საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ორი სარჩელი არ დააკმაყოფილა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1546 და №1595 კონსტიტუციური სარჩელები („მედეა გვაზავა და ჯულიეტა არჩვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენს ნოტარიუსის, ზღვრული ასაკის მიღწევის გამო, ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს, ასევე განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრის დისკრეციულ უფლებამოსილებას სათანადო წინაპირობების არსებობისას ნოტარიუსის უფლებამოსილების ვადის არაუმეტეს 5 წლით გაგრძელების თაობაზე.

„მოსარჩელეთა აზრით, სადავო ნორმები წინააღმდეგობაშია საჯარო თანამდებობის დაკავებისა და შეუფერხებლად განხორციელების, ასევე სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებებთან. მათთვის გაურკვეველია, 65 წლის ასაკის მიღწევა რატომ გამორიცხავს ნოტარიუსის მიერ თავისი საქმიანობის სათანადოდ განხორციელებას და მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმები ბლანკეტურად, პირის ინდივიდუალური მდგომარეობის შეფასების გარეშე, ადგენს ნოტარიუსის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს, რაც ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს. მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა პოზიციით, საჯარო თანამდებობის შეუფერხებელი განხორციელებისა და სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებით დაცულ სფეროებში ჩარევა სახელმწიფომ განახორციელა სანოტარო სფეროში როტაციის პრინციპის უზრუნველყოფის მიზნით, რაც თაობათა შორის შესაძლებლობების სამართლიანი გადანაწილებით მიიღწევა. მათი განმარტებით, ძველი კადრის სამსახურიდან გათავისუფლების გვერდის ავლით, შეუძლებელია კანონმდებელმა დასახულ მიზანს მიაღწიოს თუნდაც სხვა ნაკლებადმზღუდველი საშუალების გამოყენებით, რომელიც იმავე ეფექტურობით შეუწყობს ხელს ახალი კადრის შემოდინებას. მათი მტკიცებით, სანოტარო სფეროში კადრთა გადანაცვლების უწყვეტი ციკლი საბოლოოდ უზრუნველყოფს საზოგადოებისათვის ხარისხიანი სანოტარო მომსახურების მიწოდებას“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ნოტარიუსი საჯარო თანამდებობის პირია და მას სახელმწიფო მიზნების შესასრულებლად აკისრია კანონმდებლობით მკაცრად დადგენილი ფუნქციები და მოვალეობები, რომელთა ეფექტიანად შესრულების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ასევე ნოტარიუსთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენის, მათ მიერ ახალი უნარების შეძენისა თუ, ზოგადად, ნოტარიუსის მიზნების მიღწევის ეფექტიანობის გაზრდის კუთხით, თაობათა შორის შესაძლებლობების სამართლიანი გადანაწილების მენეჯმენტური მეთოდი წარმოადგენს ღირებულ საჯარო ლეგიტიმურ მიზანს.

„დამატებით, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნოტარიუსის მიერ თანამდებობის განუსაზღვრელი ვადით დაკავების შემთხვევაში, ახალი კადრი, რომელსაც სურვილი ექნებოდა გამხდარიყო ნოტარიუსი და მონაწილეობა მიეღო სამოქალაქო ურთიერთობების ფარგლებში მოქალაქეთა იურიდიული დახმარების პროცესში, მოკლებული იქნებოდა შესაძლებლობას, მოეხდინა საკუთარი უნარების პრაქტიკაში რეალიზაცია. ამისთვის, სამსახურიდან გათავისუფლების სადავო ნორმით გათვალისწინებული საფუძვლის არარსებობის პირობებში, იგი იძულებული იქნებოდა, დალოდებოდა ნოტარიუსის თანამდებობის გათავისუფლებას ნოტარიუსის გარდაცვალების, მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა თუ სხვა შესაბამისი საფუძვლის არსებობის გამო. ამავდროულად, სასამართლომ განმარტა, რომ ნოტარიუსი არის მოქალაქის მიუკერძოებელი და სანდო მრჩეველი. ნოტარიუსის მიერ დამოწმებულ დოკუმენტს აქვს უდავო მტკიცებულებითი ძალა. ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას. აქედან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ სანოტარო სფეროში როტაციის პრინციპის უზრუნველყოფა თაობათა შორის შესაძლებლობების სამართლიანი გადანაწილების მეშვეობით, რომელსაც თან სდევს საზოგადოებისათვის ნოტარიუსის მომსახურების შეუფერხებელი და ეფექტიანი ხელმისაწვდომობა, ცალსახად მიმართულია დაპირისპირებულ ინტერესთა შორის სწორი და სამართლიანი ბალანსის დადგენისაკენ.

სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნორმას გააჩნია ბლანკეტური ხასიათი, ინდივიდუალური შეფასების შესაძლებლობის არარსებობა სწორედ იმით არის გამართლებული, რომ სანოტარო სფეროში როტაციის პრინციპის უზრუნველყოფის მიღწევა განხორციელებადია მხოლოდ ახალი კადრის შემოდინების ხელშეწყობის გზით და დასაშვებია მხოლოდ ამგვარი ბლანკეტური შეზღუდვის დაწესებით. სხვა შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებოდა ნოტარიუსის უფლებას შეუფერხებლად და განუსაზღვრელი ვადით გაეგრძელებინა საქმიანობა დაკავებულ საჯარო თანამდებობაზე. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიების ლეგიტიმური მიზნების დაცვის საჭიროება კონსტიტუციურად უპირატესია ნოტარიუსის ინტერესთან, ზღვრული ასაკის მიღწევის მიუხედავად, ეკავოს თანამდებობა. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო ნორმით სამართლიანად არის დადგენილი ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის და ნორმა შეესაბამება თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს. სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ ნოტარიუსის ზღვრული ასაკის მიღწევა არ წარმოადგენს გარემოებას, რომელიც თავისთავად იწვევს ადამიანის იმგვარი უნარების დაქვეითებას, რომელიც აუცილებელია ნოტარიუსის ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებისთვის. ამგვარი ასაკის დაწესება გამომდინარეობს არა ნოტარიუსის უნარების დაქვეითებიდან, არამედ, საკუთრივ, ლეგიტიმური მიზნის არსიდან.

შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო ნორმით დადგენილი განსხვავებული მოპყრობის კანონით დაწესება არ წარმოადგენდა შესაბამისი სარწმუნო და დამაჯერებელი დასაბუთების საფუძველზე აკრძალულ დიფერენციაციას ასაკის ნიშნით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილების კონსტიტუციურობის შეფასებისას, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული სადავო ნორმა უფლებააღმჭურველი ხასიათისაა. მოსარჩელის პრობლემა კი მომდინარეობდა არა აღმჭურველი საგამონაკლისო წესიდან, არამედ ჩანაწერიდან, რომელიც ზოგადად კრძალავს ნოტარიუსის მიერ საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას 65 წლის მიღწევის შემდეგ. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, აზრს მოკლებულია საგამონაკლისო წესის, როგორც უფლების ნაკლებადმზღუდველ საშუალებად განხილვა, ვინაიდან „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებით გათვალისწინებული საგამონაკლისო წესი ზოგადი აკრძალვიდან, წარმოადგენს აღმჭურველი ბუნების ნორმას, რომელიც არ წარმოშობს უფლებაში ჩარევის შესაბამის წინაპირობებს. დავის საგანი: ა) „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის (2022 წლის 5 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებისა (2022 წლის 5 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა,“ (2022 წლის 5 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით“,- აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო