ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2023

"ქუჩაში ბევრი ხალხი კი გამოვა, მაგრამ არა ამ პოლიტიკოსების გამო", - როგორი იქნება 24 თებერვლის აქცია

უცხოელები საქართველოში უძრავ ქონებას სწრაფად ყიდულობენ

***

"ქუჩაში ბევრი ხალხი კი გამოვა, მაგრამ არა ამ პოლიტიკოსების გამო", - როგორი იქნება 24 თებერვლის აქცია

“მივა თუ არა ხალხი 24 თებერვალს დაგეგმილ აქციაზე და შეძლებს თუ არა სამი ოპოზიციური პარტია ხალხში საპროტესტო მუხტის აგორებას? ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ პარასკევს პარლამენტის წინ დაგეგმილი აქცია, სავარაუდოდ, მრავალრიცხოვანი იქნება, თუმცა ამის მიზეზი პირველ რიგში უკრაინისა და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერაა”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ქუჩაში ბევრი ხალხი კი გამოვა, მაგრამ არა ამ პოლიტიკოსების გამო", - როგორი იქნება 24 თებერვლის აქცია

„რუსეთის უკრაინაში შეჭრის წლისთავზე, 24 თებერვალს დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოქალაქეები ომში მყოფ უკრაინასა და უკრაინელებს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ. აქციის ორგანიზატორი სამი ოპოზიციური პარტიაა - „დროა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. მათი თქმით, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს სურვილი აქვთ, რომ პროტესტს შეუერთდნენ და სიტყვით გამოვიდნენ. ოპოზიციური პარტიის ლიდერების განცხადებით, ეს შეკრება იმისთვის დაიგეგმა, რომ მთელმა მსოფლიომ ნახოს, სად დგას ქართველი ხალხი. ასევე ცნობილია, რომ აქციას მსვლელობით შეუერთდებიან სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა რომ 24 თებერვლის სოლიდარობის აქციას მისი პარტიის წევრები დაესწრებიან. ცალკეული დამოუკიდებელი ოპოზიციონერი დეპუტატი გეგმავენ აქციის ორგანიზატორების მიერ გაკეთებულ განცხადებებს დააკვირდნენ და საკუთარი პოზიცია მხოლოდ ამის შემდეგ გაახმოვანონ”, - აღნიშნავს გამოცემა.

„მმართველი გუნდის განცხადებით კი, აზრის გამოხატვის თავისუფლება და სივრცე ოპოზიციისთვის შეზღუდული არასდროს ყოფილა, თუმცა, მათივე თქმით, ცხელი გაზაფხულის დაანონსება ოპოზიციური პარტიების მხრიდან მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება. ანალიტიკოსი ვხტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ შესაძლოა 24 თებერვლის აქციაზე ხალხი ნამდვილად მივიდეს და არცთუ მცირე რაოდენობის. თუმცა, როგორც მან „რეზონანსს“ განუცხადა, ხალხი მივა არა აქციის ორგანიზატორი პოლიტიკოსების, არამედ უკრაინისა და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. „24 თებერვალს აქციაზე ხალხი ალბათ მივა და ველი, რომ მცირე რაოდენობის არ იქნება. თუმცა ეს აქცია საქართველოს პოლიტიკურ ველზე არსებულ სიტუაციას კარდინალურად ვერ შეცვლის. ხალხი მივა აქციაზე არა იმიტომ, რომ პოლიტიკოსების ტრიო უდგა სათავეში ან მათ გვერდით რაღაც ორგანიზაცია დგას, არამედ იმიტომ, რომ აქ საუბარია საქრათველოს ევროპულ მომავალსა და არჩევანზე არის. ასევე უკრაინას ქართველმა ხალხმა მხარი კიდევ ერთხელ რომ დაუჭიროს.

„ეს ორი ფაქტორია, რომელიც ხალხის რაოდენობას განსაზღვრავს. პირიქით, მე თუ მკითხვათ, ამ ტრიოს აქტიურობა აქციის მხარდამჭერების რაოდენობა ხელს უფრო შეუშლის. ახლა ქვეყანაში ისეთი პროცესები ვითარდება, რომ ოპოზიცია ამ პრცესში მოქცევას ცდილობს. ვგულისხმობ იმას რომ „ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნების მიზით ნელ-ნელა საკუთარ ნაჭუჭში იკეტება. ის ცდილობს, რომ როგორც ქვეყნის გარედან, ასევე შიგნიდან იზოლირებული იყოს და არ გაიგოს არაფერი, რაც მისთვის სასურველი და მისაღები არაა. ამიტომაც ახლა ოპოზიციას სურდა, რომ ეს სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს. „კი, ბატონო, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ საქმე ისაა, რომ ხალხი მათში ალტერნატივას ვერ ხედავს. რა აქვთ ხალხისთვის თუნდაც ამ ტრიოს შესათავაზებელი ისეთი, რაც ხალხს ხელისუფლების გაშვების სურვილს გაუჩენს? გაიგო ყველამ, რომ ივანიშვილი რუსია და მისი არჩეული საგარეო კურსი რუსეთია, მაგრამ ოპოზიციას რატომ უნდა ენდონ, ხალხი ამას ვერ ხვდება. როცა მოსახლეობის ამაში დარწმუნებას შეძლებენ, აქციებსაც და სხვა ყველაფერსაც მნიშვნელობა მერე ექნება“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“, - განაგრძობს გამოცემა.

„ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძეც ასევე არ გმორიცხავს, რომ 24 თებერვალს ხალხი აქციაზე მივიდეს და ეს იქნება იმით განპირობებული, რომ საქართველოს ევროპული მომავალის მიმართ ხალხი ღია მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავს. ანჯაფარიძე „რეზონანსთან“ საუბრისას ვარაუდობს, რომ, თემის სპეციფიკიდან გამომდინარე, აქციაში მონაწილეობას ახალგაზრდები და სტუდენტებიც მიიღებენ. „რა თქმა უნდა, 24 თებერვალს ხალხი აქციაზე თუ მივა, ეს არ იქნება ჯაფარიძის, ვაშაძის და ხოშტარიას დამსახურება, არამედ ხალხს კიდევ ერთხელ მოუნდება, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს მხარი დაუჭიროს. ასევე უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია. „ამ აქციაში საკუთარი რესურსის ჩართვას ალბათ არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეეცდებიან, რომლებიც „ხალხის ძალის“ მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტის მოწინააღმდეგეები არიან. ალბათ საპროტესტო მუხტის გასაძლიერებლად ამ კანონპროექტსაც გამოიყენებენ. „როგორც ცნობილი ხდება, სტუდენტებიც აპირებენ აქციაში ჩართვას. ამიტომ ვფიქრობ, რომ აქცია მცირერიცხოვანი არ იქნება. ასევე არაა გამორიცხული სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც იაქტიურონ. ცნობილია, რომ გახარია აპირებს ამ აქციაზე მისვლას. მას რა რესურსი აქვს არ ვიცი, მაგრამ თუ სხვა წვრილი პარტიებიც ჩაერთვებიან, მათაც ჰყავთ იმ რაოდენობის ელექტორატი, რომლის გამოყვანითაც აქციას წაეხმარებიან. „თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ამ აქციის შემდეგ ეს ტრიო ხალხის ქუჩაში გამოყვანას კიდევ შეძლებს. ამას ექნება ერთჯერადი და ისიც სოლიდარობის გამომხატველი სახე“, - ამბობს ანჯაფარიძე „რეზონანსთან“, - წერს სტატიის ავტორი.

უცხოელები საქართველოში უძრავ ქონებას სწრაფად ყიდულობენ

„საქართველოში უცხოელების მხრიდან ბინების შეძენა გააქტიურდა. ასეთი ვითარება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეიქმნა, თუმცა უცხოელთა მხრიდან საქართველოში უძრავი ქონების შეძენის დაინტერესება 2022 წლის თებერვლამდეც არსებობდა. ყველაზე მზარდი ინტერესი რეგიონის ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან არსებობს, რისი მასშტაბიც განსაკუთრებით გაზრდილია რუსეთიდან. მიუხედავად დიდი ინტერესისა, სპეციალისტები ამბობენ, რომ ხელოვნური ჩარევა არ უნდა მოხდეს”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, უცხოელები საქართველოში უძრავ ქონებას სწრაფად ყიდულობენ / "ქვეყანაში ეთნიკურ ბალანსს მალე პრობლემა შეექმნება, ამ კუთხით რაღაც მოსაფიქრებელია"

