პარლამენტის დელეგაციამ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-10 პლენარულ სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს დელეგაციამ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, კიშინიოვში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეათე პლენარულ სესიაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ასამბლეის ფარგლებში გაიმართა დებატები თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შემდეგ. ახალი რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტი, გამოწვევები და შესაძლებლობები“, რომლის ფარგლებშიც ასამბლეის წევრებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

,,რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ ცხადი გახადა, რომ ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა აღმოსავლეთ სამეზობლოში მშვიდობის გარეშე შეუძლებელია. ცხადია, რომ საჭიროა აღმოსავლეთ პარტნიორობის განახლებული სტრატეგიული ხედვა და კონკრეტული ნაბიჯები, იმისათვის რომ გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს“, - განაცხადა პლენარული სესიის მთავარ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ მან ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებსა და მიღწეულ პროგრესზე, ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასათვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებასთან დაკავშირებით და შემდგომი ნაბიჯების დროულად გადადგმის საჭიროებაზე.

,,საქართველო ახორციელებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციას. ამაყად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენ არ დავიშურეთ ძალისხმევა რეკომენდაციების შესასრულებლად და გვაქვს ხელშესახები პროგრესი ყველა მიმართულებით. რეკომენდაციების შესრულების პარალელურად, ვაგრძელებთ ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებას, რათა საქართველო უფრო მეტად გახდეს თავსებადი ევროკავშირთან. პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ნათლად არის ასახული ევროკომისიის შეფასების დოკუმენტში და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ძალისხმევის და გაწეული მუშაობის შესაბამისად, საქართველოს მიენიჭება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, გავაგრძელებთ ევროკავშირში ინტეგრაციის გზას“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ კომიტეტების მიერ შემუშავებული რეზოლუციები მიიღო, რომელშიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრების მიერ წარდგენილი წინადადებები აისახა.

„ პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის მიერ შემუშავებული რეზოლუცია ხაზს უსვამს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კარგი მმართველობის ხელშეწყობის მნიშვნელობას.

რეზოლუცია მიესალმება ევროკომისიის მიერ 2022 წლის 23 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებას მოლდოვასა და უკრაინისათვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის, ხოლო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ასევე, უნდა მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

რეზოლუციაში ასევე, საუბარია საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე სხვადასხვა მიმართულებით და მოუწოდებს ევროკავშირს, გაფართოების პროცესი განხორციელდეს დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესის შესაბამისად და შეფასებისას მხედველობაში იქნას მიღებული საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ განხორციელებული რეფორმები.

რეზოლუცია ასევე ეხმაურება უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებს და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში განვითარებულ საომარ მოქმედებებს და მოლდოვასა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, მიესალმება ევროკავშირის უპირობო მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართულებით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საპარლამენტო ასამბლეამ ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის მიერ საქართველოს პარლამენტის წევრის მაია ბითაძის თანაავტორობით მომზადებული რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ენერგო უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია როგორც ევროკავშირის, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეროვნულ უსაფრთხოებასთან, სწორედ ამიტომ, საჭიროა განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება.

„ენერგეტიკული უსაფრთხოება არის ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილი. სწორედ ამიტომ მწვანე ენერგიაზე გადასვლა უნდა განიხილებოდეს, როგორც პასუხი ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, როგორც ევროკავშირის ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელმაც სამწუხაროდ, ბოლო 30 წელში გამოიარა სამხედრო აგრესია რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ქვეყანა, რომელიც დამოკიდებული იყო რუსეთის ბუნებრივ აირზე, რომელმაც 2006 წელს გამოცადა ენერგეტიკული ემბარგო და 2008 წელს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია. სამხედრო ოკუპაცია კვლავ გრძელდება და საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. სამწუხაროდ, საქართველოსთვის კარგად არის ცნობილი რუსეთის მხრიდან ენერგო რესურსების პოლიტიკურ იარაღად გამოყენება. სწორედ ამიტომ და ასევე, კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით, საჭიროა მიღებულ იქნეს ყველა ზომა, როგორც ევროკავშირის ისე აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მიერ, რათა უფრო სწრაფად მოხდეს მწვანე ენერგიის წყაროების მაქსიმალური ათვისება. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ევროკავშირის მხრიდან უწყვეტი მხარდაჭერა არის უმნიშვნელოვანესი, რათა შეიქმნას ტექნიკური შესაძლებლობები დამაკავშირებელი პროექტებისათვის, მათ შორისაა საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგოუსაფრთხოებაში“, - განაცხადა რეზოლუციის თანაავტორმა მაია ბითაძემ.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა 2023 წლის 19-21 თებერვალს კიშინიოვში გაიმართა, რომელშიც ევროპარლამენტის წევრებთან ერთად, აზერბაიჯანის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის პარლამენტის წევრები მონაწილეობდნენ. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას წარმოადგენდნენ: მაკა ბოჭორიშვილი, მიხეილ სარჯველაძე, მაია ბითაძე, ლევან ქარუმიძე, გიორგი ხელაშვილი და გიორგი ვაშაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო