ძირითადად საწოლშია, აქვს კიდურების ტკივილი, რასაც ძალიან განიცდის და ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით, მაგრამ ეს ტკივილი მაინც რჩება - ტენდენცია არის დამძიმებისკენ, რადგან სხეულის წონა და მასა რჩება ძალიან დაქვეითებული. 20 თებერვლისთვის წონა იყო 67კგ და 200გ და სხეულის მასის ინდექსი 18,2, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა თამარ დავარაშვილმა „ვივამედში“ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
თამარ დავარაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჰემოდინამიკური, რესპირატორული მაჩვენებლები რჩება სტაბილური, როგორც კლინიკაში შემოსვლისას.
„პაციენტის მდგომარეობა დღეისთვის - ტენდენცია არის დამძიმებისკენ, რადგან სხეულის წონა და მასა ძალიან დაქვეითებული რჩება. 20 თებერვლისთვის წონა იყო 67კგ და 200გ და სხეულის მასის ინდექსი 18,2. პაციენტს გამოხატული აქვს ზოგადი საერთო სისუსტე, დასუსტებულია ძალიან. ძირითადად საწოლშია პაციენტი, აქვს კიდურების ტკივილი, რასაც ძალიან განიცდის და ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით, მაგრამ ეს ტკივილი მაინც რჩება. ყველაზე სავალალო არის ის, რომ კვება რჩება არაბალანსირებული, მაგრამ ამ არაბალანსირებულ საკვებს იღებს და ირგებს. პირღებინება და გულისრევა ძალიან იშვიათად რომ დაფიქსირებულიყოს ჩვენთან, მაგრამ ეს არაბალანსირებული კვება ჩვენ ძალიან გვიშლის ხელს. პაციენტის მონიტორინგი ხდება ყოველკვირეულად. ჩვენ ვაკეთებთ მონიტორინგს ანთებითი მარკერების, სისხლის საერთო ანალიზის და სხვა ბიოქიმიური მაჩვენებლების ანალიზს ვაკეთებთ. უმნიშვნელო ცვლილებები არის, მაგრამ ჩვენ ვახდენთ კორექტირებას. ჩვენ ავუხსენით პაციენტს, რომ აუცილებლად უნდა მიიღოს სალათები და რა თქმა უნდა, პაციენტს სჯერა რასაც ვეუბნები, ვერ ვიტყვი, რომ არ მომყვება და არ ითვალისწინებს. ჰემოდინამიკური, რესპირატორული მაჩვენებლები რჩება სტაბილური, როგორც შემოსვლის დღიდან და სწორედ ამიტომ მოთავსდა პაციენტი თერაპიულ პალატაში, რომ ეს მაჩვენებლები იყო ნორმის ფარგლებში და მიუხედავად წონის კლების და არასრულფასოვანი კვებისა, რჩება ნორმის ფარგლებში“, - განაცხადა თამარ დავარაშვილმა.
მკურნალი ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ოქტომბრის თვემდე საკვებს იღებდა, რომელიც „ენერგეტიკულად სრულყოფილი არ იყო, მაგრამ მრავალფეროვანი იყო.
„შემოდგომის მომენტიდან მასთან საუბარი სულ ცილოვანი დანამატების მიღებაზე მქონდა, მაგრამ ვერაფრით ვერ ვითანხმებდით. კლინიკაში რომ შემოვიდა, პირველ დღეებში ცილოვან დანამატს გარკვეული პერიოდის განმავლობაში იღებდა, მაგრამ ახლა არა. ერთი კვირის წინ ჩვენ კიდევ ერთხელ გვითხრა პარენტერალურ კვებაზე უარი და ისევ დავაყენეთ საკითხი ცილოვანი დანამატების მიღებაზე. ორი დღე ცილოვანი დანამატების მიღებაზე თანხმობა გვითხრა და მეც იმედი გამიჩნდა, რა კარგია ასე თუ გაგრძელდა, ჩვენ უფრო უკეთეს შედეგს მივიღებთ, მაგრამ მერე უარი განაცხადა.
პაციენტი იმ მდგომარეობაში არ არის, რომ ჩვენ ან პარენტერალური კვება დავიწყოთ და ან წვეთოვანი დავუდგათ. პაციენტი არის საღ აზრზე, კონტაქტში თავისუფლად შემოდის და რა შეგვიძლია გავაკეთოთ?
ოქტომბრის თვიდან დაიწყო გაუარესება, წონაში კლება, ოქტომბრის თვემდე ეს პაციენტი საკვებს იღებდა, შეიძლება კალორიული საკვები არ იყო, მაგრამ მრავალფეროვანი საკვები იყო. მასში შედიოდა: წვნიანები, ბუტერბროდი, ხიზილალა და თევზი. ოქტომბრის თვიდან ამას ვეღარ ვაღწევთ, იმიტომ არის ასეთი კლება. მაშინაც ენერგეტიკულად სრულყოფილი არ იყო, მაგრამ მრავალფეროვანი ნამდვილად იყო, წონაში კლება მაშინაც ჰქონდა”,- აღნიშნა დავარაშვილმა.