სახალხო დამცველის კონსილიუმის მხრიდან არც ანალიზები და არც სხვა კვლევის შედეგები არ ყოფილა ნანახი და უბრალოდ განცხადებების კეთება კლინიკის კიბეებზე და რაღაც ახალი დიაგნოზების ხსენება, კუჭის პარეზი ახსენეს, რის საფუძველზე?!, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
ზურაბ ჩხაიძემ სახალხო დამცველის კონსილიუმთან უფრო მეტი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
„მე შემიძლია დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრ ექიმების მიმართ, ნამდვილად თავისი საქმის სპეციალისტები არიან და ჩვენი პატივისცემა მათ, როგორც პროფესიონალებს, მაგრამ ჩვენ გვიჩნდება კითხვები. კონსილიუმი ზოგადად იკრიბება და ეს ნიშნავს ექიმთა აზრთა ურთიერთგაზიარებას, რომ ნანახი იქნეს პაციენტი, მისი კვლევის უახლესი შედეგები, აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს მკურნალი ექიმების აზრი, ჩვენი აზრი, შევჯერდეთ და შესაბამისად, უნდა იყოს რეკომენდაციები. ამ კონსილიუმის მხრიდან ვერც პირველ და ვერც ბოლო შემთხვევაში მსგავსი არაფერი ყოფილა, არც ანალიზები ყოფილა ნანახი, არც სხვა კვლევის შედეგები ყოფილა ნანახი და უბრალოდ განცხადებების კეთება კლინიკის კიბეებზე და რაღაც ახალი დიაგნოზების ხსენება, კუჭის პარეზი ახსენეს, რის საფუძველზე?! კუჭის პარეზი არ არის, პერისტალტირების უნარი კუჭს შენარჩუნებული აქვს და დადასტურებულია ეს CT კვლევის საშუალებით. ჩვენ ვისურვებდით მათთან უფრო მეტ თანამშრომლობას, რომ დაინტერესდნენ კვლევის შედეგებით და მოისმინონ ჩვენი აზრი. რაც უფრო მეტი კონსულტანტი და რაც უფრო მეტი აზრთა ურთიერთგაზიარება იქნება, ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. მე მესმის პაციენტის მდგომარეობა და ნებისმიერი პატიმრის მიზანია თავისუფლების მოპოვება, მაგრამ ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ეს მოხდეს კლინიკის ავტორიტეტის კომპრომეტირების ხარჯზე, ჩვენი ექიმების, პროფესიონალების ავტორიტეტის ხარჯზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა პაციენტის ბედი გვაწუხებს, მისი ახლანდელი მდგომარეობა და მომავალი ბედი, მაგრამ მიზანი რაც გააჩნია პაციენტს, რომ ეს მოხდეს კლინიკის ავტორიტეტის ხარჯზე, ამას ვერცერთ ვარიანტში ჩვენ ვერ დავუშვებთ“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"