„უცხოელებისთვის განსაკუთრებულ ინტერესს ბათუმი წარმოადგენს, შემდეგ კი დედაქალაქი მოდის. ირკვევა, რომ უცხოელების მონაწილეობა თბილისში სახლისა თუ ბინის ნასყიდობის ტრანზაქციებში 8.8%-მდეა გაზრდილი, თუმცა ეს ჩამორჩება 2019 წლის მაქსიმუმს, რომელიც 9% იყო. ძირითადად რუსეთის მოქალაქეები აქტიურობენ. მიუხედავად ამისა, რუსეთის მოქალაქეების მონაწილეობა ამ ტრანზაქციებში იმდენად სწრაფად არ იზრდება, რამდენადაც საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი რუსების რაოდენობა, ან თუნდაც რუსეთიდან მიღებული გზავნილების მოცულობა. უძრავი ქონების სფეროს სპეციალისტი მალხაზ კუნელაური აცხადებს, რომ უცხოელებისგან საქართველოში ბინების შეძენის დაინტერესება აქამდეც არსებობდა, რაც განვითარებამ მოიტანა. "უძრავი ქონების შეძენით დაინტერესება პირდაპირ პროპორციულად არის დაკავშირებული ქვეყნის მიმზიდევლობასთან, განვითარებასთან, ნაკლებ კრიმინალთან, ბიზნესის მარტივად კეთებასთან, ტურისტულ პოტენციალთან და ა.შ. ასე რომ, ქვეყნის განვითარების პარალელურად, უცხოელების მხრიდან ბინის შეძენის მოთხოვნაც გაჩნდა და იზრდება კიდეც. განსაკუთრებით ტურისტული რეგიონები იყო და არის მოთხოვნადი. ეს შეეხება შავი ზღვისპირეთს, კურორტებს და ასევე, ქალაქად არსებულ მშენებარე ობიექტებსაც. თუ დავაკვირდებით, ყველა იმ ლოკაციაზე გაიზრდა მოთხოვნა, რომელი ქალაქიც და ადგილიც ჩაერთო განვითარებაში. რაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ხდება, ეს უძრავი ქონების ბაზრისთვის არაბუნებრივი მდგომარეობაა, ეს არ არის რეალური მოცემულობა. ახლა გარე ფაქტორის აუცილებლობა იწვევს უძრავი ქონების შეძენაზე მოთხოვნის ზრდას”, - განუცხადა "რეზონანსს” მალხაზ კუნელაურმა და დასძინა, რომ ხელოვნური ბარიერების დაწესება, იმ მიზეზით, რომ რაიმე პრობლემა შეიძლება შეგვექმნას, არ იქნება სწორი”, - აღნიშნავს გამოცემა.

"უძრავი ქონების შეძენა პირდაპირ მიბმულია ეკონომიკასთან. ეს არ არის კარგი, მაგრამ ჩვენი შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს ვაჭრობა, უძრავი ქონების განვითარება და ეს ბიზნესი არის ერთ-ერთი მსხვილი კონტრიბუტორი. შესაბამისად, ხელოვნური ბარიერების დაწესება, იმ მიზეზით, რომ უცხოელებისთვის ბინის მიყიდვით ხომ არ შეიქმნება რაიმე პრობლემა, არ არის სწორი. ჩვენ უნდა გვქონდეს სწორი საიმიგრაციო პოლიტიკა. საკუთრება არ ნიშნავს ადამიანისთვის მოქალაქეობის უფლების მინიჭებას, არჩევნებში უფლების მიცემას და სხვა. ეს მიღებულია მთელ მსოფლიოში. თუ საიმიგრაციო პოლიტიკის გაკონტროლება კარგად ხდება ძალოვანი უწყებებისა და მთავრობის მხრიდან, მაშინ, ასეთი ტურისტისგან ქვეყანამ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ სარგებელი მიიღოს. გაგიჩნდეს ახალი შემოსავალი და კონკრეტული სუბიექტის ჩაბმა ქვეყნის ეკონომიკაში”, - აღნიშნა კუნელაურმა "რეზონანსთან” საუბრისას. არარეზიდენტებს ქართულ საბანკო სისტემაში ნაკლებად მიუწვდებათ ხელი საკრედიტო პროდუქტებზე. შესაბამისად, მათი ალტერნატივა საკუთარი თანხით უძრავი ქონების შეძენა ან შიდა განვადებაა. ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე აცხადებს, რომ მაღალი შემოსავლის პირობებში უცხოლები საქართველოში მარტივად ახერხებენ ბინის შესყიდვას”, - განაგრძობს გამოცემა.

"ვიცით, რომ დემოგრაფიულად ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს და ამის ერთ-ერთი მიზეზი არის გარკვეული სიდუხჭირე, ანუ ახალგაზრდები ვერ ქმნიამ ოჯახს იმის გამო, რომ მათ არ გააჩნიათ ეკონომიკური შესაძლებლობა, მათ შორის საცხოვრებელი პირობები. ბიზნების შეძენის თემას, რა თქმა უნდა, აძვირებს ის დიდი მოთხოვნა, რომელიც უცხოელების მხრიდან არსებობს. ავსტრალიაში დაახლოებით 5 წლის წინ მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც აიკრძალა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის ბინების და სახლების შეძენა. ვერ გეტყვით, რამდენად მართებული იქნება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენაზე შეზღუდვების დაწესება ჩვენთანაც, მაგრამ ამ კუთხით რაღაც მოსაფიქრებელია, რადგან ქვეყანაში ეთნიკურ ბალანსს უკვე პრობლემა ექმნება. მალე შეიძლება უმცირესობაში მოვექცეთ, რადგან ქვეყნიდან ქართველების გადინებაც დიდია. უცხოელებს დიდი შემოსავალი აქვთ, იგივე რუსეთის მოქალაქეებს და სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსული ადამიანები ბიზნებს თავისუფლად ყიდულობენ. ჩვენი შემოსავლის პირობებში კი, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ შესაძლებლობას მოკლებულია”, - განუცხადა "რეზონანსს” ზვიად ტომარაძემ, - წერს სტატიის ავტორი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა