კახა კალაძის განცხადებით, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ვარკეთილის მესამე მასივში, რიგით მეოთხე პროექტი განხორციელდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ვარკეთილის მესამე მასივში, რიგით მეოთხე პროექტი განხორციელდება.

აღნიშნულის შესახებ კალაძემ თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძე განმარტავს, უახლოეს მომავალში წარადგენენ გეგმას, თუ როგორ ხედავენ ისტორიულ უბნებში შენობა-ნაგებობების მოწესრიგებასა და რეაბილიტაციას.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელება დავიწყეთ - ავარიული სახლების ჩანაცვლება. სამწუხაროდ, თბილისში, ბევრი ასეთი შენობა-ნაგებობა გვაქვს და დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა კონკრეტული პროგრამა, თუ როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული პროექტების განხორციელება და ავარიული სახლების ჩანაცვლება. უკვე დავიწყეთ კონკრეტული სამუშაოების განხორციელება, კონკრეტული პროექტების წარმოება, მოლაპარაკებები გვქონდა ერთ საცხოვრებელ კორპუსთან, ეს არის, ვარკეთილის მე-3 მასივის მე-7 კვარტლის მე-12 კორპუსი, იქ მცხოვრებმა ადამიანებმა მზაობა გამოხატეს, დათანხმდნენ მუნიციპალიტეტს და რა თქმა უნდა, მათი საცხოვრებელი კორპუსის დემონტაჟი მოხდა. აღნიშნულ სივრცეში ახალი, თანამედროვე შენობა ნაგებობა მოეწყობა. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს საცხოვრებელი ფართები გარემონტებული და ყველანაირად მოწესრიგებული გადაეცემათ. უკვე საძირკვლის სამუშაოები მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. 36 ოჯახი მუნიციპალიტეტს ქირით ჰყავს გაყვანილი და როცა სამუშაოები დასრულდება, ამ ადამიანებს თავიანთ საცხოვრებელ ფართებში დავაბრუნებთ, რომელიც იქნება ახალი, გარემონტებული, მოწესრიგებული. მინდა მოგმართოთ თქვენ, ვისაც ანალოგიური პრობლემა გაწუხებთ, თქვენივე რაიონის გამგეობას, ჩვენს შესაბამის სამსახურებს უნდა მიმართოთ. აქ მნიშვნელოვანია, რომ ყველას თანხმობა უნდა იყოს, სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევები, როცა დამატებითი ფართების მოთხოვნა ხდება, რაც პროექტის შეფერხებას და მის არგანხორციელებას იწვევს.

ამავე პროგრამის ფარგლებში, ვარკეთილის მესამე მასივში, კიდევ ერთი, რიგით მეოთხე პროექტი განხორციელდება, ეს არის სიახლე. დაგეგმილია მე-4 კვარტლის, მე-4 კორპუსში 4-სართულიანი ავარიული სახლის დემონტაჟი და მის ადგილას 10-სართულიანი შენობა-ნაგებობის აშენება. აქაც დაახლოებით, 36 ოჯახი ცხოვრობს, მათ უმძიმეს პირობებში უწევდათ ყოველდღიური ყოფა. ამ პროექტის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმება მოხდა, აქაც საცხოვრებელი ფართები ამ ოჯახებს გარემონტებული და ყველანაირად მოწესრიგებული გადაეცემათ. უკვე პროექტის კონცეფტუალური დიზაინი და დეტალური საინჟინრო საპროექტო სახარჯათაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს, რის შემდეგაც, გამოვაცხადებთ ტენდერს და ყველა დაინტერესებულ კომპანიას ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს.

გამონაკლისი გვაქვს - ეს არის ისტორიული უბნები, სადაც დავალება მიცემული გვაქვს და უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ ჩვენს ხედვას, გეგმას, როგორ ვხედავთ ისტორიულ უბნებში შენობა-ნაგებობების მოწესრიგებას, მათ რეაბილიტაციას, განახლებას, მხოლოდ თბილისის განვითარების ფონდის სამუშაოებზე რომ არ ვიყოთ დამოკიდებული და ამასთან დაკავშირებითაც მოგაწვდით ინფორმაციას. ძალიან მალე, მათთვისაც წარმოვადგენთ კონკრეტულ პროგრამას, კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ უნდა მოხდეს რეაბილიტაცია“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა