შეამოწმებენ.

„როგორც თქვენთვის არის ცნობილი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 1-ელი იანვრიდან სამედიცინო დაწესებულებებში მინიმალური სახელფასო ანაზღაურება განისაზღვრა. კერძოდ, 2023 წლის პირველი იანვრიდან ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით, ხოლო ექთნების შემთხვევაში საათში 4,4 ლარით არის განსაზღვრული.

უფლებამოსილ პირად განისაზღვრა შრომის ინსპექცია და ჩვენ უკვე იანვარშივე დავიწყეთ იმ სამედიცინო დაწესებულებების შემოწმება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული.

დღეს არსებული მონაცემებით, 100-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულებაა შესწავლილი. ვინაიდან იანვრიდან დავიწყეთ მონიტორინგი, ეს მეტწილად სახელშეკრულებო ნაწილის კონტროლს მოიცავდა, ჩარიცხვების განხორციელების კონტროლი მიმდინარე თვიდან დაიწყო.

ჩვენ სრული სურათი გვექნება მარტში, როდესაც ყველა სამედიცინო დაწესებულებას მოვიცავთ, დაახლოებით 300-მდე სამედიცინო დაწესებულებაზეა საუბარი.

ჩვენთან საწყის ეტაპზე, იანვრის თვეში შემოვიდა ისეთი საჩივრები, რომლებიც რამდენიმე სამედიცინო დაწესებულების მხრიდან მედპერსონალის მიმართ შეთავაზებას შეეხებოდა პოზიციის ცვლილებასთან დაკავშირებით. ექიმისთვის პოზიციის ცვლილება გამოიწვევდა მინიმალური ანაზღაურებისგან თავის არიდებას, რაც გამოწვევას წარმოადგენდა.

ასევე, გვქონდა ერთეული შემთხვევა, როდესაც კლინიკაში დასაქმებულებს შესთავაზეს, რომ მათ ნებაყოფლობით ეთქვათ უარი გაზრდილი ანაზღაურების აღებასთან დაკავშირებით.

ჩვენ, შრომის ინსპექციამ მყისიერი რეაგირება მოვახდინეთ. თითოეული ასეთი ფაქტი შევისწავლეთ და კლინიკამ უარი თქვა მსგავსი ტიპის შეთავაზებაზე. შესაბამისად, აღნიშნული პრობლემები აღმოფხვრილია. მონიტორინგის მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას და ალბათ, მარტის თვეში ჩვენ გვექნება სრული სურათი“,- აღნიშნავს ბექა ფერაძე.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა