საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალ არქიტექტორთა ხელნაკეთი პროექტების გამოფენა მოეწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა - „ციფრული სივრცის ალტერნატივა“ მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ექსპოზიციაზე, რომელიც უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში გაიმართა, ფაკულტეტის მე-2 და მე-3 კურსის ბაკალავრებმა ხელით შესრულებული საკურსო ნამუშევრები - არქიტექტურული პროექტები, ესკიზები და მაკეტები წარმოადგინეს.

სტუდენტური გამოფენა დაათვალიერეს და შეფასებები გააკეთეს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნინო იმნაძემ და ფაკულტეტის პედაგოგებმა.

სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნინო იმნაძის განცხადებით, არქიტექტურული პროექტებისა და მაკეტების ხელით შესრულება სტუდენტებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, აქტიურად განავითარონ შემოქმედებითი იდეები, პრაქტიკული უნარ-ჩვევები და პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ.

„ხელით მუშაობა შემოქმედებით აზროვნებას ანვითარებს, ამიტომაც შევარჩიეთ გამოფენისთვის ასეთი სათაური - „ციფრული სივრცის ალტერნატივა“. ციფრული ტექნოლოგიები, ფაქტობრივად, ჯაბნის ხელით შესრულებულ სამუშაოებს. გამოფენაში მონაწილე ყველა სტუდენტს უკვე შეუძლია თავისი პროექტის ციფრულად შესრულება. მათ საექსპოზიციო ნამუშევრების ციფრული ვერსიებიც დამუშავებული აქვთ. ისინი დაამთავრებენ სწავლას და შემდეგ, მთელი ცხოვრება მოუწევთ ციფრული ტექნოლოგიებით პროექტების განხორციელება, ხელით მუშაობის სიამოვნება კი, პრაქტიკულად აღარ მიეცემათ. თუმცა ნებისმიერი არქიტექტურული პროექტი ჩანახატითა და ესკიზით იწყება, რაც აუცილებლად ხელით იქმნება. აღსანიშნავია, რომ ხელით მუშაობისას ბევრად უკეთ იგრძნობა იდეის არსი, მეტი საშუალებაა კონცეფციის მოძიება-განვითარების. ეს უდიდესი შრომაა, რა დროსაც ყალიბდება შემოქმედებითი ხასიათი და განწყობები, უნებურად იჭრება თამაშის ელემენტებიც, ვითარდება სხვადასხვა მასალის შეგრძნება და სწორად გამოყენების უნარი. რაც მთავარია, ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, რომ ახალგაზრდები პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. შედეგი ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო მივიღეთ. გამოფენაზე 60-ზე მეტი ნამუშევარია წარმოდგენილი. დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს სტუდენტებს ასეთი ამაღლებული განწყობის შექმნისთვის“, - აღნიშნავს ნინო იმნაძე.

ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის მე-3 კურსის სტუდენტის, ნუკრი ქარდავას თქმით, გამოფენილი საკურსო ნამუშევრები სტუდენტებისთვისაც მრავალმხრივ საინტერესო აღმოჩნდა.

„ძალიან მსიამოვნებს ხატვა და პროექტის ხელით შექმნა. ჩვენი მიზანი იყო, ხელნაკეთი სტუდენტური საკურსო პროექტები წარმოგვედგინა. ვფიქრობ, დავალებას კარგად გავართვით თავი, რადგან ექსპოზიციამ სტუდენტებს შორისაც დიდი ინტერესი გამოიწვია, მათ შორის ჩემმა პროექტმაც - „ფერმერის სახლი“, რომელიც ვერტიკალური გეგმარებით არის შესრულებული. ზოგადად, ციფრული ტექნოლოგიებით მუშაობა ბევრად აადვილებს საქმეს და დროშიც გაცილებით მომგებიანია, მაგრამ ესკიზის, პროექტისა და მაკეტის ხელით შექმნა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ინსპირაცია გაცილებით მეტია, შესაძლებელია ფორმების სწრაფად ცვლა და საკუთარი შემოქმედებითი იდეების თავისუფლად განვითარება“, - ამბობს ნუკრი ქარდავა.

როგორც სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის პროფესორი მერაბ გუჯაბიძე აღნიშნავს, სტუდენტების ნაწილი იმდენად დაინტერესდა ამ იდეით, რომ მათ საკურსო პროექტები ხელით შექმნეს.

„ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში კომპიუტერული გრაფიკა და არქიტექტურული პროგრამები პროფესიონალებს ნამდვილად გვიადვილებს მუშაობას. მას შემდეგ, რაც მოხდება გრაფიკული ნაწარმოების შექმნა, კომპიუტერი უკვე სასიცოცხლოდ აუცილებლია, მით უმეტეს, დღევანდელი დაჩქარებული ტემპის პირობებში. ეს ჩვენი საუკუნის ძალიან მოხერხებული ინსტრუმენტია. მაგრამ, როცა სტუდენტი სწავლის პროცესშია და ჯერ გზას იკვალავს, ეცნობა არქიტექტურის საფუძვლებს, შეიძლება ციფრული ტექნოლოგიები, გარკვეული თვალსაზრისისით, ხელშემშლელიც კი აღმოჩნდეს. როდესაც სტუდენტი გონებაში აანალიზებს ცოდნის ერთობლიობას - ტრადიცია, მშენებლობა, კონსტრუქციები, კონტექსტი, ადგილის სული - ის იწყებს აზროვნებას, რომ მისი ნაწარმოები მოერგოს კონკრეტულ ადგილს და როდესაც ამას ხელით გადმოსცემს, ის ინვითარებს, როგორც გემოვნებას, ასევე, არქიტექტორისთვის აუცილებელ ისეთ უნარებსა და ჩვევებს, როგორიცაა: მასშტაბის შემეცნება, სწორი განწყობის მიგნება, გარემოსთან ქმნილების სწორად შერწყმა, მასალების სწორად შერჩევა და ა.შ. ეს პროცესი აუცილებელიცაა იმისათვის, რომ ახალგაზრდა მომავალში მაღალი დონის სპეციალისტად ჩამოყალიბდეს და ფლობდეს თავისი ნააზრევის ხელით გადმოცემის უნარებს. ვფიქრობთ, ჩვენი სტუდენტები აუცილებლად უნდა ეზიარონ ამ ჩვევებს. დღეს არქიტექტურული ნაწარმოები 3D პროგრამირებით ისეთ მაღალ დონეზე სრულდება, რომ ხშირად, შეუძლებელია ის რეალურისგან განასხვავო. მაგრამ როცა ციფრულ პროექტს ხელით მაღალ დონეზე შექმნილ პროექტს შევადრით, აღმოვაჩენთ, რომ მას გაცილებით ღრმა სული აქვს. მოხარული ვართ, რომ სტუდენტები ასე დაინტერესდნენ ხელით მუშაობით და ის გარემოც ძალიან მოეწონათ, რომელიც მუშაობის პროცესში შევუქმენით“, - აღნიშნავს მერაბ გუჯაბიძე.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები